
ქვეყნის მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების 70% „სილქნეტის“ ხელშია - რა რეგულაციებს ამზადებს კომკომი?
"სატელეკომუნიკაციო სექტორის კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ფიზიკური ინფრასტრუქტურის საბითუმო ბაზარზე, კერძოდ, საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებთან დაშვების ბაზარზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი არსებობს", - ამის შესახებ საუბარია კომკომის 2025 წლის ანგარიშში.
როგორც კომისია წერს, კვლევის მიხედვით, რომელიც ხუთ დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) ჩატარდა, დადგინდა, რომ „სილქნეტი“ პოტენციურად გამოყენებადი საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხების დაახლოებით 70%-ს ფლობს.
„ექსპერტების შეფასებებსა და რეკომენდაციებზე კომუნიკაციების კომისია იმსჯელებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩო საკმარისი არ არის და კონკურენციის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი რეგულაციები, რაც მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი არჩევანის ზრდას, ინფრასტრუქტურაზე თანაბარ დაშვებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს“ - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.
როგორც კომისია ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით წერს, ამ სეგმენტზე ფიქსირდება ისეთი კრიტიკული გამოწვევები, როგორიცაა ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები და ინფრასტრუქტურის დომინანტი მესაკუთრის პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერება. ამის საპასუხოდ, კომისია ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციით ახალ რეგულაციებს ამზადებს, რაც დაშვების პროცედურების სტანდარტიზაციასა და დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს.
"საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების საბითუმო ბაზრებზე ფიქსირდება კონკურენციის ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა: ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, კონკურენციის ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის დომინანტი მესაკუთრის პოზიციის გაძლიერება და არსებული რეგულაციების ნაკლები ეფექტიანობა.
კვლევის ევროპელმა ექსპერტებმა, ბაზრის ეფექტიანი რეგულირების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასრეკომენდაციები მისცეს. ახალმა რეგულაციებმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობა და დისკრიმინაციის აკრძალვა, ასევე, დაშვების პროცედურის სტანდარტიზაცია. გარდა ამისა, რეგულაციებმა ComCom-ს დაშვების პროცესის მონიტორინგისა და საფასო რეგულაციების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობა უნდა გაუჩინოს. აღნიშნული მექანიზმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაა, რაც სამართლიანი, კონკურენტული და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, ხარისხიანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდას და ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს" - აღნიშნულია კომკომის ანგარიშში.
BM.GE
წყარო: bm.ge