
რაიან კოენმა eBay-ზე საკუთარი ონლაინ მაღაზია გახსნა, რათა eBay-ის შესაძენად თანხა “შეეგროვებინა“
რაიან კოენმა განაცხადა, რომ ყიდდა ვინტაჟურ ვიდეოთამაშებს, ბეისბოლის ბარათებს, GameStop-ის ბრენდირებულ ნივთებსა და 14,000 დოლარად შეფასებულ წინდებს, რათა დაეფინანსებინა კომპანიის მიერ შემოთავაზებული 55.5 მილიარდი დოლარის ღირებულების eBay-ის შეძენა.
კოენმა სამშაბათ საღამოს გამოაქვეყნა ბმული თავისი eBay-ის მაღაზიისკენ და დაწერა:„ვყიდი ნივთებს eBay-ზე, რათა eBay ვიყიდო.“
რამდენიმე საათში კოენმა გამოაქვეყნა ეკრანის ანაბეჭდი შეტყობინებით, რომ მისი ანგარიში დაბლოკილი იყო. თუმცა, ხუთშაბათს საქმესთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ ანგარიში აღდგა და ნივთებზე ვაჭრობა კვლავ აქტიური გახდა.
ხუთშაბათის შუადღისთვის ყველაზე მაღალი ფასით იყიდებოდა GameStop-ის მაღაზიის აბრები - მათი ფასი თითქმის 15,000 დოლარს აღწევდა და დაახლოებით 100 შეთავაზება ჰქონდა. ასევე, თეთრი Adidas-ის წინდების წყვილი 14,000 დოლარზე მეტ ფასად იყიდებოდა.
სხვა ნივთებს შორის იყო ტაილის (სათამაშო პუდელის) ნახატი, რომელმაც კოენს შთააგონა შეექმნა ონლაინ ზოომაღაზია Chewy, ასევე GameStop-ის პროდუქცია: ქუდი, მაუსპადი და ფინჯანი. აუქციონი 13 მაისს დასრულდება.
კოენი GameStop-ის CEO 2020 წელს გახდა და კომპანია ე.წ. “მემე-აქციების“ ეპოქაში შეიყვანა, მას შემდეგ რაც მან Chewy 3 მილიარდ დოლარზე მეტ ფასად მიჰყიდა PetSmart-ს.
ორშაბათს კოენმა განაცხადა, რომ GameStop-მა გაუგზავნა eBay-ს არასანქცირებული შეთავაზება 55.5 მილიარდ დოლარად შესაძენად და გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა დაძაბულ და მტრულ ფორმატში გადასულიყო, თუ eBay-ის დირექტორთა საბჭო მის ინიციატივას უარყოფდა.
eBay-ის საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში კოენმა აღნიშნა, რომ eBay “უფრო მეტი უნდა ღირდეს და აუცილებლად უფრო მეტი ეღირება“ GameStop-ის მმართველობის პირობებში.
“ვფიქრობ, eBay შეიძლება ასეულობით მილიარდ დოლარად ღირებული კომპანია გავხადო,“ — თქვა კოენმა და დაამატა: “მას შეუძლია Amazon-ის რეალური კონკურენტი გახდეს.“
GameStop ამჟამად eBay-ის 5%-იან წილს ფლობს და განაცხადა, რომ მზად არის თითო აქციაში 125 დოლარი გადაიხადოს, ნახევარი ნაღდი ფულით და ნახევარი აქციებით.
თუმცა, უცნობია აქვს თუ არა GameStop-ს საკმარისი რესურსი ამ მასშტაბური გარიგების განსახორციელებლად, კომპანიის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. კომპანიის აქციები 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კოენი CNBC-ის ეთერში გამოჩნდა და უხერხულად აარიდა თავი კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვებდა კომპანია დამატებით 16 მილიარდ დოლარს გარიგების დასასრულებლად.
ამის შემდეგ ინვესტორმა მაიკლ ბერიმ, რომელიც ცნობილია ფილმ “The Big Short-ში” თავისი ასახვით და რომელიც ადრე მხარს უჭერდა GameStop-ის “მყისიერ Berkshire Hathaway-ად“ გარდაქმნას, განაცხადა, რომ GameStop-ის აქციები გაყიდა.
eBay-ის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კომპანიამ მანამდე განაცხადა, რომ მიიღო GameStop-ის შეთავაზება და მას ფინანსურ და იურიდიულ მრჩევლებთან ერთად განიხილავს.
BM.GE
წყარო: bm.ge