
რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება
ფინანსთა სამინისტრო 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი მიმდინარე საპარლამენტო სესიაზე შესატანი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტში მითითებულია, რომ საბიუჯეტო ცვლილებები ძირითადად მაკროეკონომიკური პარამეტრების გადახედვით იქნება განპირობებული. საკითხზე დღეს BMG-ის კითხვას უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, რომლის განცხადებითაც ძირითადი ცვლილებები ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს შეეხება. ამასთან, კაკაურიძე აღნიშნავს, რომ სამინისტრო ხარჯების მიმართულებით კონკრეტულ ცვლილებებს 2026 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების გაანალიზების შემდეგ წარადგენს.
"ჩვენ უკვე რვა თვის მონაცემები მეტ-ნაკლებად გვაქვს ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილში, თუმცა არ გვაქვს ეკონომიკურ ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით ცხრა თვის მონაცემებს ბიუჯეტში, როდესაც უკვე რვა თვის მონაცემები გვექნება ეკონომიკურ ჭრილში და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ზუსტი ცვლილებების მონახაზი არ არსებობს,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ჟურნალისტი: მთავარი ფაქტორი რის გამოც კორექტირდება, ეს არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი?
გიორგი კაკაურიძე: ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა, დამატებითი შემოსავლები და შესაბამისად გარკვეული გადანაწილებები პროგრამებს შორის. ზრდა უკვე დაკორექტირდა 6,3 პროცენტზე, თუმცა საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ უფრო მაღალი შეფასება. შესაბამისად, უკვე რვა თვის მონაცემები რომ გვექნება, საბოლოო ზრდის პროგნოზს დავდებთ უკვე რვა თვის მონაცემებით.
ჟურნალისტი: შემოსავლებში პროგნოზი რა მიმართულებით არის, რომელი საგადასახადო თუ სხვა შემოსავლების ნაწილში?
გიორგი კაკაურიძე: გადაჭარბება იქნება როგორც საგადასახადო, ასევე სხვა შემოსავლების ნაწილში.
ცნობისთვის, 2026 წლის ბიუჯეტით ცენტრალური მთავრობის შემოსავლები 30.8 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, საიდანაც გადასახადებზე 23.2 მილიარდი ლარი მოდის. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიარდი ლარის საგადასახადო ნაზრდს ჩადებს სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში.
BM.GE
წყარო: bm.ge