
“ქალაქი ელოდება გენგეგმას… ვფიქრობ, ამის მერე დაიწყება ფოთში მასიური მშენებლობები”- “ფოთი რეალტორი”
ქვეყნის დიდი ქალაქების მსგავსად უძრავი ქონების ბაზარი რეგიონის ქალაქებშიც სტაბილურად იზრდება. გააქტიურებულია ფოთის უძრავი ქონების ბაზარიც. ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად მიჩნეული ქალაქი, ახლა ტურისტულ პოტენციალსაც აქტიურად ითვისებს, რაც სპეციალისტების თქმით, დეველოპერული სექტორის დაინტერესებას იწვევს.
“ფოთი რეალტორის” დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთში 10-მდე სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, ორი კი უკვე დასრულებულია. მოლოდინია, რომ ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცება ფოთს ინვესტირებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
“უძრავი ქონების ბაზარი ფოთში ახლა გარდამავალ ეტაპს გადის. მიმდინარეობს რამდენიმე პატარა პროექტი, ხუთსართულიანი კორპუსების მშენებლობები, მაგრამ იგეგმება ასევე მრავალსართულიანი ბინების, აპარტოტელების მშენებლობები მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლში. ამ ეტაპზე ქალაქი ელოდება გენგეგმის დამტკიცებას, რომელიც გულისხმობს როგორც მალთაყვის განაპირა განაშენიანების გეგმას, ასევე მთელი ქალაქის გეგმას.
მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში შეზღუდულია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და დაშვებულია ძირითადად დაბალსართულიანი განაშენიანება. ვისაც აქამდე შერჩეული ჰქონდა მიწის ნაკვეთი, ან ფლობდა, ან აპირებს შეიძინოს კომერციული დანიშნულებით, უფრო დამოკიდებული იქნება გენგეგმის მიხედვით რისი გასაქანი ექნება მის პროექტს. ვფიქრობ, ამის მერე წავა მასიური მშენებლობები ფოთში.
ფოთში არ არის რა თქმა უნდა ისეთი ბუმი, როგორც თბილისსა და ბათუმში, მაგრამ ფოთის პირობაზე ძალიან განვითარდა დეველოპერების ინტერესი და ფასების ზრდაც შეიმჩნევა რა თქმა უნდა გასულ წლებთან შედარებით.
პირველად ბაზარზე ფასები დაახლოებით 750-დან 1000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო მეორად ბაზარზე 700-დან 850 დოლარამდეა”,-აცხადებს BM.GE-სთან სოფო გრძელიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge