
ქართულ ბაზარზე ბერძნული იოგურტის ახალი ბრენდი "ნამიერი" გამოჩნდა
საქართველოში ჯანსაღი კვების მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად, რძის პროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე ახალი ბრენდი - "ნამიერი" გამოჩნდა, რომლის მთავარი მიმართულებაც ბერძნული იოგურტის წარმოებაა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნატალია ჯარიაშვილი, BM.GE-სთან საუბარში განმარტავს, იდეა პირადი გამოცდილებიდან და ბაზარზე არსებული თავისუფალი ნიშის აღმოჩენიდან გამომდინარე გაჩნდა.
მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე მომხმარებლისთვის ნატურალური, მაღალცილოვანი პროდუქტი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით არჩევანი აქამდე შეზღუდული იყო.
"მომხმარებელი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს პროდუქტის შემადგენლობას, ცილის მაღალ შემცველობასა და, რაც მთავარია, ხარისხს. ადგილობრივ ბაზარზე დაკვირვებისას აღმოვაჩინეთ, რომ არჩევანი საკმაოდ შეზღუდული იყო, ხოლო იმპორტული პროდუქციის დიდი ნაწილი კონსერვანტებსა და სხვადასხვა დანამატს შეიცავდა. ამ დაკვირვებამ მარტივ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა: თავად შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ჩვენს საჭიროებებს უპასუხებდა", - აცხადებს ნატალია ჯარიაშვილი.
"ნამიერის" დამფუძნებლის განმარტებით, პროდუქტის მთავარი მახასიათებელი მისი სუფთა შემადგენლობაა - იგი ხელოვნური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე მზადდება. წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს კომპანია ამ ეტაპზე ადგილობრივი პარტნიორი ფერმერებისგან იღებს.
"ნედლი რძის ყოველი პარტია წარმოებაში შესვლამდე დეტალურ მონიტორინგს გადის, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მისი სისუფთავე, ცხიმიანობა და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები", - აღნიშნავს დამფუძნებელი.
საწარმოს ასამოქმედებლად საჭირო ფინანსური რესურსი სრულად დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით მობილიზდა. კომპანიის დამფუძნებელი საინვესტიციო თანხის ზუსტი ოდენობის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ განვითარებაც საკუთარი სახსრებით გრძელდება. სამომავლოდ კი, წარმოების გაფართოების მიზნით, სხვადასხვა საგრანტო თუ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაც განიხილება.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, დამფუძნებლის თქმით, იგი უშუალოდ პროდუქტის თვითღირებულებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ბერძნული იოგურტის ტექნოლოგია განსხვავებულ რესურსს მოითხოვს.
"ნამდვილი, ბერძნული იოგურტის მისაღებად საჭიროა რამდენჯერმე მეტი რაოდენობის ნედლი, მაღალი ხარისხის რძე. ჩვენ არ ვიყენებთ იაფფასიან შემავსებლებს, დანამატებსა და მცენარეულ ცხიმებს თვითღირებულების ხელოვნურად შესამცირებლად. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ხარისხიანი და ნატურალური პროდუქტი სამართლიან ფასად შევთავაზოთ", - განმარტავს ნატალია ჯარიაშვილი.
ბრენდის Facebook გვერდის თანახმად, პროდუქციის ღირებულება 16-დან 26 ლარამდე მერყეობს, ფასდაკლების შემთხვევაში კი - 12.5-დან 17.5 ლარამდე.
ამჟამად "ნამიერის" ბერძნული იოგურტი თბილისის მასშტაბით რამდენიმე პარტნიორ, ე.წ. უბნის მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. ბრენდის შემდგომი განვითარების გეგმა მსხვილ სავაჭრო ქსელებში შესვლას უკავშირდება, რისთვისაც რამდენიმე ობიექტთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
"ასევე მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. ცოტა ხნის წინ, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, 500-გრამიანი შეფუთვაც დავამატეთ, იმისთვის, რომ არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. სამომავლოდ კი ვგეგმავთ ულაქტოზო იოგურტის დამატებას, რადგან ვხედავთ, რომ მასზე მოთხოვნა იზრდება", - ამბობს "ნამიერის" დამფუძნებელი.
გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმოების ზრდასთან ერთად, დამფუძნებლები საკუთარი ფერმის მიმართულების განვითარებასაც განიხილავენ.
BM.GE
წყარო: bm.ge