
ქართველი მოზარდები სკოლაში გაჯეტებით გართობას თითქმის იმდენივე დროს უთმობენ, რამდენსაც სწავლას - PISA 2025
საქართველოში მოსწავლეთა დიდი ნაწილი სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო გაჯეტებით ყურადღების გაფანტვა მათ აკადემიურ მოსწრებაზე მკვეთრ უარყოფით გავლენას არ ახდენს - ამის შესახებ ცნობილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA) 2025 წლის კვლევის ანგარიშიდან ხდება.
საქართველოში შეფასების პროცესში 265 სკოლის 6 855 მოსწავლე ჩაერთო. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში მცხოვრები 15 წლის მოზარდების საერთო რაოდენობის – დაახლოებით 53 900 მოსწავლის – 93%–ს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეები სკოლაში სასწავლო მიზნებისთვის ციფრულ მოწყობილობებს დღეში საშუალოდ 1.2 საათს უთმობენ, რაც OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე (1.7 საათი) ნაკლებია.
ამასთანავე, სასკოლო დღეებში ეკრანთან გატარებული დროის მნიშვნელოვანი ნაწილი არააკადემიურ აქტივობებს ეთმობა: ქართველი მოზარდები სკოლაში გართობის მიზნით ციფრულ მოწყობილობებს დღეში საშუალოდ 1.1 საათს იყენებენ (რაც ზუსტად ემთხვევა OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს).
ამასთან, საქართველოში მოსწავლეთა 30% აღნიშნავს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილების უმეტესობაზე ან ყველა გაკვეთილზე მათი თანატოლების ყურადღება ციფრული მოწყობილობების გამოა გაფანტული (OECD-ის საშუალო: 28%).
OECD-ის ქვეყნების საშუალო მონაცემებით, მოსწავლეები, რომლებიც ციფრულ ყურადღების გაფანტვაზე მიუთითებენ, ტესტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კომპონენტში 11 ქულით ნაკლებს იღებენ.
თუმცა, ორგანიზაციის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების მცირე ჯგუფშია, სადაც ციფრული ყურადღების გაფანტვა მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას არ ქმნის: 2022 წლიდან 2025 წლამდე ქართველმა მოსწავლეებმა შედეგები ყველა კომპონენტში გაიუმჯობესეს.
რაც შეეხება სკოლებში სმარტფონების აკრძალვის პრაქტიკას:
• OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლით, იმ სკოლებში, სადაც მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალულია, მოსწავლეთა ყურადღების გაფანტვის ალბათობა 13%-ით ნაკლებია. • 2025 წელს საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 23% სწავლობდა ისეთ სკოლებში, სადაც მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს (OECD-ის საშუალო: 49%). • ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2022 წლის მონაცემთან შედარებით, როდესაც ის 30%-ს შეადგენდა (მაშინ OECD-ის საშუალო 34% იყო).
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლის პროცესში
PISA 2025-ის სასკოლო დავალებების შესასრულებლად მოსწავლეები სულ უფრო ხშირად ეყრდნობიან ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტებს. საქართველოში მოსწავლეთა 42% აცხადებს, რომ AI-ს სწავლაში დასახმარებლად კვირაში ერთხელ მაინც იყენებს (OECD-ის საშუალო: 46%).
ამასთან, მოსწავლეთა მხოლოდ 14%-მა აღნიშნა, რომ სასკოლო დავალებებისთვის ხელოვნური ინტელექტი არასდროს ან თითქმის არასდროს გამოუყენებია (რაც სრულად ემთხვევა OECD-ის საშუალო მაჩვენებელს).
ქართველი მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად შემდეგი მიზნებისთვის მიმართავენ:
• წერითი დავალებებისთვის ტექსტის შავი ვერსიის/მონახაზის მომზადება - 33% (OECD: 29%); • ახალი თემის წინასწარი კვლევა - 32% (OECD: 31%); • წასაკითხი ტექსტის შეჯამება - 31% (OECD: 30%).
BM.GE
წყარო: bm.ge