
ქვეყანაში უცხოური ბანკი რომც შემოვიდეს, ვერ ექნება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები - ფინანსისტი
ფინანსისტი, ფინანსური საკონსულტაციო კომპანია X'ACT-ის დამფუძნებელი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალი უცხოური ბანკების შემოსვლის შემთხვევაში, ისინი ბაზარს არსებულზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ვერ შესთავაზებენ.
როგორც რევიშვილმა BMG-ის "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა, საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს პირველ რიგში ქვეყნის რისკპრემია განაპირობებს.
ამასთან, ვასილ რევიშვილი ამბობს, რომ გარკვეული კითხვები არსებობს, თუ რატომ გახდა საჭირო საბანკო სექტორში დამატებით ლიცენზირების პირობების გამარტივება.
“კითხვის ნიშნები ყოველ შემთხვევაში ისმება იმაზე, რამდენად სწორი ბანკები შეიძლება საქართველოში შემოიყვანონ და რამდენად სწორი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა შეკითხვას ლოგიკური მიზეზი აქვს, ვინაიდან ჩვენი საბანკო სექტორი დღესდღეობით არის ერთ-ერთი უძლიერესი, პროდუქტების დაფარვა, შეთავაზებული პროდუქტები სრულყოფილია. უცხოური ბანკი თუ შემოვა, ის არ შემოვა უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით სესხებზე, ვინაიდან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის ის, რაც უნდა იყოს ქართულ რეალობაში. აქ არ არის ბანკების სიხარბეზე საუბარი, [განაკვეთები] არის ის, რაც უნდა იყოს.
დაბალი პროცენტებით მუშაობა უცხოურ ბანკს აქ არ უღირს. შეიძლება თავდაპირველი ფასები უფრო დაბალი იყოს, თუმცა საკრედიტო რისკისა და თუნდაც ფულის ღირებულების გათვალისწინებით, ძალიან მალე ნახავენ, რომ ეს წარმომადგენლობა მუშაობს ზარალზე. ჩვენ არ ვართ მონაკო ან ისეთი იურისდიქცია, სადაც ერთი ბანკი უნდა გქონდეს. მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში არსებობდეს, ოფისს ზარალზე არცერთი ბანკი არ ამუშავებს”, - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.
როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, სექტორში კონკურენციის ზრდა, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომ საპროცენტო განაკვეთში აისახება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ინიციირებული ცვლილებები ქართულ ბაზარზე ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
BM.GE
წყარო: bm.ge