
რაჭის კურორტების განვითარების საბოლოო კონცეფციის მომზადების ვადამ გადაიწია
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ CITYFÖRSTER PartGmbB-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, რაჭის ახალი კურორტების განვითარების საბოლოო კონცეფციის მომზადებისა და ჩაბარების ვადამ 30 სექტემბრიდან 2026 წლის 15 დეკემბრამდე გადაიწია.
უწყებამ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა უკვე მიიღო.
გასული წლის ოქტომბერში CITYFÖRSTER PartGmbB-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 335 134 ლარს შეადგენს, თუმცა კომპანიისთვის თანხის გადახდა სამ ეტაპად უნდა მოხდეს:
• წინასაპროექტო კვლევა - 100 540 დოლარი; • ხედვა, სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობა ღირებულება - 134 054 დოლარი; • კურორტების განვითარების კონცეფცია - 100 540 დოლარი;
ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, ვადის კორექტირება პროექტის მასშტაბურობამ და სამუშაოების კომპლექსურობამ გამოიწვია. კერძოდ, II ეტაპის ფარგლებში მომზადებული ანგარიში „ხედვა, სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობა“ მოიცავდა საკვლევი ტერიტორიების განვითარების ალტერნატიული სცენარების შემუშავებას ურბანულ, სივრცით, ფინანსურ და ეკონომიკურ შეფასებებს.
"მესამე ეტაპი ეფუძნება წინა ეტაპებზე განხორციელებულ კვლევებს, შეფასებებსა და შეთანხმებულ განვითარების სცენარებს და ითვალისწინებს პროექტის სხვადასხვა კომპონენტის ერთიან საბოლოო კონცეფციაში ინტეგრირებასა და დეტალიზაციას. მესამე ეტაპის ფარგლებში დასამუშავებელია, მათ შორის, სივრცითი და ურბანული გადაწყვეტები, ფუნქციური ზონირება, საინვესტიციო და განვითარების პაკეტები, ინფრასტრუქტურული საჭიროებები, ფინანსური და ეკონომიკური პარამეტრები, შესაბამისი ვიზუალური მასალები და პროექტით გათვალისწინებული სხვა კომპონენტები, რომელთა ურთიერთშეთანხმებული და ერთიანი სახით წარმოდგენა აუცილებელია საბოლოო კონცეფციის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად.
მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების რეალური მოცულობისა და კომპლექსურობის, ასევე მეორე ეტაპის განხილვისა და შეთანხმების პროცესისთვის საჭირო დამატებითი დროის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მესამე ეტაპის — საბოლოო კონცეფციის — შესრულებისა და ჩაბარების ვადის გაგრძელება 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილი და ხარისხიანი შესრულება", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
BM.GE
წყარო: bm.ge