
რა ფუნქციები და ბიუჯეტი ჰქონდა რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელმაც 1 წელი იარსება
რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან გაუქმდება. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შესაბამისად, რეგიონული განვითარების სამინისტრო კარგავს დანიშნულებას.
ცნობისთვის, 2025 წლის 4 აპრილიდან 2026 წლის 29 ივლისამდე ამ სამინისტროს კახაბერ გულედანი ხელმძღვანელობდა, თუმცა თავად სამინისტროს შექმნის ინიციატივის წარდგენისას 2025 წლის 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს დაიკავებდა გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სუს-დან ცენტრალურ მთავრობაში გადავიდოდა, თუმცა 2 აპრილიდან 4 აპრილამდე პერიოდში მთავრობამ პოზიცია შეცვალა და ამ თანამდებობაზე კახა გულედანი დანიშნა, რომელიც 2016-2017 წლებში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახლა კი გულედანი ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაბრუნდება მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წელს, მაშინ როდესაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის საფუძველზე ფუძნდებოდა, ახალ სამინისტროს არ გაჰყვა "მუნიციპალური განვითარების ფონდი", რომელიც რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა. ეს მოიცავს ურბანული განახლების პროექტებს; პარკებს და სკვერებს რეგიონებში; საბავშვო ბაღებს და სკოლებს რეგიონებში; კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს რეგიონებში და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას რეგიონებში.
ამ კომპონენტის გარეშე კი რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა უფრო მეტად მაკოორდინირებელი უწყების და კონკრეტული ფუნქციების გარეშე მყოფი სამინისტროს სახით, რადგან სამინისტრო თავად არ იყო ჩართული რეგიონების მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამის დანახვა შესაძლებელია თუკი 2026 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტს წავიკითხავთ და მას ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს შევადარებთ.
ბიუჯეტი
კერძოდ, 2026 წელს რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 132.9 მილიონი ლარით განისაზღვრება. შეიძლება ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის წაკითხვისას განცდა დარჩეს, რომ სამინისტრო რეგიონებში კონკრეტულ პროექტებს ახორციელებს, თუმცა სინამდვილეში ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი - 70 მილიონი ლარი წარმოადგენდა რეგიონებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამის ბიუჯეტს. ამ პროგრამას იქამდე გაერთიანებული სახით არსებული ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ასრულებდა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნისას მთავრობამ სამინისტროს ბიუჯეტად ძირითადად ეს მიმართულება მიაკუთვნა, რაც უწყების ბიუჯეტის 53%-ს შეადგენს. აღნიშნული ფუნქცია კონკრეტულ აღმასრულებელ შინაარსს მოკლებულია და ის თავისუფლად შეიძლება როგორც ა) განათლების სამინისტრომ შეასრულოს; ბ) ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეასრულოს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტის რიგით მეორე უმსხვილესი მუხლია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება - 35 მილიონი ლარით, რაც სამინისტროს ბიუჯეტის 26%-ს შეადგენს. თავად ეს მუხლიც ფაქტობრივად დუბლირებულია რადგან იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ისედაც აქვს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა/განვითარების პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 2026 წელს 537 მილიონ ლარს შეადგენს. მხოლოდ ამ კომპონენტის ბიუჯეტი ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთლიანად რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი.
მთლიანობაში რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტის 79% დაკავშირებულია სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირება/სკოლების რეაბილიტაციასთან, დანარჩენი 21% კი არის სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯები.
ეს კი ნიშნავს, რომ სამინისტრო თავიდანვე შეიქმნა კონკრეტული ამოცანების გარეშე ან მისი შექმნისას, მაშინ როდესაც მინისტრად მოიაზრებოდა გრიგოლ ლილუაშვილი, უწყება დაფუძნდა ისეთი სამუშაოების შესასრულებლად რომელსაც განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტი არ დასჭირდებოდა. თავად გრიგოლ ლილუაშვილი კი 2025 წლის 23 დეკემბერს კორუფციული ბრალდებებით დააკავეს.
ფუნქციები
რაც შეეხება ისევ რეგიონული განვითარების სამინისტროს ფუნქციებს - რეგიონებში ძირითად ფუნქციებს ასრულებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ეს მოიცავს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურ მხარდაჭერას, საბავშვო ბაღების ფუნქციონირებას, კომუნალური სერვისების მიწოდებას და სხვა ფუნქციებს. ამასთან, ისეთ პროექტებს, რომლებიც თავად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო სახსრებს სცილდება, ხშირ შემთხვევაში აფინანსებს სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემადგენლობაშია. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ისედაც არ უწევდათ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან მუშაობა კონკრეტული პროექტების შეთანხმების და დაფინანსების მიზნით, რადგანაც ამ სამინისტროს ძირითად ფუნქციას საჯარო სკოლებში ბავშვების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ხოლო მუნიციპალიტეტებს უმეტეს საჭიროებებთან დაკავშირებით კომუნიკაცია სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უწევდათ. მეტიც, გადაუდებელი და კრიზისული ვითარებების დროს რეგიონული განვითარების სამინისტროს ფუნქციები საერთოდ არ იკვეთებოდა, რადგან სტიქიების საპასუხო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ისევე მთავრობის სარეზერვო ფონდის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციებში შედის.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტს, ის 3.1 მილიარდიანია და ასე ნაწილდება:
• საგზაო ინფრასტრუქტურა და ჩქაროსნული მაგისტრალები - 1.53 მილიარდი ლარი; • საჯარო სკოლების რეაბილიტაცია - 537 მილიონი ლარი; • რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების მოვლა-რეაბილიტაცია - 305 მილიონი ლარი; • რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები - 238 მილიონი ლარი; • საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია - 130 მილიონი ლარი; • რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა - 150 მილიონი ლარი; • რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება - 205 მილიონი ლარი.
თითოეული ეს მიმართულება თანხობრივად უფრო დიდია, ვიდრე რეგიონული განვითარების სამინისტროს 2026 წლის მთლიანი ბიუჯეტი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო დაფუძნებისას შეიქმნა დუბლირებული და პოლიტიკურად არამნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელებისთვის, თანაც მცირე მოცულობის საბიუჯეტო რესურსებით და რეალურად რეგიონული განვითარების ფუნქციები არა მასში, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტროში იყო თავმოყრილი.
BM.GE
წყარო: bm.ge