
რა იწვევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტების ათვისების ჩამორჩენას? - კაკაურიძის განმარტება
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე მსხვილი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზად კონტრაქტორების მიერ სამუშაო ვადებს ასახელებს. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დეპუტატი სოფიო ხორგუანი დაინტერესდა - რატომ მცირდება შესაბამისი პროექტების მიმდინარე წლის დაფინანსებები: "მცირდება ელექტროგადამცემი ხაზების (₾81 მილიონით), შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გეოლოგირი კვლევების (₾23.9 მილიონით), ვარდნილისა და ენგურჰესების რეაბილიტაციის (₾33 მილიონით), სოფლების ინტერნეტიზაცია ბოჭკოვანი ქსელით (₾31.4 მლნ). რატომ ვერ ხერხდება სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის ათვისება და რატომ გადადის შესრულება მომავალ წელს?",- იკითხა დეპუტატმა.
"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე და ენგურზე განსხვავებული სიტუაციაა, დანარჩენ შემთხვევაში, ძირითადად, სამუშაოების ვადაში ვერ ეტევიან კონტრაქტორი კომპანიები", - განაცხადა კაკაურიძემ და აღნიშნა, რომ კონტრაქტორებთან უფრო აქტიურადაა სამუშაო, მათ შორის ჯარიმების მექანიზმების და მეტი მონიტორინგის ნაწილში, რომ ვადები დაიცვან.
"საბოლოო ჯამში პრობლემა არის, რომ ათვისების დინამიკა კონტრაქტორების მხრიდან დროში ვერ ეტევა და ჯარიმებიც აქედან მოდის ხოლმე. როდესაც გრაფიკიდან ხდება გადაცდენა, ეს იწვევს ერთის მხრივ დაჯარიმებას, მეორეს მხრივ სამუშაოების ვადის გაგრძელებას, რაც არ არის კარგი, მაგრამ სამწუხაროდ ხდება.
ასევე ელექტროგადამცემ ხაზებში, მაგალითად მოსახლეობასთან პრობლემა იყო და დიდწილად ეს გადაწყვეტილია უკვე, თითქმის 95%-ში. ზოგიერთ შემთხვევაში შეიცვალა ადგილი, სადაც უნდა გასულიყო ელექტროგადამცემი ხაზი და ასე შემდეგ, თუმცა მოსახლეობასთანაც დარჩენილია ნაწილობრივ, ასევე არის გარკვეულწილად კონტრაქტორების შესრულების დაბალი ტემპები. ზოგ შემთხვევაში ობიექტური მიზეზებია, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ შეძლეს კომპანიამ შესრულება. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? მაქსიმალურად უნდა ემუშაო კომპანიებმა იმაზე, რომ დროულად შესრულდეს და მეტი მონიტორინგი უნდა იყოს ამ ნაწილში.
ორი განსხვავებული სიტუაცია გვაქვს: ერთი გვაქვს ენგურზე და ამაზე საკონსულტაციო მომსახურება არის შესაბამის საფინანსო ინსტიტუტთან ერთად და კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს. ამიტომ, წელს ვერ დაიწყეს ეს სამუშაოები. საკმაოდ დიდი გვირაბია, მოგეხსენებათ. რეაბილიტაცია სადღაც 100-150 მლნ ევრო დაჯდება. უცხოელ კონსულტანტებთან ერთად კონკრეტული სამუშაოები იგეგმება ჯერ და ამის შემდეგ დაიწყება უშუალოდ განხორციელება.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, შავი ზღვის კაბელს, აქ უკვე სხვა სიტუაციაა, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ბევრი არ არის ისეთი ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია გეოლოგიური კვლევები შავ ზღვაზე, ანუ გემი უნდა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ და იმუშაოს, მათ შორის კლიმატური პირობებიც უნდა უწყობდეს ამ ხელს - დაახლოებით 180 დღე სჭირდება ტალღების გარეშე. გემის მფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე მიღწეულია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან, მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილებით ვერ დავიწყებთ ამ გეოლოგიურ სამუშაოებს. გემის მზადყოფნა არის მომდევნო წლის გაზაფხულზე, როგორც კი ამინდები ამის საშუალებას მისცემს, დაიწყოს და მოლოდინი არის, რომ შესრულებული იქნება მანამდე ყველა ის ნებართვები, რომელიც საჭიროა ორივე ქვეყნიდან.
ენერგეტიკას რაც შეეხება, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ნაწილში არის დაბალი ათვისება - 76%. წლის ბოლომდე ვერ გავალთ 100%-ზე და ამიტომ ხდება აქ შემცირება", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
BM.GE
წყარო: bm.ge