მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავსტრალიაში თამბაქოს მოხმარების 80% არალეგალურია - რატომ განიხილება აქციზის შემცირება
ავსტრალიაში თამბაქოს მოხმარების 80% არალეგალურია - რატომ განიხილება აქციზის შემცირება

ავსტრალიაში თამბაქოს მოხმარების 80% არალეგალურია - რატომ განიხილება აქციზის შემცირება

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 20:31|bm.ge

ავსტრალიაში თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების დაბეგვრის პოლიტიკის გადახედვაზე დისკუსია განახლდა. ამის საფუძველი ახალი სტატისტიკური მონაცემებია, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად მკაცრი ფისკალური და მარეგულირებელი პოლიტიკისა, ქვეყანაში ნიკოტინის საერთო მოხმარება ბოლო წლებში გაიზარდა, ხოლო მოხმარების უდიდესი ნაწილი არალეგალურ ბაზარზე გადავიდა.

ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს (ABS) 3 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2017-2025 წლებში ქვეყანაში მოხმარებული ნიკოტინის საერთო რაოდენობა თითქმის 40%-ით გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება კი 22%-ით. ამ პერიოდში ავსტრალიის მოსახლეობა მხოლოდ 14%-ით გაიზარდა. ამასთან, 2025 წელს ქვეყანაში მოხმარებული ნიკოტინის დაახლოებით 80% არალეგალურ წყაროებზე მოდიოდა, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 12% იყო.

ABS-ის კვლევამ არალეგალური თამბაქოს ბაზარი პირველად შეაფასა და იგი სიგარეტთან ერთად ელექტრონულ სიგარეტებს, ვეიპებსა და სხვა ნიკოტინის შემცველ პროდუქტებსაც მოიცავს. კვლევის მიხედვით, ლეგალური თამბაქოს გაყიდვების შემცირება მთლიან ნიკოტინის მოხმარებაში შესაბამის კლებას არ იწვევს, რადგან ლეგალურ ბაზარზე შემცირებულ მოცულობას იაფი არალეგალური პროდუქტების მოხმარება ანაზღაურებს. ამასთან, ბიუროს მონაცემებით, 2016 წლის შემდეგ ლეგალური თამბაქოს ფასები თითქმის გასამმაგდა, მაშინ როდესაც არალეგალური პროდუქციის ფასები შედარებით სტაბილური დარჩა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც თამბაქოს პროდუქტებზე „სადა შეფუთვა“ დააწესა. ამ პოლიტიკის მიზანი ბრენდების მიმზიდველობის შემცირება და საზოგადოებაში მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირებისა და მასთან დაკავშირებული რისკების დასაძლევად დამატებითი რეგულაციების ამოქმედება იყო საჭირო.

ამ მიზნით, აგრეთვე, გადაიხედა აქციზის პოლიტიკაც. შედეგად, ავსტრალიაში სიგარეტზე აქციზი ბოლო ათწლეულში 200%-ზე მეტით გაიზარდა. ამჟამად ერთი ღერი სიგარეტის აქციზი 1.52 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს, რის შედეგადაც სტანდარტული კოლოფის ფასი, დაახლოებით, 40-50 დოლარს აღწევს. არალეგალური პროდუქცია კი დაახლოებით 15-20 დოლარად იყიდება. შედეგად, ლეგალურ და არალეგალურ პროდუქტებს შორის ფასობრივი სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაღალი აქციზის ფონზე არალეგალური ბაზრის გაფართოებამ გავლენა სახელმწიფო შემოსავლებზეც მოახდინა. ავსტრალიის ხაზინამ თამბაქოს აქციზიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მისაღები შემოსავლების პროგნოზი დაახლოებით 8 მილიარდი ავსტრალიური დოლარით შეამცირა. ქვეყანაში არალეგალური თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტების კომისრის შეფასებით, ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავს.

პრობლემის მასშტაბზე მიუთითებს სამართალდამცავი უწყებების მიერ აღმოჩენილი კონტრაბანდაც. ბოლო პერიოდში ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა ერთ-ერთ ოპერაციაში 433,400 არალეგალური სიგარეტი, 686 კილოგრამი დაჭრილი თამბაქო და 50,200 ელექტრონული სიგარეტი გამოავლინა.

სენატის კომიტეტი აქციზის ზრდის შეჩერებას ითხოვს

ABS-ის მონაცემების გამოქვეყნების ფონზე, 31 აგვისტოს ავსტრალიის სენატის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა ქვეყანაში არალეგალური თამბაქოს კრიზისის საკითხზე ჩატარებული მოკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა.

კომიტეტი მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, შეაჩეროს თამბაქოს აქციზის შემდგომი ზრდა და განიხილოს თავად განაკვეთის შემცირების შესაძლებლობაც. კომიტეტის შეფასებით, მაღალი გადასახადების პირობებში ლეგალური პროდუქტის გაძვირებამ არალეგალური ბაზრის გაფართოებისთვის ეკონომიკური სტიმული შექმნა.

ამასთან, კომიტეტი არ მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ აქციზის შემცირებით არის შესაძლებელი. რეკომენდაციები მოიცავს საზღვრის კონტროლის გაძლიერებას, სამართალდამცავი უწყებების დამატებით დაფინანსებას, ონლაინ არხებით არალეგალური პროდუქციის გაყიდვის შეზღუდვას, საცალო ვაჭრობის კონტროლის გამკაცრებასა და თამბაქოს პროდუქტების ე.წ. track and trace სისტემის დანერგვას.

აქციზის შემცირების დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, შეძლებს თუ არა დაბალი გადასახადი მომხმარებლების ლეგალურ ბაზარზე დაბრუნებას და შედეგად, სახელმწიფოსთვის დაკარგული შემოსავლების ნაწილის აღდგენას. კომიტეტის პოზიციით, კონკრეტული განაკვეთი დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე უნდა განისაზღვროს და საჯაროდ უნდა შეფასდეს სხვადასხვა სცენარის გავლენა ფასებზე, მოხმარებასა და ბიუჯეტის შემოსავლებზე.

ოპოზიცია აქციზის 80%-ით შემცირებას ითხოვს

სენატის კომიტეტის რეკომენდაციამდე, ოპოზიციურმა კოალიციამ თამბაქოს არალეგალურ ბაზართან ბრძოლის საკუთარი გეგმა წარადგინა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კოალიცია თამბაქოს აქციზის 80%-ით შემცირებას, ასევე ვეიპებისა და ნიკოტინის ბალიშების ლეგალიზებას, რეგულირებასა და დაბეგვრას გეგმავს.

ოპოზიციის ლიდერის, ანგუს ტეილორის განცხადებით, სტანდარტული 20-ღერიანი კოლოფის აქციზი დაახლოებით 30 ავსტრალიური დოლარიდან 6 დოლარამდე შემცირდება. არსებული საცალო ფასის პირობებში, სადაც ერთი კოლოფი დაახლოებით 40-50 დოლარი ღირს, ოპოზიციის გათვლით, ლეგალური სიგარეტის ფასი დაახლოებით 16-26 დოლარამდე დაიწევს.

კოალიციის გეგმაში ასევე შედის 200 მილიონი ავსტრალიური დოლარის გამოყოფა სამართალდამცავი უწყებების გასაძლიერებლად და 60 მილიონი დოლარის დახარჯვა სამწლიან საინფორმაციო კამპანიაზე. ოპოზიციის არგუმენტია, რომ ლეგალური სიგარეტის გაიაფება მომხმარებლებს არალეგალური ბაზრიდან ლეგალურ ბაზარზე გადაიყვანს და შედეგად, სახელმწიფო დაკარგული საგადასახადო შემოსავლების ნაწილის აღდგენას შეძლებს.

ავსტრალიის საპარლამენტო ბიუჯეტის ოფისის მოდელირების მიხედვით, ოპოზიციის შეთავაზებულმა პაკეტმა ოთხი წლის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 8 მილიარდი ავსტრალიური დოლარით შეიძლება გაზარდოს. თუმცა მმართველი ლეიბორისტული პარტია ამ მიდგომას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ აქციზის მკვეთრი შემცირება მოწევისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების ზრდის რისკს შეიცავს.

აკრძალული უკვამლო პროდუქტები და დისკუსია ზიანის შემცირების შესახებ

ავსტრალიის შემთხვევაში დებატები მხოლოდ სიგარეტის ფასს არ უკავშირდება. ქვეყანა ასევე მკაცრი კანონმდებლობით გამოირჩევა თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მიმართ. სენატის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ელექტროსიგარეტებისა და ნიკოტინის შემცველი სხვა უკვამლო პროდუქტების მკაცრად შეზღუდულმა საცალო მოდელმა მომხმარებლების ნაწილი შესაძლოა არალეგალურ ბაზარზე გადაიყვანა.

ამიტომ კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, განიხილონ ისეთი საკანონმდებლო მოდელი, რომელიც ზრდასრულ მომხმარებლებს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ შედარებით ნაკლები რისკის მქონე პროდუქტებზე ლეგალურ წვდომას მისცემს. ეს მიდგომა ზიანის შემცირების პოლიტიკას ეფუძნება და გულისხმობს იმ მომხმარებლებისთვის შედარებით ნაკლები რისკის მქონე ალტერნატივების შეთავაზებას, რომლებიც მოწევას თავს ვერ ან არ ანებებენ.

ამავე დროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების გაიაფებამ, შესაძლოა მოხმარების ზრდა გამოიწვიოს. მათი პოზიციით, აქციზის შემცირებამ არ უნდა შეასუსტოს თამბაქოს კონტროლის ის მექანიზმები, რომლებმაც ავსტრალიაში მოწევის მაჩვენებლის შემცირებას შეუწყო ხელი.

რა შეიძლება ნიშნავდეს ეს სხვა ქვეყნებისა და საქართველოსთვის

ავსტრალიის შემთხვევა უფრო ფართო დილემას აჩენს: რამდენად შეიძლება მაღალი აქციზი გახდეს არალეგალური ბაზრის გაფართოების ფაქტორი და როდის იწყებს გადასახადის ზრდა თავად ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას?

მაღალი აქციზი საერთაშორისო პრაქტიკაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენება, თუმცა მისი ეფექტი დამოკიდებულია ბაზრის სტრუქტურაზე, მოსახლეობის შემოსავლებსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებზე. თუ ლეგალურ და არალეგალურ პროდუქტებს შორის საფასო სხვაობა ძალიან იზრდება, მომხმარებლისთვის იაფი არალეგალური პროდუქტი უფრო მიმზიდველი ხდება, ხოლო კონტრაბანდისთვის - უფრო მომგებიანი.

საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ბაზრის გამო. თამბაქოს აქციზის ზრდის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამხელა დამატებით შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტი ლეგალური გაყიდვებიდან, არამედ ისიც, ხომ არ შეამცირებს მაღალი გადასახადი ლეგალურ ბაზარს და ხომ არ გაზრდის კონტრაბანდისა და არალეგალური ვაჭრობის სტიმულს.

ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეფასებით, მაღალი საგადასახადო ტვირთი, მათ შორის თამბაქოზე მაღალი აქციზი, ეკონომიკაში შესაბამის ქცევით რეაქციებს იწვევს:

„მაღალი საგადასახადო ტვირთი და ამ შემთხვევაში მაღალი აქციზის განაკვეთი, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში იწვევს უარყოფით ჯაჭვურ რეაქციას. ყველა ქვეყანაში ეკონომიკა მუშაობს ერთნაირი პრინციპით და ადამიანებიც შესაბამის სტიმულებზე რეაგირებენ. ავსტრალიის მაგალითი, სადაც თამბაქოს კოლოფის ფასმა 50 დოლარს მიაღწია და შედეგად მოხმარების 80% ჩრდილოვან, კონტრაბანდულ ბაზარზე გადავიდა, ნათლად აჩვენებს არაგონივრული საგადასახადო პოლიტიკის სავალალო შედეგებს“, - აცხადებს მაკალათია.

მისი შეფასებით, არაგონივრულად მაღალი აქციზის პირობებში იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კონტრაბანდის ზრდის რისკი, მცირდება ლეგალური ბიზნესის გაყიდვები და სახელმწიფო შესაძლოა იმაზე ნაკლებ საგადასახადო შემოსავალს იღებდეს, ვიდრე უფრო დაბალი განაკვეთის პირობებში მიიღებდა.

„ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კონტრაბანდის ზრდა, პროდუქციის ხარისხის კონტროლის შესუსტება, ლეგალური ბიზნესის გაყიდვების შემცირება და საბოლოოდ, მომხმარებლის მდგომარეობის გაუარესება - ეს ის შესაძლო შედეგებია, რომლებიც არაგონივრულად მკვეთრ საგადასახადო ზრდას შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, აქციზის პოლიტიკის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ გადასახადის გაზრდით მიღებული პირდაპირი ფისკალური ეფექტი, არამედ ისიც, თუ როგორ იცვლება მომხმარებლისა და ბიზნესის ქცევა და რა მოცულობის ბაზარი გადადის ჩრდილოვან სექტორში“, - აღნიშნავს ეკონომისტი.

ავსტრალიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა ABS-ის მონაცემებმა და სენატის კომიტეტის რეკომენდაციებმა აქციზის პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ დისკუსია გააძლიერა. მთავარი კითხვა ახლა ის არის, შეძლებს თუ არა უფრო დაბალი, თუმცა უკეთ აღსრულებული და რეგულირებული საგადასახადო პოლიტიკა არალეგალური ბაზრის შემცირებას და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას ისე, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნები არ დაზიანდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE