
ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსი Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი აშენდება - პროექტის საინვესტიციო მოცულობა $300 მილიონია
ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსი მოიცავს სასტუმრო, საკონფერენციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.
მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში თანამედროვე ტურისტულ, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანია Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, Swissôtel-ის სახელით განხორციელდება. Swissôtel Accor-ის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
საზეიმო ცერემონიის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინვესტორებმა პროექტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.