
ქუთაისის სასტუმროებში ზამთრის დატვირთულობა მკვეთრად შემცირდა - "ბიზნესი მხოლოდ თავის გადარჩენას ახერხებს"
ქუთაისის სასტუმროებში ზამთრის პერიოდში დატვირთულობა ბოლო ორი წელია მნიშვნელოვნად შემცირდა და ბიზნესი სულ უფრო სეზონური ხდება. ამის შესახებ ქუთაისში მდებარე სასტუმროების Seven Doors-ისა და Boutique Apartment Signature - ის დამფუძნებელმა, ქრისტინე მესხაძემ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით აქტიური წელს ზაფხულის სეზონი იყო. ის აღნიშნავს, რომ ორივე სასტუმრო 100%-ით დაიტვირთა, თუმცა სექტემბრის მეორე ნახევრიდან კლება უკვე შესამჩნევი გახდა.
„დაახლოებით ორი-სამი წლის წინ დატვირთულობის მხრივ ნამდვილად განსხვავებული სტატისტიკა გვქონდა. სეზონურობა ასე მკვეთრად არ იგრძნობოდა და ზამთარშიც საშუალო დატვირთულობა ნარჩუნდებოდა, რასაც ბოლო ორი წლის მონაცემებზე ვეღარ ვიტყვით. გვიანი შემოდგომიდან შუა გაზაფხულამდე დატვირთულობა თითქმის არ იგრძნობა და ბიზნესი მხოლოდ თავის გადარჩენას ახერხებს. სწორედ ამის გამო ვერ შევძელით სასტუმროს გახსნამდე დაგეგმილი ყველა სერვისის ამოქმედება. ფინანსური შემოსავლები ისე არ გაგრძელდა, როგორც გათვლილი გვქონდა, რამაც გარკვეული სერვისების შეთავაზება შეუძლებელი გახადა", - აცხადებს ქრისტინე მესხაძე.
მისი ინფორმაციით, კონკრეტულად Seven Doors-ის ზაფხულის დატვირთულობის 80% საერთაშორისო სტუმრებზე მოდიოდა, 20% კი ადგილობრივებზე. უცხოელ სტუმრებს შორის ყველაზე ხშირად პოლონეთის, გერმანიისა და ისრაელის მოქალაქეები იყვნენ. ასევე გაიზარდა საფრანგეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა.
მესხაძე ამბობს, რომ ზაფხულის დასრულების შემდეგ მთავარი ამოცანა სასტუმროების ცნობადობის გაზრდა და ადგილობრივი სტუმრების მოზიდვაა. ამ მიზნით კომპანია ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობასაც იწყებს.
„100%-ით იყო დატვირთული, აქედან მინდა გითხრათ, რომ 80% იყო საერთაშორისო სტუმრები და მხოლოდ 20% იყო დაახლოებით ადგილობრივები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ნელ-ნელა უფრო გაიცნობს ქართველი ადამიანები და უფრო მეტი მომხმარებელი მეყოლება. ახლა, ვინაიდან უკვე იწყება ნაკლებად დატვირთული სეზონი, განსაკუთრებით მჭირდება გააქტიურება და მოითხოვს ჩვენს პირად რესურსებს ძალიან ბევრს. მე დავიწყე აქტიურად მუშაობა ცნობილ ადამიანებთან, რომ დაგვეხმარონ ცნობადობის გაზრდაში და ეს ავტომატურად გამოიწვევს ამ ციფრის გაზრდას. ვიმედოვნებ, მომავალ წელს ქართველი დამსვენებელი უფრო ბევრი მეყოლება“, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
მესხაძის შეფასებით, ქუთაისში ტურისტების უფრო ხანგრძლივად დარჩენისთვის ქალაქს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული მიმართულების უკეთ დაგეგმვა სჭირდება. მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია კომპეტენტური ადამიანების ჩართულობა და ქალაქის შესაძლებლობების გამოყენება.
BM.GE
წყარო: bm.ge