
რამდენი დახარჯა რუსეთმა ქერჩის ხიდის ასაშენებლად და დასაცავად? | ზარალი რამდენიმე მილიარდი დოლარია
რუსეთს ქერჩის ხიდის მშენებლობა, დაცვა და შეკეთება, სავარაუდოდ, 8.6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, თუმცა უკრაინის ორმა თანმიმდევრულმა დარტყმამ მისი საავტომობილო ნაწილი ქერჩის სრუტეში ჩაანგრია - ამის შესახებ CNN ანალიტიკოს Osinthic-ის ანალიზზე დაყრდნობით წერს.
ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ 16-17 ნოემბრის ღამეს ქერჩის ხიდზე მორიგი სარაკეტო დარტყმისა და მასზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განაცხადა. უკრაინული დარტყმის შედეგად, ყირიმის ხიდის ორი თაღიდან ერთ-ერთი დაზიანდა და ჩამოინგრა.
რა დაუჯდა რუსეთს ქერჩის ხიდის მშენებლობა და დაცვა?
ექსპერტის შეფასებით, ხიდის უსაფრთხოებასა და შენახვაზე მოსკოვმა 2.52 მილიარდი დოლარი დახარჯა, მათ შორის დაახლოებით 1.6 მილიარდი - საჰაერო თავდაცვის სპეციალურ "ქოლგაზე", 450 მილიონი - დაცვასა და საზღვაო პატრულირებაზე, 350 მილიონი - წინა თავდასხმების შემდეგ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე, ხოლო 120 მილიონი - საზღვაო ბარიერებსა და სხვა დამცავ ზომებზე.
საერთო ჯამში, თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები და ტექნიკის დანაკარგები დაახლოებით 4.91 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც თავად ხიდის მშენებლობაზე თავდაპირველად დახარჯულ 3.7 მილიარდ დოლარს საგრძნობლად აღემატება.
შესაბამისად, ხიდის აშენების, დაცვისა და შენახვის სავარაუდო საერთო ღირებულება თითქმის 8.6 მილიარდ დოლარს უტოლდება.
რა ზარალი მიადგა რუსეთს უკრაინის მიერ ყირიმის ხიდზე მიტანილი იერიშის შემდეგ?
Osinthic-ის გათვლებით, მოსკოვმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადასასვლელის დასაცავად განთავსებული დაახლოებით 2.39 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარული აღჭურვილობა უკვე დაკარგა.
ეს დანაკარგები მოიცავს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის S-400 სისტემებს, 600 მილიონი დოლარის S-300 და S-350 ტიპის კომპლექსებს, 375 მილიონი დოლარის შორი მოქმედების რადარებს, 240 მილიონი დოლარის "ბუკისა" და "ტორის" სისტემებს, ასევე 175 მილიონი დოლარის "პანცირის" ახლო მოქმედების საზენიტო კომპლექსებს.
ჯერჯერობით დათვლილი არ არის, თუ რა დაუჯდება რუსეთს ქერჩის ხიდის სრული აღდგენა, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, საომარი მოქმედებების პარალელურად, ამ მასშტაბის სამშენებლო სამუშაოების შესრულება შეუძლებელიც კი იქნება.
რუსეთის დანაკარგები მხოლოდ ხიდის ჩამოშლით არ შემოიფარგლება. ცალკე შეფასებაში Osinthic-ი აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან დღემდე რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის მასშტაბით 300-ზე მეტი საჰაერო თავდაცვისა და რადარული ობიექტი დაკარგა, რომელთა საერთო სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენს - ეს მონაცემები ნახევარკუნძულის საერთო დანაკარგებს ასახავს და უშუალოდ ხიდის 8.6-მილიარდიან ხარჯს არ ემატება.
ეს შეფასებები დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის, ანალიტიკოსს კი თითოეული დანაკარგისა და დამცავი ზომის ზუსტი ფასის დასადგენად სრული მეთოდოლოგია საჯაროდ არ გამოუქვეყნებია.
Osinthic-ი აფრთხილებს, რომ დაფიქსირებულმა დეფორმაციამ შესაძლოა ხიდის გამძლეობაზე კრიტიკული გავლენა იქონიოს და შემდგომი ჩამონგრევის რისკი შექმნას. ანალიტიკოსის საინჟინრო ილუსტრაცია კონსტრუქციის სავარაუდო 15-გრადუსიანი გადახრის შედეგებს მიმოიხილავს, მათ შორის გრეხვის ძალებს, დატვირთვის არათანაბარ განაწილებასა და საყრდენ ელემენტებზე დამატებით წნეხს. თუმცა გადახრის ზუსტი კუთხე და კონსტრუქციის რეალური მდგომარეობა საინჟინრო ინსპექტირებით ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.
ვლადიმირ პუტინის მიერ 2018 წელს გახსნილი ქერჩის ხიდი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის სიმბოლოსა და ნახევარკუნძულთან სტრატეგიულ სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. მანამდე ბრიტანული დაზვერვა აფრთხილებდა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინის დარტყმები ხიდზე შეტევისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მის დაცვაში უზარმაზარი რესურსების დაბანდებას განაგრძობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge