
"რა ფორმითაც მიიღეს ინდექსაცია, არ იქნება საკმარისი პროექტების შეუფერხებლად გასაგრძელებლად" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?
ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში ამოქმედებულ ფასთა ინდექსაციის წესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.
საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის მექანიზმზე, რომელმაც სამშენებლო კომპანიებს პროექტების მიმდინარეობისას სამშენებლო მასალებისა და სხვა კომპონენტების გაძვირების ნაწილობრივ კომპენსირების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
როგორც BMG-სთან სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"-ის ხელმძღვანელი აცხადებს, ახალი მექანიზმის თანახმად, 2027 წლამდე გაფორმებულ ტენდერებზე ინდექსაციის მექანიზმი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება და ის არ ვრცელდება სხვადასხვა სამოქალაქო მშენებლობებზე.
ნათია ხვედელიძის განცხადებით, ეს იმ პირობებში როდესაც, ინფლაციური პროცესები და სამშენებლო მასალების გაძვირება ისეთ პროექტებსაც ეხება როგორიცაა მაგალითად, სკოლების, სტადიონების, ბაღების და ა.შ მშენებლობა.
მისივე თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ ინდექსაცია ეხება ხელშეკრულების მხოლოდ 60%-ის ღირებულებას, ხოლო პროექტის დანარჩენი ნაწილი მოსალოდნელი რისკების და გაძვირების ფონზე, შესაძლოა, დაფინანსების გარეშე დარჩეს.
”დადგენილებაში წერია, რომ 2027 წლის პირველი იანვრიდან უნდა გავრცელდეს ინდექსაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ მშენებლობაზე, რაც ხელსაყრელი არ არის სექტორისთვის იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დადებულია რამდენიმე ტენდერი და კიდევ მოლოდინი გვაქვს, რომ დაიდება მაღალი ღირებულების ტენდერები, რომლებსაც ინდექსაცია არ შეეხება. გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს გარემოება უარყოფით ზეგავლენას მოახდენს სამუშაოების შესრულების ვადებზე და შესაბამისად ხარისხზე.
გარდამავალი დებულებები, სადაც სამ პუნქტად არის გაწერილი, თუ კონკრეტულად რომელ პროექტებს შეეხება, აღნიშნულ შემთხვევაში ეს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება და არ ეხება სამოქალაქო მშენებლობას. მაგალითად, სკოლებს, სტადიონებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ. აღნიშნულ ნაწილში მხოლოდ 2027 წლის პირველი იანვრიდან იქნება ძალაში ინდექსაციის ამოქმედება. როგორც საწვავი და ბიტუმი ძვირდება, შეიძლება იმ ტემპით არა, მაგრამ ასევე ძვირდება სხვა სამშენებლო სამუშაოები. ასევე ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელფასის ნაწილი - საკმაოდ გაძვირებულია და ამას სტატისტიკის დეპარტამენტიც ადასტურებს, რომ დაახლოებით ბოლო სამი წლის განმავლობაში 127%-ით არის გაძვირებული ხელფასების ნაწილი. შესაბამისად, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პროექტებზე, რომელიც 2026 წლის ბოლომდე გამოცხადდება, ინდექსაცია გავრცელდეს.
გარდა აღნიშნულისა, არის საუბარი იმაზე, რომ 12 თვეზე ნაკლებ პროექტებზე არ განხორციელდეს ინდექსაცია. პირდაპირ არის ჩაწერილი ნორმატიულ აქტში და ესეც არ არის რელევანტური. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტები არის, რომელსაც აქვს 25-30 მილიონი ლარის ღირებულება და შესასრულებელია 12 ან 14 თვეში, შესაბამისად ესეც უარყოფით შედეგს გამოიწვევს.
უფრო პატარა ვადიანზეც უნდა იყოს, ვინაიდან არის მოკლევადიანი პროექტები მაღალი ღირებულების. შესაბამისად, შეიძლება ისეთი პერიოდი დაემთხვეს, ის 12 თვე ზუსტად ისეთი კრიზისული იყოს, რომ თუნდაც კომპანიამ ვერ შეძლოს [პროექტის დასრულება]. ვფიქრობ, ექვსი თვიდან ზემოთ უნდა იყოს ეს ზღვარი დაწესებული. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კონკრეტული შესყიდვის ღირებულების ზღვარი, მაგალითად, 10 მილიონიდან.
გარდა აღნიშნულისა, წერია, რომ ინდექსაცია ეხება ხელშეკრულების 60%-ს ღირებულებას და 40% ფაქტობრივად დაფინანსების გარეშე რჩება. ამ ფონზე კი ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს, თუ რა მდგომარეობაა საწვავის გაძვირების კუთხით და როგორ უარყოფითად აისახა აღნიშნული საგზაო კომპანიებზე და ამას ანალოგიური შედეგი ექნება სამოქალაქო მშენებლობის კუთხითაც.
ასევე დადგენილებაში წერია, რომ გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე არ გავრცელდება ინდექსაცია და ეს პრობლემას შექმნის იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვს საიდუმლო დაშვება და საიდუმლო დაშვებით გაფორმებული ხელშეკრულებები თითქმის უმეტესი ნაწილი არის გამარტივებული და ეს შეიძლება იყოს ორწლიანი, სამწლიანი პროექტები და რამდენიმე მილიონის ღირებულების, რაზეც ასევე ძალიან ცუდ ზეგავლენას მოახდენს.
ჩვენ ცვლილებები გვჭირდება იმისთვის, რომ შედეგი გამოიღოს და არა იმისთვის, რომ ეს ცვლილებები ფურცელზე დარჩეს და კომპანიებმა ამით სარგებელი ვერ ნახონ. რა ფორმითაც არის [ინდექსაციის მექანიზმი], აღნიშნული ფორმა არ იქნება საკმარისი, რომ პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდეს და ჩაბარდეს.
კანონს თუ გავითვალისწინებთ, იმხელა რისკია მაღალღირებულებიან ტენდერებთან მიმართებაში, რომ ბევრი კომპანია, რომელიც ითვლის თავის შემოსავალს და გასავალს, გაუჭირდება მაღალღირებულებიან ტენდერებზე შესვლა 2027 წლის პირველ იანვრამდე. იმ პროექტებზე, რომელიც ასევე გრძელვადიანია”, - განაცხადა ნათია ხვედელიძემ.
ცნობისთვის, მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. ახალი წესით, ფასების ინდექსაცია ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ავტომატურად არ გავრცელდება. მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ამასთან, ინდექსაციის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების დაწყებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge