
რა ბედი ელის OPEC-ს, თუ მას ვენესუელაც დატოვებს?
ბუნებრივი რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო - ვენესუელა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) დატოვებას განიხილავს, რომლის თანადამფუძნებელიც თავად არის.
როგორც ირკვევა, კარაკასსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების ფონზე, მხარეები ამერიკული მხარისთვის ვენესუელურ საბადოებზე 100-წლიანი იჯარის უფლების გადაცემასა და მსხვილი წილების ფლობას განიხილავენ.
თეთრ სახლთან დაახლოებითა და ორგანიზაციიდან ფორმალური გამოსვლით კარაკასი ისეთი ამერიკული და საერთაშორისო ენერგოგიგანტების ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად, როგორიცაა მაგალითად Chevron-ი.
მართალია, შეზღუდვებისა და სანქციების გამო, ვენესუელა OPEC-ის კვოტებიდან ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა კარტელის საბოლოო დატოვება ქვეყანას სამომავლო მოპოვებითი შეზღუდვებისგან სრულად გაათავისუფლებს. თანაც არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ აშშ-სთან დაახლოების ფონზე, ქვეყანას საერთაშორისო სანქციებიც ეტაპობრივად მოეხსნება.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელის შესაძლო გასვლა სანავთობო კარტელისთვის მძიმე დარტყმა იქნება. არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ანგოლის მიერ ორგანიზაციის დატოვების შემდეგ, ვენესუელის ნაბიჯი ჯგუფის სტრუქტურულ ფრაგმენტაციას გამოიწვევს. საამიროებისა და ვენესუელის ჯამური სიმძლავრე დღეში 5 მილიონ ბარელს აღემატება, რაც კარტელის ძირითადი წევრების ჯამური მოპოვების 17%-ს შეადგენდა. ამასთან, ვენესუელა 304 მილიარდი ბარელით მსოფლიოში ნავთობის უდიდეს დადასტურებულ მარაგებს ფლობს, შესაბამისად, დამფუძნებელი წევრის დაკარგვა გლობალურ ბაზარზე OPEC-ის გრძელვადიან გავლენას მკვეთრად შეამცირებს.
მიუხედავად ამისა, მოკლევადიან პერიოდში ნავთობის მიწოდების კუთხით მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ივლისის მონაცემებით, ვენესუელის დღიური მოპოვება 1.16 მილიონ ბარელს შეადგენდა, რის გამოც მისი გამოჩენა ბაზარზე შოკურ ეფექტს ვერ მოახდენს. თუმცა, აშშ-ის მხარდაჭერით ვენესუელური საბადოების აღდგენამ შესაძლოა ბაზარზე OPEC-ის მიღმა არსებული ნავთობის უზარმაზარი მოცულობა გამოაჩინოს, რომელიც, თავის მხრივ, OPEC-ის გავლენას პროპორციულად შეამცირებს.
ექსპერტების შეფასებით, ეს პროცესი კარტელის მიერ ფასების რეგულირების დომინაციას საფრთხეს შეუქმნის და სამომავლოდ ბაზრის წილისთვის ბრძოლის რისკებს გაზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, OPEC-სა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის შეიძლება დაიწყოს ფასების ომი, რომელიც ნავთობის მიწოდების ზრდას და მის გაიაფებას გამოიწვევს. თუკი ეს ტენდენცია გამძაფრდება, წესით, OPEC-ის რიგითი წევრები კარტელიდან გასვლას მოისურვებენ, რადგან კვოტების დაცვა, მაღალი ფასის გარეშე, ეკონომიკურად უბრალოდ აზრს მოკლებული იქნება.
BM.GE
წყარო: bm.ge