
რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება
საქართველოში საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის უსაფრთხოების რეგულაციები ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა, თუმცა ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი ევროპული სტანდარტების დანერგვას საკანონმდებლო ვალდებულებების გაჩენამდე, საკუთარი ინიციატივით იწყებს. მათ შორისაა კომპანია "გოგორა", რომელიც აჭარის მთაში ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებსა და საბავშვო ავეჯს აწარმოებს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
საწარმო გაეროს გლობალური შეთანხმებისა და დანიის ინდუსტრიის ერთობლივ საპილოტე ინიციატივაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებისგან ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის კონკრეტული რეკომენდაციები მიიღო.
"ერასმუსის პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ სხვადასხვა ქვეყანას და ლატვია და ესტონეთი გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო, რომ აჭარის მთაში საბავშვო სათამაშოები მეწარმოებინა. თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ამდენ სირთულესთან, სტანდარტთან და საკითხთან იყო დაკავშირებული. მეც, როგორც ოთხი შვილის დედა, უბრალოდ მომხმარებელი ვიყავი. შემდგომ დავინახე, რამხელა გამოწვევა გვაქვს საქართველოში სათამაშოებისა და ავეჯის უსაფრთხოების კუთხით და მთელი ყურადღება აქეთ გადავიტანე", - ამბობს ის.
ნინო რაზმაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რასაც ქართული საწარმოები აწყდებიან, ევროკავშირის კანონმდებლობის არასრულფასოვანი ჰარმონიზაციაა. ნინო რაზმაძის განცხადებით, დირექტივების მხოლოდ ფრაგმენტული გადმოტანა ეფექტიან შედეგს ვერ იძლევა.
"ევროკავშირის დირექტივების ნაწილი საერთოდ თარგმნილიც არ არის, მაგრამ რაც გვაქვს თარგმნილი და მიღებული, იმათი შესრულებაც, სხვა დანარჩენი დირექტივების გარეშე, მოიკოჭლებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არა მხოლოდ საექსპორტოდ, არამედ ქვეყნის შიგნით დავნერგოთ ეს სტანდარტები - მიუხედავად იმისა, კანონმდებლობა გვთხოვს თუ არა - რათა შეიქმნას პრეცედენტი, რომ სახელმწიფო და კერძო ბაღებში იყოს უსაფრთხო სათამაშო და ავეჯი", - ამბობს ის.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიური ინიციატივის ფარგლებში, საწარმოში საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოების სრული ჯაჭვი შეაფასეს. დამფუძნებლის თქმით, რეკომენდაციების ნაწილი - განსაკუთრებით ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით - უკვე შესრულებულია.
"გარკვეული რეკომენდაციები, რაც, მაგალითად მტვრისა და საღებავის გაფრქვევას ეხებოდა, უკვე შესრულებულია. მეორადი მასალების მართვისა და თანამშრომლებთან დამოკიდებულების კუთხით ჩვენმა მიდგომებმა ევროპელი ექსპერტების მოწონება დაიმსახურა. როდესაც გარედან უყურებ შენს წარმოებას და მას ევროკავშირის წარმომადგენელი აფასებს, ეს ძალიან დიდი ნახტომია თვითშეფასების კუთხითაც", - აღნიშნავს რაზმაძე.
მისივე თქმით, დამწყები ბიზნესისთვის გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება სერიოზულ ფინანსურ წნეხთან არის დაკავშირებული. "გოგორაში" აცხადებენ, რომ მოგების მაქსიმიზაციის ნაცვლად, არჩევანი გრძელვადიან მდგრადობაზე გააკეთეს: "საკმაოდ რთულია დამწყები ბიზნესისთვის ისეთი მასშტაბური ცვლილებების განხორციელება გარემოზე ზემოქმედების კუთხით, რომ ფინანსურად წამგებიანი არ იყოს. მაგალითად, შევიძინეთ ენერგოეფექტური დანადგარები მაშინ, როცა იგივე თანხად ორჯერ მეტი არაენერგოეფექტური დანადგარის შეძენა შეიძლებოდა. ამას ცოტა ენთუზიაზმით ვუდგებით და არა მხოლოდ მოკლევადიანი შემოსავლების ჭრილში".
გარდა ტექნიკური აღჭურვილობისა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების გზაზე ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კულტურის დებეფიციტი რჩება. რაზმაძის თქმით, დასაქმებულთა მხრიდან ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მიმართ წინააღმდეგობა სისტემური პრობლემაა:
"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის თანამშრომლების მხრიდან გარკვეული ინსტრუქციების დაუცველობა. რთულია აუხსნა, რომ ეს მათივე ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. ვცდილობთ შიდა სტანდარტის დამკვიდრებას - პირბადეების, ხელთათმანებისა და სპეციალური ფეხსაცმლის ტარებას, თუმცა ეს ელემენტარული საკითხები ძალიან ჭირს. ჩემი დაკვირვებით, ეს მოდის სკოლიდან, სადაც ადამიანებს არ ასწავლიან საკუთარი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვას. ჩვენთან მოდიან ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აღელვებთ, მტვერს შეისუნთქავენ თუ არა", - აცხადებს ნინო რაზმაძე.
ამასთანავე, "გოგორას" დამფუძნებლის შეფასებით, ევროპული ტიპის ცირკულარული ეკონომიკის სრულფასოვნად დანერგვას - მაგალითად, ხის ნარჩენების გადამუშავებასა და მისგან მიღებული ენერგიით საწარმოს გათბობას - ინფრასტრუქტურული პრობლემები უშლის ხელს:
"გერმანიასა და შვეიცარიაში ნარჩენი ავტომატურად ხვდება გადამმუშავებელ დანადგარში, გადამუშავდება და მიეწოდება გათბობის სისტემას. ჩვენ იჯარით ვართ ფართში; უძრავი ქონება ძვირდება და საკუთარი სივრცე თუ არ გაქვს, ასეთ სისტემას ფიზიკურად ვერ დანერგავ, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა", - ამბობს ის.
ევროპულ ბაზარზე პოზიციონირებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებზე საუბრისას, "გოგორას" დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის ევროპული სტანდარტების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი პრინციპებისა და საავტორო უფლებების დაცვა უკვე საბაზისო წინაპირობაა.
"ევროპასა და ამერიკაში გარემოსდაცვაზე ყურადღების გამახვილება არის აბსოლუტური აუცილებლობა, ამის გარეშე შენი არსებობა წარმოუდგენელია. ასევე კრიტიკულია საავტორო უფლებების დაცვა - სხვისი მოდელი არ უნდა გქონდეს. თუ გინდა, საერთაშორისო პლატფორმაზე გახვიდე და ამ მიმართულებით ყურადღებას არ გაამახვილებ, ჩათვლიან, რომ "copy-paste" საწარმო ხარ და კომუნიკაციაშიც კი არ შემოვლენ. ეს გამოცდილება უკვე გვაქვს", - აღნიშნავს "გოგორას" დამფუძნებელი.
ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია "გოგორა" ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანიას საწარმოები თბილისსა და აჭარაში აქვთ განთავსებული. წარმოების სრულად ასამუშავებლად "გოგორაში" დაახლოებით 700 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
BM.GE
წყარო: bm.ge