მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რაღაც ახალი ნამდვილად იწყება"- ხელოვნების ფონდი "ანაგი" "ჰესინკის" აუქციონის შედეგებზე
"რაღაც ახალი ნამდვილად იწყება"- ხელოვნების ფონდი "ანაგი" "ჰესინკის" აუქციონის შედეგებზე

"რაღაც ახალი ნამდვილად იწყება"- ხელოვნების ფონდი "ანაგი" "ჰესინკის" აუქციონის შედეგებზე

BM.GE3 მაისი, 2026, 17:00|bm.ge

თბილისმა ხელოვნების საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილი ოფიციალურად დაიმკვიდრა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ საუბრისას ხელოვნების ფონდის "ანაგი" თანადამფუძნებელმა თეა გოგუაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, „ჰესინკის“ სააუქციონო სახლის პირველმა მასშტაბურმა აუქციონმა არა მხოლოდ მოლოდინს გადააჭარბა, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი ეტაპიც გახსნა.

ინტერვიუში გოგუაძე ხაზგასმით აღნიშნა პროცესის მასშტაბურობას და მნიშვნელობას: „რაღაც ახალი ნამდვილად იწყება. არმაგედონია. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა მან.

მისი ინფორმაციით, აუქციონის შედეგები მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, 100%-ით გაყიდული ლოტები, მილიონ ევროზე მეტი ბრუნვა და რეკორდული ფასი, რომელიც ალექსანდრე ბანძელაძის ნამუშევარმა დააფიქსირა. თუმცა, როგორც გოგუაძე განმარტავს, ეს შედეგი სპონტანური არ ყოფილა: „არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ეს ჩვენ თავზე არ დაგვეცა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ სამ წელზე მეტია… მარკეტინგული სქემა იქნა ამისთვის აგებული… ეს ხომ ერთ დღეში არ ხდება. თუმცა, არ ვიყავით მზად არც იმისთვის, რომ 100%-ით გაიყიდებოდა ყველაფერი და არც იმისთვის, რომ 700 კაცი დარეგისტრირდებოდა… მე ისიც არ ვიცოდი, რომ ასეთ აუქციონს White glove auction ერქვა - ანუ თეთრი ხელთათმანის აუქციონი, როდესაც ყველაფერი იყიდება“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, აუქციონის მთავარი მიღწევა ბაზრის გახსნა და ფასების საჯარო დაფიქსირებაა - პრაქტიკა, რომელიც აქამდე ქართულ რეალობაში ფაქტობრივად არ არსებობდა.

„არ არსებობდა ღია თამაშის წესები… სააუქციონო სახლი ზუსტად ამის საშუალებას იძლევა, რომ ღია თამაშის წესით მოხდეს ბაზარზე ფასის დაფიქსირება. ძალიან მარტივია - იმისთვის, რომ იაპონელმა იცოდეს, რა ღირს ბანძელაძე, ეს ფასი უნდა ფიქსირდებოდეს იაპონიაშიც“.

გოგუაძე ასევე საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მცირე იყო აქამდე ქართული ხელოვნების ბაზარი და რა პოტენციალი უჩნდება მას ახლა: „დღემდე ამ ბაზარს რეალურად აცოცხლებდა ერთი ადამიანი… დაახლოებით 10-მდე რეალური, დიდი ბრუნვის მქონე მყიდველი. ჯამში - 10 უცხოელი და 20 ქართველი… წლის ბოლომდე სავარაუდოდ 100 კაცამდე ავალთ და მერე თქვენ ითვალეთ რა ხდება“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკვე ფიქსირდება საერთაშორისო ინტერესის ზრდა, რაც პირდაპირ აისახება ბაზრის ბრუნვაზე. „მანამდე შეიძლება ძალიან კარგი გაყიდვები ჰქონოდათ, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო ურეკავს და ულოცავს… რატომ? იმიტომ, რომ ეს გახდა საჯარო. ეს გახდა ხილული საერთაშორისო ბაზრისთვის. გვყავს ლობისტი ლონდონში, რომელმაც დაგვირეკა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი ძალიან მსხვილი კოლექციონერი, რომელმაც საქართველო საერთოდ სად არის არ იცის, დარეკა და თქვა, რომ მომდევნო ჩამოსვლაზე მეც წამიყვანეთო… მე ვიცი რა მოხდება, თუ ის ჩამოვა, მას მოჰყვება ბრუნვა. პირდაპირი მნიშვნელობით ბრუნვა“, - ამბობს გოგუაძე.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და პროცესს გაგრძელება ექნება: „მომდევნო ყველა გამოფენა იქნება საერთაშორისო რანგის და საერთაშორისო ყურადღებისთვის… ჩვენ ყველაფერი ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრიდან ყურადღება მოვიზიდოთ“.

ცნობისთვის, 27 აპრილს თბილისში, „ჰესინკის“ სააუქციონო სახლში, პირველი საერთაშორისო აუქციონი გაიმართა სახელწოდებით „თანამედროვე ქართული ხელოვნება“. ღონისძიებაზე თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები პირველად წარედგინა გლობალურ აუდიტორიას და პარალელურად ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო კოლექციონერების მონაწილეობაც შესაძლებელი გახდა.

აუქციონის მიზნად საქართველოს საერთაშორისო სახელოვნებო ბაზარზე ინტეგრაცია და ქართული ხელოვნების მსოფლიო კოლექციონერებთან დაკავშირება დასახულ იქნა. სულ 90 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ქართულ ხელოვნებას მოიცავდა - როგორც აღიარებული ოსტატების, ისე ახალი თაობის ავტორების მიერ შექმნილი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ვფიქრობ, ტურისტული პაკეტები 20-25%-ით გაძვირდება" - "ჰორიზონტ თრეველი" ტენდენციებზე

"ვფიქრობ, ტურისტული პაკეტები 20-25%-ით გაძვირდება" - "ჰორიზონტ თრეველი" ტენდენციებზე

BM.GE

"ოცნებამ" დაასკვნა, რომ პრობლემა არა ფასები, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბეა" - ყოფილი ელჩი

"ოცნებამ" დაასკვნა, რომ პრობლემა არა ფასები, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბეა" - ყოფილი ელჩი

BM.GE

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის მექანიზმები არ არსებობს - სანდრო ქევხიშვილი

საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის მექანიზმები არ არსებობს - სანდრო ქევხიშვილი

BM.GE