
"ქოჩორას ვენახების" ღვინის გაყიდვა დაიწყო - გიორგი ქოჩორაშვილის საოჯახო მეურნეობა კარდენახში
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური „სპორტინგის“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ღვინის წარმოება დაიწყო. „ქოჩორას ვენახები“ - ასე ეწოდება ღვინის ახალ ბრენდს, რომლის გაყიდვებიც საქართველოს სასმლის სარეალიზაციო ობიექტებში დაახლოებით ერთი კვირაა დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში არსებულ საოჯახო მეღვინეობის ისტორიასა და ბრენდირებაზე, ფეხბურთელმა კომპანიის Facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეო რგოლში ისაუბრა.
„ახლა კარდენახის მარან „ალაზანში“ ვართ, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ოცნებები, რომლებიც არამხოლოდ მე არამედ ჩემს პაპას ჰქონდა, რეალობად გვექცია. ეს იდეა იქიდან გამომდინარე გაჩნდა, რომ ვიცოდი რამხელა შრომა ჰქონდა ჩადებული პაპას და როდესაც ვენახში ჩადიოდა, მეც თუ საშუალება მქონდა მასთან ერთად მივდიოდი. სამწუხაროდ, პაპას არ მიეცა იმის საშუალება რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა, რაც მე და ჩემს ოჯახს გეგმაში გვაქვს - გვინდა, პაპას სახელით ეს ყველაფერი გავაკეთოთ და ქოჩორას ვენახებიდან ის ღვინო ჩამოვასხათ, რომელიც არამხოლოდ ღვინოა, არამედ ასახავს იმ ტრადიციას, რომელიც საქართველოს და ჩვენ გვაქვს. პატარა სუფრა იქნება თუ სამეგობრო წრე, რომ უკეთესად გავუზიაროთ გულისწუხილი და სიხარული“, - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ქოჩორას ვენახები“ 2026 წლის თებერვალში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილია. კომპანიის ხელმძღვანელი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მამა-პაპეული ვენახი კარდენახში, ვაზის სამ განსხვავებულ მიკროზონაშია და ღვინის წარმოებაც, თავდაპირველად მცირე 3 000-ბოთლიანი მოცულობებით სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული ყურძნით აუთსორსზე დაიწყეს.
„მამაჩემი, გიორგის პაპა რობიზონ ქოჩორაშვილი მევენახეობის და მეღვინეობის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორი იყო. მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო მევენახეობას და მეღვინეობას და სადოქტორო დისერტაციები, ნამუშევრები და ამ ყველაფერზე შვილებსა და შვილიშვილებსაც ესაუბრებოდა.