
როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?
კრემლმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება შეაფასა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ ერევანი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციაში წევრობის საჭიროებას ვერ ხედავს, მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და ალიანსის დამოუკიდებლად დატოვება შეუძლია.
კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ აქამდე სომხური მხარე მხოლოდ წევრობის შეჩერებაზე საუბრობდა და ორგანიზაციიდან გამოსვლას არ გეგმავდა.
როგორც ირკვევა, რუსეთის პოზიცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან კუხო-დან სომხეთის შესაძლო გარიცხვაზე ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, იგი კმაყოფილი დარჩება, თუ ალიანსი ქვეყნის გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ეს ერევანს ორგანიზაციის დატოვების შესახებ არჩევანის გაკეთების ვალდებულებისგან გაათავისუფლებს. სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესი კუხო-ს მიმართ სრულად ამოწურულია.
ამასთან, მოსკოვსა და ერევანს შორის სამართლებრივი და პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა. სომხეთმა 2024 წლიდან შეწყვიტა ორგანიზაციის საწევრო შენატანების გადახდა და ფაქტობრივად გაყინა თავისი მონაწილეობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს წესდების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო სომხეთს 2026 წლის 11 ნოემბერს კუხო-ში ხმის უფლება შესაძლოა ჩამოერთვას.
ცნობისთვის, სომხეთსა და კუხო-ს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და საზღვრისპირა შეტაკებების შემდეგ გაუარესდა, როდესაც ერევანმა სამხედრო ალიანსი მოკავშირეობრივი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
BM.GE
წყარო: bm.ge