
რა ქონებას ფლობს სახელმწიფო ელექტროსისტემის ახალი უფროსი დავით ვარდიაშვილი?
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - ამ თანამდებობაზე დავით ვარდიაშვილი დაინიშნა, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
დავით ვარდიაშვილის მიერ 2026 წლის 21 იანვარს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს რამდენიმე უძრავ ქონებას და დანაზოგს ნაღდი ფულის სახით.
დეკლარაციის მიხედვით, ვარდიაშვილი ფლობს თბილისში, მცხეთის ქუჩა N9-ში მდებარე 33.8 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 100%-იან წილს. ნაკვეთი მან 2006 წლის 6 ივლისს ბინასთან ერთად ნასყიდობის გზით შეიძინა.
ამავე მისამართზე ვარდიაშვილი ბინის 35%-იან წილს ფლობს, რომელიც 2019 წლის 25 თებერვალს 70 000 ლარად შეიძინა. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველი საცხოვრებელი ფართი 73.18 კვადრატული მეტრი იყო, 2007 წელს კი ბინა გარემონტდა და მას მანსარდი დაემატა. დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად საცხოვრებელი ფართი 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თუმცა ეს ფართობი რეგისტრირებული არ არის. ბინას ასევე აქვს 20.61 კვადრატული მეტრის სარდაფი. თანამესაკუთრეებად მითითებულნი არიან თამარ თავბერიძე და ნინო ჯავახიშვილი.
ვარდიაშვილი ასევე ფლობს თბილისში, დაბა კოჯორში, გიორგი კაჭახიძის ქუჩა N8-ში მდებარე 1089 კვადრატული მეტრის ქონებას შენობა-ნაგებობებით. აღნიშნული ქონების 100%-იანი წილი მან 2020 წლის 24 ივლისს ჩუქების გზით მიიღო.
მოძრავი ქონებიდან დეკლარაციაში მითითებულია 2011 წლის გამოშვების Mercedes-Benz. ავტომობილის მესაკუთრე ვარდიაშვილის მეუღლე, ეთერი ჭანუყვაძეა. მანქანა 2018 წლის 1 ივლისს 12 000 დოლარად არის შეძენილი.
დეკლარაციის შევსების მომენტში დავით ვარდიაშვილის საბანკო ანგარიშებზე "თიბისი ბანკში" 190 ლარი და საქართველოს ბანკში 2 ლარი ირიცხებოდა.
ეთერი ჭანუყვაძის ანგარიშებზე თიბისი ბანკში 4 403 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკში 3 756 ლარი იყო.
დავით ვარდიაშვილი დეკლარაციაში ასევე უთითებს 75 000 დოლარისა და 15 000 ლარის ნაღდ ფულად თანხას. ორივე შემთხვევაში თანხის წყაროდ დანაზოგია მითითებული.
2025 წლის შემოსავლები
დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი 2025 წლის განმავლობაში რამდენიმე საჯარო თანამდებობას იკავებდა:
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სადაც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე მუშაობდა, ვარდიაშვილის შემოსავალმა 59 018.1 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე, სადაც 1 იანვრიდან 7 ივლისამდე მუშაობდა, მან 27 539.3 ლარი მიიღო.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 7 ივლისიდან 1 სექტემბრამდე მიღებული შემოსავალი 12 655.66 ლარი იყო.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის საქმიანობიდან, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში, ვარდიაშვილმა 4 707.94 ლარი მიიღო.
მისი მეუღლის, ეთერი ჭანუყვაძის, 2025 წლის შემოსავალი სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“ სოლისტისა და მოცეკვავის საქმიანობიდან 16 513.92 ლარი იყო.
დეკლარაციაში ფასიანი ქაღალდების, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებებისა და 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.
დავით ვარდიაშვილი სსე-ის ხელმძღვანელად დაინიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დავით ვარდიაშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელის რანგში წარუდგინა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვარდიაშვილს საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურ დირექტორად, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ფინანსური მიმართულების დირექტორად და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად/დირექტორად.
2022-2025 წლებში ვარდიაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2016-2017 წლებში კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სამინისტროს ცნობით, ის ასევე 14 წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში.
სსე-ის ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილმა გენერალური დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მინისტრმა მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
დავით ვარდიაშვილი სსე-ის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge