
რა კრიტერიუმებით აფინანსებს სტარტაპებს ADB Ventures? - მთავარი საინვესტიციო ოფიცრის განმარტება
რეგიონული მასშტაბირების პოტენციალი, პრაქტიკული პრობლემის გადაჭრის უნარი და პოზიტიური გავლენის შექმნა - ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვითაც აზიის განვითარების ბანკის ვენჩურული ფონდი, ADB Ventures-ი სტარტაპების დაფინანსებას ირჩევს.
როგორც "საქმიანი დილას" ეთერში ADB-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, ტატო ცინცაძემ განაცხადა, ფონდი ადრეულ და მზარდ ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის საწყისი კაპიტალის მოძიებას ემსახურება, თუმცა ფინანსურ რესურსთან ერთად, მათთვის მთავარი ღირებულება საერთაშორისო გამოცდილებასა და საბანკო ქსელზე წვდომაა.
"ADB ტრადიციულად სახელმწიფოს პარტნიორი და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დამფინანსებელია. კერძო სექტორშიც კი ჩვენთან ინვესტიციები რამდენიმე ათეული მილიონი დოლარიდან იწყება, რათა მსხვილი ტრანზაქციების განხილვა მოხდეს. თუმცა ADB Ventures-ი არის სტარტაპების სპეციალური ფონდი, რომელიც კომპანიებისთვის საწყისი და მზარდი კაპიტალის მოძიებას ემსახურება.
ეს ფონდი კომპანიებს ეხმარება არა მხოლოდ თანხების მოძიებასა და პირდაპირ ინვესტიციაში, არამედ აზიის განვითარების ბანკი მათ წვდომას აძლევს თავის მრავალწლიან გამოცდილებაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - რეგიონალურ ქსელსა და ნეთვორქზე," - აღნიშნა ტატო ცინცაძემ.
ტატო ცინცაძის თქმით, პირველი ორი გადამწყვეტი ფაქტორი, რასაც ბანკი გუნდებისა და პროდუქტების შეფასებისას უყურებს, მასშტაბირების პოტენციალი და პრაქტიკული გამოწვევების აღმოფხვრაა:
"პირველ რიგში, სტარტაპს უნდა ჰქონდეს ორიენტირი მასშტაბირებაზე - ეს უნდა იყოს ე.წ. scalable ტრანზაქცია. პროდუქტი არ უნდა იყოს შექმნილი მხოლოდ ლოკალური ბაზრისთვის, არამედ უნდა არსებობდეს მოლოდინი და კონკრეტული მიზანი, რომ ის გასცდეს ერთ ქვეყანას და გაფართოვდეს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მასშტაბირების ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, როდესაც სტარტაპებს ვუყურებთ.
მეორე ფაქტორი არის ის, რომ სტარტაპი უნდა პასუხობდეს კონკრეტული, პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას. ტექნოლოგიამ რეალური გამოწვევები უნდა მოაგვაროს. ამიტომ ის სტარტაპები, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ - და იმედია ისინიც გვიპოვიან - აუცილებლად უნდა იძლეოდნენ მასშტაბირების შესაძლებლობას და ჭრიდნენ კონკრეტულ პრობლემას", - განმარტავს ის.
ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, ADB-ისთვის, როგორც განვითარების ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები, რომლებიც გლობალურ გამოწვევებს პასუხობს. შესაბამისად, მათი მთავარი ფოკუსი არა მხოლოდ ფინანსური უკუგება, არამედ მდგრადი ეფექტის შექმნაა.
"რა არის ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ჩვენთვის, როგორც განვითარების ბანკისთვის არის მნიშვნელოვანი? ეს არის კლიმატთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული სტარტაპები - იქნება ეს კლიმატზე ორიენტირებული მიმართულება, აგროსტარტაპები თუ ფინტექები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ინკლუზიური მიდგომით, გარემოზე მინიმალური ნეგატიური და მაქსიმალური პოზიტიური გავლენით.
არ დაგვავიწყდეს - ჩვენ ვართ განვითარების ბანკი. ჩვენ არ ვართ მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, ჩვენ ორიენტირებული ვართ პოზიტიური გავლენების მაქსიმიზაციაზე. შესაბამისად, ყველა ეს ტრანზაქცია არ უნდა იყოს მხოლოდ ინვესტორისთვის ფინანსური კეთილდღეობის მომტანი, ეს უნდა იყოს სტარტაპისთვის უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლის შესაძლებლობის დასაწყისი," - განაცხადა ტატო ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ საინვესტიციო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად, ქართული აგროტექნოლოგიური სტარტაპი TelAgri გახდა პირველი კომპანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიისა და რეგიონის მასშტაბით, რომელშიც ADB Ventures-მა ინვესტიცია განახორციელა.
TelAgri ხელოვნური ინტელექტისა და სატელიტური მონაცემების გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს - კომპანია ბანკებს ფერმერული მეურნეობების რისკების შეფასებასა და უფრო ეფექტიანი საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
BM.GE
წყარო: bm.ge