
ვისურვებდი, ხელისუფლებისთვის ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა უფრო პრიორიტეტული იყოს | Wasteless-ის თავმჯდომარე
სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ის თავმჯდომარე ისურვებდა სახელმწიფოსთვის ნარჩენების მართვის და გარემოს დაცვის სექტორები უფრო პრიორიტეტული იყოს. ამის შესახებ გიორგი გულიაშვილმა "საქმის კურსს" ბიზნესში დღეს არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.
მისი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რაც განჭვრეტად გარემოს შექმნიდა, ნარჩენების მართვის კუთხით ინვესტორების დაინტერესებას გაზრდიდა.
"მშენებლობის, წარმოების, მომსახურების თუ ვაჭრობის სექტორებთან შედარებით, ნარჩენების გადამუშავების და ზოგადად, გარემოს დაცვის სექტორებს სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ყურადღება ეთმობა.
ვისურვებდი, სახელმწიფოსთვის უფრო პრიორიტეტული იყოს ნარჩენების მართვის და გარემოს დაცვის სექტორები - პირდაპირ თუ ირიბად, ყველა სექტორია ნარჩენების მართვასთან არის დაკავშირებული, ნარჩენებს ყველა წარმოქმნის. ჩვენ, ერთი მხრივ, რეგიონში ლიდერები ვართ ამ მიმართულებით და რეგიონული დონის გადამმუშავებელ საწარმოებს ვაშენებთ, თუმცა აუცილებელია მეტი ყურადღება იყოს გამოხატული სახელმწიფოს მხრიდან“, - აცხადებს გულიაშვილი.
მისი თქმით, ბიზნესის ფუნქციონირებას გარკვეულწილად არსებული რეგულაციებიც აფერხებს, რომლებიც ბიზნესის საჭიროებას ოპტიმალურად არ ერგება. გარდა ამისა, ის ფინანსებზე წვდომის მექანიზმების გამარტივების აუცილებლობაზეც საუბრობს:
„რეგულაციებშიც არის შესატანი ცვლილებები, საინვესტიციო გარემო გასაუმჯობესებელია და ერთგვარი პრობლემაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესი არ არის, მწვანე და გრძელვადიანი ბიზნესია, რომელიც უკუგებას 2 და 3 წელიწადში არ მოიტანს. შესაბამისად, საჭიროა შესაბამისი ინსტრუმენტები შეიქმნას, მათ შორის, დაფინანსების მხრივ, რათა ბიზნესებს ოპერირება გაუმარტივდეთ“, - განმარტავს გულიაშვილი.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის თავმჯდომარე ბიზნესასოციაციის ეგიდით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ორმხრივი დიალოგი გაიმართა. გიორგი გულიაშვილი დადებითად აფასებს ფაქტს, როცა ბიზნესს საშუალება ეძლევა სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მინისტრებს პირადად დაუსვას კითხვები და მიიღოს პასუხები.
BM.GE
წყარო: bm.ge