
Starlink-ის ალტერნატივის ძიებაში უკრაინა Nokia-სა და ICEYE-სთან პარტნიორობას იწყებს
მას შემდეგ, რაც SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის თანამგზავრული ინტერნეტის მომსახურება შეზღუდა, რამაც სწრაფმავალი დრონების კავშირის გაწყვეტა და ჩამოვარდნა გამოიწვია, კიევმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო - ამის შესახებ CNBC წერს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინურ ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სა და თანამგზავრების მწარმოებელ ICEYE-სთან პარტნიორობით, ხელი მოაწერა განზრახულებათა ოქმს ახალი თავდაცვითი და თანამგზავრული საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების შესახებ.
"თანამედროვე ომმა დაამტკიცა, რომ საიმედო კავშირი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩვენ ყველანი იმ შესაძლებლობებს უნდა ვეყრდნობოდეთ, რომელთა გაკონტროლებაც თავად შეგვიძლია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მიმდინარე კვირას ასევე ნორვეგიასთან პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა, რაც საჰაერო თავდაცვისა და კავშირგაბმულობის ისეთი სისტემების ერთობლივ განვითარებას ითვალისწინებს, რომლებიც Starshield-ის ალტერნატივად შეიძლება იქცეს.
ვენჩურული კომპანია Space Capital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩად ანდერსონმა განაცხადა, რომ მსგავსი ალტერნატივის შექმნას შესაძლოა "ორიდან სამ წლამდე" დასჭირდეს, ხოლო "Starlink-ის მასშტაბებთან გათანაბრებას გაცილებით გრძელი გზა აშორებს". ასტრონომ ჯონათან მაკდაუელის მონაცემებით, ორბიტაზე ამჟამად SpaceX-ის დაახლოებით 11 000 თანამგზავრი იმყოფება.
ანდერსონის თქმით, Starshield-ის ჩანაცვლება კიდევ უფრო რთული ამოცანა იქნება: "პენტაგონის საკონტრაქტო დოკუმენტებშიც კი წერია, რომ SpaceX ერთადერთი მიმწოდებელია, რომელსაც 2026 წლის ჩათვლით უწყების გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. დაბრკოლებას უკვე კაპიტალი აღარ წარმოადგენს, შემაფერხებელი ფაქტორი კოსმოსში გაშვების შესაძლებლობებია". აღსანიშნავია, რომ თანამგზავრების ორბიტაზე გასაყვანად Starlink-ის კონკურენტებიც კი თავად SpaceX-ის რაკეტებზე არიან დამოკიდებულნი.
ამ დროისთვის უკრაინაში Starlink-ის მომსახურება კვლავ 400 კმ/წმ-მდე აღდგა, თუმცა კავშირი მანამდე შეზღუდვებით რამდენიმე დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი Starlink-ის მომსახურების მოულოდნელ ცვლილებებზე პასუხისმგებლობას იხსნიან. პარასკევს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მასკს შეზღუდვების მოხსნას სთხოვდა.
ბაზარზე Starlink-ის კონკურენტები უკვე ჩნდებიან, მათ შორის Amazon-ის Leo, ფრანგული Eutelsat-ი და ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის ახალი პროექტი TeraWave-ი, რომელსაც პირველი თანამგზავრები ორბიტაზე ჯერ არ გაუყვანია.
უკრაინის გარდა, სუვერენული თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემების შექმნაზე რამდენიმე სხვა ქვეყანაც ფიქრობს. ევროკავშირი ასობით თანამგზავრისგან შემდგარ ქსელს - IRIS²-ს აშენებს, თუმცა მისი პირველი გაშვება 2029 წლამდე არ იგეგმება.
BM.GE
წყარო: bm.ge