მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ჯდება ტრამპის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფეიერვერკების შოუ?
რა ჯდება ტრამპის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფეიერვერკების შოუ?

რა ჯდება ტრამპის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფეიერვერკების შოუ?

BM.GE4 ივლისი, 2026, 14:03|bm.ge

თეთრი სახლი 4 ივლისს ფეიერვერკების მსოფლიო რეკორდის მოხსნას გეგმავს - თუმცა, სავარაუდოდ, ეს გადასახადის გადამხდელებს სოლიდური თანხა დაუჯდებათ.

ტრამპის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაჯდება 250-ე დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება, ან ვინ დაფარავს პიროტექნიკური შოუს ხარჯებს. ასევე, არ არსებობს საჯარო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შოუს უკან მდგარმა კომპანიამ - "Pyrotecnico"-მ მიიღო სტანდარტული სამთავრობო კონტრაქტი ამ სამუშაოსთვის, როგორც ეს ვაშინგტონში 4 ივლისის წინა საზეიმო ღონისძიებების დროს ხდებოდა.

კონკრეტული ციფრების არარსებობის გამო, გამოცემა "NOTUS"-ი რამდენიმე პიროტექნიკურ კომპანიას შოუს სავარაუდო ღირებულების შესაფასებლად დაუკავშირდა. მათ ხარჯები მილიონობით დოლარად შეფასეს.

"ეჭვგარეშეა, საუბარია მრავალმილიონიან პროდუქციაზე", - განუცხადა NOTUS-ს ტენესის შტატში მოქმედი კომპანია "Pyro Shows"-ის გაყიდვების დირექტორმა, ჯეიმს ვუდსმა. კომპანია "Pyro Shows" დუბაიში 2014 წელს გამართულ ერთ-ერთ წინა შოუში მონაწილეობდა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ვუდსმა NOTUS-ს განუცხადა, რომ მომავალ დღესასწაულზე გამოსაყენებელი ზოგიერთი ცალკეული პიროტექნიკის ღირებულება შესაძლოა 50-დან 1 000 დოლარამდე მერყეობდეს. NOTUS-ის გათვლებით, "ამ შოუში გამოყენებული მოწყობილობების თუნდაც 3 პროცენტი რომ 50 დოლარი ღირდეს, მხოლოდ ეს კომპონენტი 1.3 მილიონ დოლარს შეადგენდა".

მიმდინარე წელს, "Freedom 250"-ის საიუბილეო ღონისძიებაზე დაგეგმილია რეკორდული, 40-წუთიანი სანახაობა, რომელიც 22:30 საათზე დაიწყება და მასში 860 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნება გამოყენებული. ფეიერვერკებს გაუშვებენ როგორც ლინკოლნის მემორიალის აუზის გასწვრივ, ისე დასავლეთ პოტომაკის პარკიდან და მდინარე პოტომაკზე განთავსებული რვა ბარჟიდან.

ამჟამინდელ რეკორდს ფლობს ეკლესია ფილიპინებში, სახელწოდებით "Iglesia Ni Cristo", რომელმაც 2016 წელს გინესის მსოფლიო რეკორდის ტიტული ახალი წლის ღამეს 809 000 ფეიერვერკის გაშვებით მოიპოვა.

კიდევ ერთმა სპეციალისტმა, "Kellner’s Fireworks"-ის მფლობელმა ბობ კელნერმა ვარაუდი გამოთქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკორდული შოუ მთლიანად "შემავსებელი" ჭურვებისგან (ყველაზე იაფი ასაფეთქებელი მასალა, რომელიც თითო დაახლოებით 2 დოლარი ღირს) შედგებოდა, პიროტექნიკა მაინც მინიმუმ 1.7 მილიონი დოლარი დაჯდებოდა. თუმცა, მხოლოდ მინიმალური ბიუჯეტით შემოფარგვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უფრო რთული და ეფექტური ფეიერვერკები ბევრად ძვირი ღირს.

არსებობს მხოლოდ ერთი ფედერალური ჩანაწერი, რომელიც 250 წლის იუბილეს შესახებ დეტალებს შეიცავს. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დოკუმენტში, რომელიც 2025 წლის დეკემბრით თარიღდება, გამოყოფილია 1.5 მილიონი დოლარი კომპანია "Garden State Fireworks"-ისთვის შოუს ჩასატარებლად. თუმცა, ეს მოხდა რამდენიმე თვით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი პირობას დადებდა, რომ 2026 წლის დამოუკიდებლობის დღეს "ისტორიაში ყველაზე დიდ ფეიერვერკის შოუს" გამართავდა.

NOTUS-ის ინფორმაციით, "Garden State Fireworks" ბოლო ათწლეულის განმავლობაში უზრუნველყოფდა დედაქალაქში 4 ივლისის ფეიერვერკების გაშვებას და, როგორც წესი, შოუს ჩასატარებლად 250 000-დან 300 000 დოლარამდე მოცულობის კონტრაქტს იღებდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ძლიერი სიცხის გამო აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები გაუქმდა

ძლიერი სიცხის გამო აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები გაუქმდა

BM.GE

PLUS დაბადების დღე: 10 ნივთი, რომლებიც 50% ფასდაკლებით შეიძლება სხვა დროს ვერ ნახოთ

PLUS დაბადების დღე: 10 ნივთი, რომლებიც 50% ფასდაკლებით შეიძლება სხვა დროს ვერ ნახოთ

BM.GE

თურქეთი, რუსეთი... - სად ყიდულობს საქართველო სარეცხ და საწმენდ საშუალებებს?

თურქეთი, რუსეთი... - სად ყიდულობს საქართველო სარეცხ და საწმენდ საშუალებებს?

BM.GE

ძლევამოსილების 250 წელი – დიდება ამერიკას!

ძლევამოსილების 250 წელი – დიდება ამერიკას!

BM.GE