!["რა ღირებულებასაც იხდიდა სახელმწიფო, იმ ხარისხის [ინფრასტრუქტურულ] პროდუქტსაც იღებდა" - ირაკლი გიორგობიანი](https://bm.ge/uploads/files/2026/06/12/315383/irakli-giorgobiani_w_h.jpeg)
"რა ღირებულებასაც იხდიდა სახელმწიფო, იმ ხარისხის [ინფრასტრუქტურულ] პროდუქტსაც იღებდა" - ირაკლი გიორგობიანი
"რა ღირებულებასაც იხდიდა სახელმწიფო, იმ ხარისხის პროდუქტსაც იღებდა“, - ასე პასუხობს საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი მთავრობის კრიტიკას, რომელიც კერძო კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხს უკავშირდებოდა.
საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც მთავრობა საერთაშორისო გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნის აუცილებლობას ასაბუთებს, სწორედ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეეხება. ირაკლი კობახიძე მიაჩნია, რომ გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს, მაგრამ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი არ მოჰყვება.
ინფრასტრუქტურის მშენებელ ბიზნესშიც მიიჩნევენ, რომ საკმაოდ მწირია ინფორმაცია, რომლითაც მთავრობა სახელმწიფო კომპანიის შექმნას ასაბუთებს. ირაკლი გიორგობიანი იმედოვნებს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.
- პრემიერს მიაჩნია, რომ სახელმწიფო კომპანია კერძოზე უფრო ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოებს და თან უფრო იაფადაცო - ეთანხმებით მას?
- „იცით რა არის?! გააჩნია, როგორ შევხედავთ. თუ ფულს ღირებულებას არ მივანიჭებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სახელმწიფო გაცილებით იაფად განახორციელებს, მაგრამ მე ასეთი კითხვა მიჩნდება: როდესაც საუბარია გორი-არგვეთას ამონაკვეთზე, ახალ ავტობანზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს... აი, ამ საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთების დოკუმენტაციას თუ ვნახავთ, იქ ჯამში, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით, 17 მილიონი ლარით არის შეფასებული ის ნაწილი, რომელიც უნდა მოხმარდეს SCADA-ს სისტემას [შემოკლებული ზედამხედველობის კონტროლი და მონაცემთა შეგროვება] ვიდეომონიტორინგს, GPS-ს და 24-საათიან მართვას. მე უბრალოდ მაქვს კითხვა: რამდენი წელია ეს გზა არსებობს?! დამკვეთს ამ შემთხვევაში ბევრად მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ თავის დროზე მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება ამ გზის მოვლა-პატრონობის თაობაზე.
- რას გულისხმობთ?
- როდესაც კონტრაქტი გავაფორმეთ და დავიწყეთ ამ ობიექტის მშენებლობა, რა თქმა უნდა, დავგეგმეთ მისი დასრულება, შემდგომ გადაცემა, ოპერირება და მართვა. შესაბამისად, საკმარისზე მეტი დრო იყო იმისთვის, რომ ახლა ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში არ აღმოვჩენილიყავით და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მსგავსი მოულოდნელი ინიციატივები არ წამოსულიყო, ამის თქმა მინდა. შესაბამისად, როდესაც ეფექტურობას ვაფასებთ - ეს ეფექტურობა როგორ უნდა გავზომოთ და რას უნდა შევადაროთ, ჩემთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში, რაც დოკუმენტიდან იკითხება, ამ 63 მილიონს უნდა დავუმატოთ კიდევ 30 მილიონი საოპერაციო ხარჯი (operational cost). ანუ ავდივართ სადღაც 100 მილიონ ლარამდე და მისი უკუგება რეალურად, დოკუმენტის მიხედვით, სადღაც 10 წელია. ცალსახად გეუბნებით, რომ ეკონომიკური აგენტისთვის 10 წელიწადი ფაქტობრივად არის ის პერიოდი, როდესაც მოძრავ ტექნიკაში განხორციელებული 63-მილიონიანი ინვესტიცია 10 წლის თავზე სრულად ამორტიზებული იქნება…
- რისი თქმა გსურთ - მოდელი, რომელიც სახელმწიფო კომპანიის შექმნას გულისხმობს, არაეფექტიანია?
- მარტივი შედარება გავაკეთოთ, თუ რა ხდება ეფექტურობის ნაწილში. მაგალითად, კერძო კომპანია არ ექცევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის ქვეშ, ხომ?! ამიტომ მას თავისი საოპერაციო შესყიდვების მართვა გაცილებით ეფექტურად შეუძლია, ვიდრე სახელმწიფოს, რომელიც ამ კანონის ფარგლებშია - უნდა დაიცვას ხანგრძლივი პროცედურები და ა.შ. აი, ეს არის პირდაპირი განსხვავება მათ შორის და კიდევ ერთი: როდესაც ბიუროკრატი უშვებს შეცდომას, ამ შეცდომაში ფულს იხდის გადასახადის გადამხდელი, ხოლო როდესაც კერძო ოპერატორი/კომპანია უშვებს შეცდომას, ამ შეცდომაში ფულს თავად იხდის. შესაბამისად, კერძო სუბიექტის და ეკონომიკური აგენტის მთელი მოტივაციაა, რომ გაცილებით ეფექტურად იმუშაოს, მოახდინოს ხარჯების სწორი ოპტიმიზაცია და სამუშაო ისე დაგეგმოს, რომ მაქსიმალური უკუგება მიიღოს თავის კაპიტალზე. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სახელმწიფოს გათვლებში კაპიტალს ფულადი ღირებულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არანაირი დისკონტირების განაკვეთი არ მონაწილეობს (არადა, დარწმუნებული ვარ, უნდა მონაწილეობდეს, რადგან, თუ სწორად მახსოვს, ფინანსთა სამინისტროსა და IMF-ს აქვთ სწორი მეთოდოლოგია, რომლითაც ითვლიან ნებისმიერ კაპიტალურ ინვესტიციას, იქნება ეს სახელმწიფო საწარმო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უნდა შეფასდეს მიზანშეწონილობის მოდელით, მსოფლიო ბანკისა და IMF-ის გაიდლაინებით)... მსგავსი დოკუმენტი, სიმართლე გითხრათ, დასაბუთებაში ვერ ვნახე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ ინიციატივას ვერ შევაფასებ, რადგან მოცემული ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ დასკვნის გაკეთება ძალიან მიჭირს. იმედი მაქვს, დამატებითი ინფორმაცია გაზიარებული იქნება და შემდგომ ჩვენი შეფასება უფრო საგნობრივი და დეტალებზე დაფუძნებული გახდება.
- პრემიერმა განაცხადა, რომ კერძო სექტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხით ხშირად კმაყოფილი არ ვიყავითო და ჰგონია, რომ სახელმწიფო უკეთესად შეასრულებს, თუმცა მხოლოდ „მგონიაზე“ ალბათ სახელმწიფო კომპანიები არ უნდა იქმნებოდეს…
- ჩემი პასუხი შესაბამისია: რა ღირებულებასაც იხდიდა სახელმწიფო, იმ ხარისხის პროდუქტსაც იღებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge