
რა თანხა მიიღო Starring Georgia-მ ქანიე უესთის კონცერტის ბილეთების რეალიზაციით?
Starring Georgia-ს ინფორმაციით, ქანიე უესთის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 100%, ანუ 70,000 ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთები გაყიდვების დაწყებიდან ჯამში 8 საათში ამოიწურა.
"ორი დღის განმავლობაში, YE-ს შოუს 70 000 ბილეთის გასაყიდად დედამიწას სულ რაღაც 8 საათიანი ბრუნი დასჭირდა.კიდევ ერთი რეკორდი Starring Georgia-სთვის და კიდევ ერთხელ - მთავარ როლში საქართველო!შევხვდებით 12 ივნისს, დინამო არენაზე, საქართველოში პირველი 360 გრადუსიანი სცენის ირგვლივ" - წერს Starring Georgia.
ბილეთების ფასი 270 ლარიდან 1600 ლარამდე მერყეობდა. ადგილების განლაგების და მათი მითითებული ფასების მეშვეობით შესაძლებელია ბილეთების სავარაუდო ჯამური ღირებულების გამოთვლა იმ დაშვებით რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. დინამო არენაზე დასაჯდომი ადგილების - სკამების რაოდენობაა 54,139 ადგილი, ხოლო ორბიტაზე - ანუ დასადგომი ადგილების რაოდენობა იმის გათვალისწინებით რომ სულ 70,000 ბილეთი იყო გასაყიდად გამოტანილი 15,861 ბილეთს შეადგენდა. შესაბამისად, რეალიზებული ბილეთების საერთო ღირებულება სავარაუდოდ 31.8 მილიონ ლარს აღემატებოდა.
ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული სავარაუდო შემოსავალი, დათვლილია 70,000 ბილეთისთვის:
• ორბიტა - 15,861 ბილეთი — ₾470 თითო — ₾7,454,670 • VIP — 2,000 ადგილი — ₾1,600 თითო — ₾3,200,000 • მე-1 დონე, მუქი იისფერი — 5,000 ადგილი — ₾335 თითო — ₾1,675,000 • მე-1 დონე, ღია იისფერი — 5,000 ადგილი — ₾535 თითო — ₾2,675,000 • მე-1 დონე, ღია ვარდისფერი — 5,139 ადგილი — ₾935 თითო — ₾4,804,965 • მე-2 დონე, ღია მწვანე — 9,285 ადგილი — ₾270 თითო — ₾2,506,950 • მე-2 დონე, მუქი მწვანე — 9,285 ადგილი — ₾295 თითო — ₾2,739,075 • მე-2 დონე, ღია წითელი — 9,285 ადგილი — ₾335 თითო — ₾3,110,475 • მე-2 დონე, მუქი წითელი — 9,145 ადგილი — ₾400 თითო — ₾3,658,000 • ჯამი - 70,000 ადგილი - 31,824,135 ლარი.
ამასთან, ეს წარმოადგენს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამისა Starring Georgia-ს ჰყავს პარტნიორები კერძო სექტორიდან, რომელთაგან პროექტს რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალი აქვს. მაგალითად, 2023 წელს Starring Georgia-მ 15.1 მილიონი ლარის ბილეთები გაყიდა რამდენიმე კონცერტზე ჯამურად და სპონსორებიდან 3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 2024 წელს კი კონცერტების ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იყო 3.2 მილიონი ლარი სპონსორებიდან მიღებული შემოსავალი კი 1.1 მილიონი ლარი იყო.
ის თუ ზუსტად რა შემოსავალი მიიღო შპს "სთარინგ ჯორჯიამ" ქანიე უესთის კონცერტიდან როგორც სპონსორებიდან, ასევე ბილეთების რეალიზაციიდან და რამდენი მილიონი ლარის ჰონორარი გასცა, ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპანია 2026 წლის ფინანსურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რისი ვალდებულებაც მას 2027 წლის ოქტომბერში დაუდგება.
BM.GE
წყარო: bm.ge