
რაჭაში ფერადი და კეთილშობილი მეტალების შესასწავლად კომპანიას ვადა 2 წლით გაუხანგრძლივდა
საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულებით, სს „კავკასიის მინერალებს“ ონის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლისთვის დამატებითი ორწლიანი ვადა განესაზღვრა.
მთავრობის 2026 წლის 5 ივნისის განკარგულება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ცვლის 2012 წელს გაცემული ლიცენზიის პირობებს.
ახალი განკარგულების თანახმად, ლიცენზიის მფლობელ კომპანიას რამდენიმე კონკრეტული ვალდებულება დაეკისრა:
• საინვესტიციო ვალდებულება: ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 2 წლის ვადაში, კომპანიამ წიაღისეულის შესწავლისთვის არანაკლებ 6 800 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. • ადგილობრივების დასაქმება: შესწავლის პერიოდში (2 წელი) კომპანიამ მუდმივად უნდა უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 10 ადგილობრივი მოქალაქის დასაქმება. • საბანკო გარანტია: საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ 1 თვის ვადაში უნდა წარადგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული 680 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. • ბიუჯეტის შენატანი: განკარგულების გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 97 845 ლარი უნდა გადაიხადოს.
განხორციელებული ინვესტიციის დასადასტურებლად, ვალდებულების ვადის გასვლიდან ორი თვის ვადაში კომპანიამ ლიცენზიის გამცემს უფლებამოსილი აუდიტორის დასკვნა უნდა წარუდგინოს.
დოკუმენტს თან ახლავს დანართი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს წლების მიხედვით შესასრულებელ სამუშაოებს:
2026 წელი: იგეგმება კვლევა-ძიების მეთოდოლოგიის განსაზღვრა, ბურღვითი სამუშაოების დაპროექტება, ტენდერისა და გარემოსდაცვითი მასალების მომზადება. ასევე, ღები-ზოფხიტოსა და საბადოს ტერიტორიაზე არსებული გზების, ხიდების აღდგენა, საველე-გეოლოგიური ბანაკის მოწყობა, შტოლნების კვლევა-აღდგენა, ბურღვითი სამუშაოების ჩატარება, კერნული ნიმუშების ქიმიური ანალიზი, საბადოს 3D მოდელის მომზადება და წინასწარი შეფასების ანგარიშის (Preliminary Economic Assessment Report) შემუშავების დაწყება.