
რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებია
რაჭაში რთველისთვის ემზადებიან. ღვინის კომპანია “ღვინუკას” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, უხვნალექიანი გაზაფხულისა და ზაფხულის გამო რაჭის რეგიონში წლევანდელი რთველი რამდენიმე დღით გადაიწევს და მოსავლის აღება, სავარაუდოდ, 12–15 ოქტომბრის შუალედში დაიწყება.
ზუკა მაისაშვილის განმარტებით, უამინდობამ და ნალექის სიჭარბემ გარკვეული გავლენა იქონია ვეგეტაციის პროცესსა და ყურძნის შაქრიანობის მაჩვენებელზე.
შარშანდელი რეკორდული მოსავლისგან განსხვავებით კი წელს მოსავლის რაოდენობა, სავარაუდოდ, 10–15%-ით ნაკლები იქნება.
“ჩვენი ვარაუდით, რთველი 2026 12-15 ოქტომბრისთვის დაიწყება. სამწუხაროდ, ცოტა რთული პერიოდი გავიარეთ, რადგან, როგორც ადრე ყვავილობის დროს, ისე შემდგომ ვეგეტაციის პერიოდშიც ძალიან ბევრი ნალექი იყო, რამაც როგორც მტევნის ჩამოყალიბებაზე, ასევე შემდგომში მის შაქრიანობის მაჩვენებელზე მკვეთრად იმოქმედა. ახლაც რომ ვნახოთ ამინდის პროგნოზი, სამწუხაროდ, კვლავ უხვი ნალექია მეტ-ნაკლებად. თუ არ გამოვრიცხავთ რამდენიმე გამონაკლისს. შეიძლება 2-3 დღე იყოს მზიანი, რაც, სამწუხაროდ, ვერ უწყობს ხელს იმას, რომ შაქრიანობა კიდევ უფრო მეტად დააგროვოს ალექსანდროულმა და მუჯურეთულმა, ანუ იმ ჯიშებმა, რაც რაჭაშია გავრცელებული.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, შარშან, მოგეხსენებათ, იყო რეკორდული მოსავალი. თითქმის 3 000 ტონას გადასცდა მთლიან რაჭაში მოწეული ყურძნის რაოდენობა და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 10-15%-ით უფრო ნაკლები იქნება წელს”,-აცხადებს მაისაშვილი.
კახეთისგან განსხვავებით რაჭაში სუბსიდირების აქამდე არსებული მოდელი წელსაც შენარჩუნებულია. კომპანია ვალდებულია მევენახეს 1 კილოგრამ ყურძენში არანაკლებ 8 ლარი გადაუხადოს. სახელმწიფო კი თითოეულ გადამუშავებულ კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 4 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
BM.GE
წყარო: bm.ge