
პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებში დროებითი მართვის რეჟიმის შემოღება გახდა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, იძულებითი ღონისძიება იმ საწარმოებს შეეხება, რომელთა მფლობელებიც საკუთარ ქონებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებისაგან ეფექტიანად ვერ დაიცავენ.
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში ენერგეტიკული, კომუნიკაციების, კომუნალური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების საწარმოები მოხვდა. ამასთან, დოკუმენტი გავრცელდება სხვა ნებისმიერ ინფრასტრუქტურაზეც, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ახალი წესების მიხედვით, დროებით მმართველად სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალური სააგენტო ან მთავრობის მიერ უფლებამოსილი სხვა უწყება დაინიშნება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დროებით მმართველს საწარმოს უძრავ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და სხვა აქტივებზე სრული უფლებები გადაეცემა. ამასთან, ჩამორთმეული ობიექტების მოვლა-პატრონობისა და შენახვის ხარჯები უშუალოდ ამავე საწარმოების მიერ გენერირებული შემოსავლებიდან დაფინანსდება. შესაბამისი განკარგულება ძალაში უკვე შევიდა.
კრემლის აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინული მხარის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელებულ რეგულარულ იერიშებს უკავშირდება.
პუტინის თქმით, ბიზნესმენი, რომელიც საკუთარ ბიზნესს შეტევებისგან ვერ იცავს, ამ აქტივის ფლობის ღირსი არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge