
"ველოდებით ექსპერტიზას" - რა ეტაპზეა მარიჯანის N2-ში "ცენტრ პოინტის" ყოფილი მშენებლობა?
Next Door-ის მმართველი პარტნიორის ანა გოგიშვილის ინფორმაციით, კომპანია მარიჯანის N2-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მოლოდინშია.
საუბარია „ცენტრ პოინტის“ ყოფილ მშენებლობაზე, სადაც 6 ივლისს, ძლიერი ნალექის შედეგად ფერდი ჩამოიშალა. მერიამ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა, სამშენებლო პროცესი შეაჩერა და კომპანიას გამაგრების სამუშაოების ჩატარება დაავალა.
BM.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროცესი. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საძირკველში გრუნტი ჩაიყარა, რაც ადგილზე სამუშაოდ დანადგარის გადაადგილებისთვის არის საჭირო. მისი თქმით, არ იციან, როდის მიიღებენ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის შესაბამისადაც სამშენებლო პროცესი უნდა გაგრძელდეს.
"რაც შეეხება პროცესს, ქვაბულის ექსპერტიზა, ანუ ხიმინჯების ფარდა როგორც უნდა მოეწყოს, ეგ მოგვთხოვა მერიამ, რომ სამხარაულში შეაფასებინეთო, შევიტანეთ და ველოდებით. ექსპერტიზის პასუხი რომ მოვა, ანუ ნებართვას რომ მივიღებთ, რა სტილის კედელი უნდა გაკეთდეს, ამისთვის საჭიროა დანადგარი, რომელიც ფიზიკურად ვერ ივლის ჩამტვრეულ ფილებზე და ეგ ტერიტორია ამოივსო გრუნტით. საბურღი დანადგარი არის 120-ტონიანი, როდესაც ქვაბულის ექსპერტიზას მივიღებთ და მოგვცემენ ნებას, რომ დავბურღოთ, გარშემო კედელი ხომ უნდა გამაგრდეს და მაგ გრუნტზე უნდა იაროს დანადგარმა. ვინაიდან საძირკვლის ფილა არის გაწყლოვანებული, ფიზიკურად დანადგარი ვერ დადგება სხვანაირად. ასევე, ის ეროზიული მხარე რაც არის, კიდევ რომ არ წამოვიდეს",- ამბობს ანა გოგიშვილი.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ მშენებლობა საერთოდ შეჩერდეს, კომპანიის წარმომადგენელი ასე პასუხობს: "არ მაქვს ინფორმაცია არანაირ კონსერვაციაზე და არც ვგეგმავთ, ამდენი თანხებია დახარჯული. რაც შეიძლებოდა რომ დაგვეყარა, გავამზადეთ, უბრალოდ ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზას",- აცხადებს ანა გოგიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge