
ქართული ტექნოლოგიებისა და კულტურის ტრიუმფი SiGMA Rome-ზე: SPRIBE iGaming ინდუსტრიის ლიდერობას ინარჩუნებს
რომში გამართული SiGMA World 2026, რომელიც iGaming სფეროს მთავარ გლობალურ პლატფორმად მიიჩნევა, წელს 30 ათასზე მეტ საერთაშორისო სტუმარსა და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას მასპინძლობდა. ამ გრანდიოზულ ასპარეზზე წლის მთავარი აღიარება ქართულმა დეველოპერულმა კომპანია SPRIBE-მა მოიპოვა, რომლის გამორჩეული სტენდიც საგამოფენო სივრცის მიზიდულობის ცენტრად იქცა.
Fiera Roma-ს საექსპოზიციო დარბაზში ათასობით ვიზიტორის ყურადღება, პირველ რიგში, SPRIBE-ის ქრაშ-ტიპის თამაშმა Aviator-მა მიიქცია, რომლის გვერდითაც კომპანიამ თავისი სხვა ინოვაციური პროდუქტებიც წარადგინა. თუმცა SPRIBE-მა იტალიის დედაქალაქში მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევები არ ჩაიტანა. საგამოფენო სივრცეში შეკრებილებს კომპანიამ ქართული კულტურაც ფართოდ გააცნო - სამდღიანი ექსპოზიციის ერთ-ერთი დღე ქართული ცეკვის შთამბეჭდავი პერფორმანსით გაიხსნა.
„SiGMA-ზე ყოველწლიურად 30 000-ზე მეტი ადამიანი, ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები და ლიდერები იყრიან თავს. ტრადიციულად, SPRIBE-ს ყველაზე გამორჩეული და საამაყო სტენდი ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის გაზიარება შევძელით. ვცდილობთ, ქართული სული ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ. მათ ეს ძალიან ხიბლავთ და ჩვენ შორის მჭიდრო კავშირს ამყარებს, ბიზნესში კი ასეთ ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO.
საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირს ეფუძნება ურთიერთობა UFC-ს ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან, რომელიც რომში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. იტალიის დედაქალაქში ჩავიდა UFC-ს ცნობილი ამერიკელი კონტენტკრეატორი ნინა დრამაც. SPRIBE-ის ფლაგმანი თამაშის AVIATOR-ის ამბსადორებთან სტუმრებს სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სტენდის კიდევ ერთმა ექსკლუზიურმა კუთხემ, სადაც მსოფლიოში ცნობილი საათების ბრენდის Jacob & Co-ს უნიკალური მოდელები იყო წარმოდგენილი. ვიზიტორებს მათი მორგების შანსიც მიეცათ.
წარმატებული წარდგენა გლობალური აღიარებით დასრულდა. SiGMA World 2026-ზე „სპრაიბმა“ სამი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კომპანია ბაზარზე უმაღლეს სტანდარტს ქმნის.
„iGaming ინდუსტრიაში სამი მთავარი, ყველაზე მასშტაბური ექსპოზიცია იმართება ბარსელონაში, ლისაბონსა და რომში. ძალიან საამაყოა, რომ ყველა ამ გლობალურ პლატფორმაზე SPRIBE მოგებული პრიზების რაოდენობით მუდმივად ტოპ-სამეულშია. რომის SiGMA-ზე მოპოვებული ეს სამი ჯილდო კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ მივყვებით ბაზარს, არამედ თავად ვქმნით ინდუსტრიის სტანდარტს და გლობალურ ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - დავით ნატროშვილი.
რომის საგამოფენო დღეების პარალელურად, SPRIBE-მა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პარტნიორები ისტორიულ Villa Miani-ში ექსკლუზიურ მიღებაზე შეკრიბა. დახურულ საღამოზე სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული, ავთენტიკური ხასიათი შესძინა.
ქართველი ბიზნესმენის, დავით ნატროშვილის მიერ 2018 წელს დაფუძნებული SPRIBE დღეს გლობალური iGaming ინდუსტრიის ლიდერი და ისეთი გიგანტების პარტნიორია, როგორებიცაა UFC, AC Milan და WWE. კომპანიის წლიური შემოსავალი 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ჯამური საბაზრო შეფასება დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარია.
BM.GE
წყარო: bm.ge