
რამ გამოიწვია სასკოლო და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის აუთვისებლობა? - გიორგი კაკაურიძის განმარტება
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მცირდება - საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას 238 მილიონი ლარი აკლდება, ხოლო ტურისტულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას - 114-114 მილიონი ლარი - ამის დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა და 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარადგინა.
ბიუჯეტის აუთვისებლობასთან დაკავშირებით, გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრ გიგა ფარულავას კითხვებს უპასუხა.
"ვთანხმდებით, რომ ეკონომიკა იზრდება, შემოსავლები, რაც იყო დაგეგმილი, ამაზე გაცილებით მეტია შემოსული. რა თქმა უნდა, კარგია ეს, უბრალოდ შესრულების ნაწილში, წლებია უკვე, ხარვეზები გვაქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესოა მიზეზები რა არის.
[განმარტებით ბარათში] გიწერიათ, რომ მოსალოდნელი ათვისების ნაწილში ხდება შემცირება, მაგრამ რამ გამოიწვია ეს მოსალოდნელი აუთვისებლობა? დაგეგმვის ნაწილში გვაქვს ხარვეზი, შესრულების ნაწილში თუ რა არის ამ სამი კომპონენტის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარით ბიუჯეტის შემცირების მიზეზი?" - მიმართა ფარულავამ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაგეგმვის ნაწილში ხარვეზები ნაკლებადაა და შეფერხებების ძირითადი წყარო სამუშაოების შესრულების ფაზაში წარმოქმნილი სისტემური სირთულეებია. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მთავარი ფაქტორი, რამაც განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში იჩინა თავი, პროექტების სატენდერო ხარჯთაღრიცხვების რეალურ საბაზრო ფასებთან მნიშვნელოვანი აცდენა იყო.
"სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ სატენდერო პროექტების ხარჯთაღრიცხვა არსებითად აცდენილი იყო რეალურ საბაზრო ფასებს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თითოეული სამშენებლო კომპონენტის საბაზრო ფასების მიხედვით დათვლა დაევალა. ეს მონაცემები ყოველთვიურად ახლდება. პირველი ასეთი დოკუმენტი ივნისში გამოქვეყნდა და მას შემდეგ გამოცხადებულ ტენდერებში ფასები უკვე სრულად ადეკვატურია.
საბაზრო ღირებულების სწორად გათვლამ აღმოფხვრა ის პრაქტიკა, როდესაც კონტრაქტორები ტენდერში კი იმარჯვებდნენ, თუმცა შემდგომ, უშუალოდ სამუშაოების შესრულებისას, უდიდეს ფინანსურ პრობლემებს აწყდებოდნენ", - განმარტა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მეორე არსებით მიზეზად სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ გრძელვადიან პროექტებში ფასების ინდექსაციის არარსებობა დაასახელა. მისი თქმით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში ინდექსაცია თავიდანვე გათვალისწინებული იყო, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებში ეს მექანიზმი არ მოქმედებდა, რაც სამშენებლო მასალების გაძვირების პირობებში კონტრაქტორებს მძიმე ფინანსურ დარტყმას აყენებდა.
"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პროცედურულად უკვე მოწესრიგდა, გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას ეხება. როდესაც საქმე მრავალწლიან მშენებლობას ეხება, კომპანიები საკუთარ თავზე უდიდეს რისკებს იღებდნენ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტები ყოველთვის ითვალისწინებდა ინდექსაციას - ფასების ცვლილებასთან ერთად კონტრაქტის ღირებულებაც კორექტირდებოდა, რასაც სახელმწიფო შესყიდვების ჩვენი კანონმდებლობა აქამდე არ იცნობდა.
განხორციელებული ცვლილებებით, ინდექსაციის მექანიზმი უკვე სახელმწიფო პროექტებზეც გავრცელდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამშენებლო მასალების გაძვირების შემთხვევაში, ფასთა სხვაობა კონტრაქტში ავტომატურ რეჟიმში დაკორექტირდება. ეს კომპანიებს საშუალებას მისცემს, ფინანსური რისკები მთლიანად საკუთარ თავზე აღარ აიღონ, სამუშაოები უფრო რეალისტურად დაგეგმონ და ვადები დაიცვან", - აღნიშნა კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმის ნაწილში თანხების კლება შეეხო, ძირითადად, ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებას, ხოლო უშუალოდ სამთო კურორტების განვითარებისთვის 82 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც ნაწილობრივ მიმდინარე, ნაწილობრივ კი მომავალი წლის გეგმებში აისახება.
მისივე თქმით, მიღებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ცვლილებები სრულად ვერ გამორიცხავს ცალკეული კომპანიების მხრიდან ვადების დარღვევას, თუმცა წლიურ ჭრილში პროგრამების მასშტაბურ აუთვისებლობას მინიმუმამდე დაიყვანს.
BM.GE
წყარო: bm.ge