
"ქართული ბიზნესგარემოსთვის ლოგისტიკის მართვის აუთსორსზე გატანა დაბალი მოგებიანობის გამო გამოწვევაა" - JAY Warehouse
"ქართული ბიზნესგარემოსთვის ლოგისტიკის მართვის აუთსორსზე გატანა (3PL სერვისი) ერთგვარი გამოწვევაა დაბალი მოგებიანობის გამო", - ამის შესახებ BMG-სთან JAY Warehouse-ის დამფუძნებელი კოკო ფერგიუსონი აცხადებს. საქართველოში ლოგისტიკური ოპერაციების ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, ლილოში 17,000 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობს მართავს.
მისი თქმით, მაშინ, როცა ადგილობრივი ბიზნესმენების მოლოდინი ხშირად 40%-იან მარჟას უკავშირდება, ამ ბაზარზე ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია.
„ვფიქრობ, 3PL-ის ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ იგი არ არის ძალიან მოგებიანი. იცით, ქართველი ბიზნესმენების უმეტესობა 40%-იან მარჟაზე ნაკლებისთვის საწოლიდანაც არ ადგება, 3PL-ში კი მოგება 10% და ნაკლებია. მისი ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ყოველ თვე, მუდმივად, ერთი და იგივე მარჟა გექნება. თუმცა, შედარებისას ისე ჩანს, თითქოს არ ღირს. ვფიქრობ, ბოლო 5 წელში დავამტკიცეთ, რომ საიმედოობა ამად ღირს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სერვისების განვითარებაზე ფოკუსირება არ ხდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აძლევთ ჩემნაირ ადამიანებს აქ ოპერირების საშუალებას - ქაღალდზე ეს არც ისე მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ არის საიმედო და სტაბილური“, - აცხადებს კოკო ფერგიუსონი BMG-სთან.
მისივე შეფასებით, 3PL სერვისის ბაზარზე წარმატების გარანტი ბიზნესში სრულად ინტეგრირებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა.
„ჩვენ ვმართავთ „კარფურის“ ლოგისტიკას, რომელსაც 100-ზე მეტი მაღაზია აქვს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გვაქვს, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული მათ ბიზნესში. ასე რომ, ეს მათთვის მარტივი ნაბიჯი იყო.
ლილოში 17,000 კვადრატულ მეტრს ვამუშავებთ - მშრალი საწყობი, ნედლეული, მრავალმხრივი ოპერაციები. საქმიანობა 5 წლის წინ დავიწყეთ და მას შემდეგ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან ვთანამშრომლობთ, როგორიცაა „სენსეი“ , ასევე მხოლოდ პროგრამულ მომსახურებას ვუწევთ კომპანიებს, მაგალითად „დრესაპს“. ვფიქრობთ, რომ მესამე მხარის ლოგისტიკა საინტერესო ბაზარია. მოთხოვნა იმ კომპანიებისგანაა, რომელთაც საკუთარი ფართის ფლობისა და მშენებლობის „თავის ტკივილი“ არ სურთ. მათ უნდათ მოქნილობა, რათა მარკეტინგზე ფოკუსირდნენ და სანდო პარტნიორთან ითანამშრომლონ“ - ამბობს JAY Warehouse-ის დამფუძნებელი.