
რას ითვალისწინებს "არასამართლიანი ვაჭრობის შესახებ" EU-ს დირექტივა, რაზეც ფასების კომისიის დასკვნაშია საუბარი
"ფასების კომისიის" ერთ-ერთი რეკომენდაცია ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში დაწერილი კანონპროექტის მიღებაა. კერძოდ, "ფასების საპარლამენტო კომისიის" რეკომენდაციაა, რომ პარლამენტმა მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობის ჩარჩო შექმნას "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ" ევროკავშირის დირექტივის მიხედვით.
საქმე ისაა, რომ აღნიშნული დირექტივის შესაბამისად კანონპროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაიწერა. ამ კანონპროექტის პირველივე მუხლში ეწერა, რომ მისი მიზანია, სავაჭრო ობიექტის მიმწოდებელსა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეს შორის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრა, მათ შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა.
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებიდან, დაახლოებით, 6 თვის შემდეგ როცა BMG-მ მოიკითხა, რატომ შემოიდო თაროზე ეს კანონპროექტი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გვიპასუხა, რომ მთავრობას სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება აქტუალურად აღარ მიაჩნდა, რადგან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და ასევე, იმპორტიორებმა, დისტრიბუტორებმა და საცალო მოვაჭრეებმა, ფასების შემცირების თაობაზე, მთავრობის რეკომენდაციები თავადაც გაითვალისწინეს.
რას ითვალისწინებს ევროკავშირის დირექტივა, რომელიც კვლავ ბრუნდება განხილვის მაგიდაზე?
როგორც ევროკავშირის დირექტივაში ვკითხულობთ, აგროსასურსათო მიწოდების ჯაჭვში ხშირად არსებობს ძალაუფლების დიდი უთანასწორობა მიმწოდებლებსა და მყიდველებს შორის, რაც იწვევს არასამართლიან პრაქტიკებს, როდესაც ძლიერი მხარე საკუთარ სასარგებლოდ აწესებს პირობებს. ამიტომ ევროკავშირი ადგენს მინიმალურ სტანდარტს ამგვარი პრაქტიკების შესამცირებლად.
ვის ეხება ევროდირექტივა?
ევროკავშირის დირექტივაში აქცენტი ფერმერებზეა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ აგროსასურსათო ჯაჭვი მოიცავს მთელ პროცესს „ფერმიდან სუფრამდე“. ეს სექტორი განსაკუთრებით რისკიანია (ამინდი, სეზონურობა, პროდუქტის მალფუჭებადობა), ამიტომ არასამართლიანი პრაქტიკები ძლიერ აზიანებს ფერმერებსა და მათ შემოსავალს.
EU-ს დირექტივა ვრცელდება როგორც კერძო კომპანიებზე, ასევე საჯარო უწყებებზე. დაცვა ეხება როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის გარეთ მოქმედ მყიდველებთან ურთიერთობას. კერძოდ, დირექტივა ვრცელდება იმ მიმწოდებლისა და მყიდველის ურთიერთობებზე, რომელთაგან ერთი, მეორე ან ორივე მათგანი დაფუძნებული არიან ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ამასთან, დირექტივა ადგენს იმ მოვაჭრეების წლიური ბრუნვის მინიმუმსა და მაქსიმუმს, ვინც ექცევა დირექტივის რეგულირებისა და დაცვის ქვეშ. მიმწოდებლის შემთხვევაში, ბრუნვის მინიმალურ ოდენობას დირექტივა არ ადგენს, ხოლო მყიდველის შემთხვევაში, მინიმალური წლიური ბრუნვა დადგენილია 2 მილიონი ევროს ოდენობით. ყველა შემთხვევაში სავალდებულოა, რომ მყიდველი წარმოადგენდეს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს და მისი წლიური ბრუნვა აღემატებოდეს მიმწოდებლის ბრუნვას.
რა რეგულირდება ევროდირექტივით?
ევროკავშირის დირექტივაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
• დაგვიანებულ გადახდებს (მალფუჭებად პროდუქტზე ≤30 დღე, სხვაზე ≤60 დღე) • შეკვეთების უეცარ გაუქმებას • პროდუქტის მალფუჭებადობის განსაზღვრას (≤30 დღეში ფუჭდება)
ამასთან, მყიდველებს არ აქვთ უფლება ცალმხრივად შეცვალონ კონტრაქტები.
დირექტივა ასევე კრძალავს უსაფუძვლო გადასახადებს მომწოდებლებისთვის (მაგ. მარკეტინგის, შენახვის ხარჯები), თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული.
გარდა ამისა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მინიმუმ შემდეგი არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები იყოს აკრძალული:
-მყიდველი აუქმებს მალფუჭებადი აგრო-სასურსათო პროდუქტების შეკვეთებს ისეთ მოკლე ვადაში, რომ მომწოდებელს გონივრულად არ შეუძლია მათი გაყიდვის ან გამოყენების ალტერნატიული გზის პოვნა;
-მყიდველი ცალმხრივად ცვლის მიწოდების ხელშეკრულების პირობებს, რომლებიც ეხება მიწოდების სიხშირეს, მეთოდს, ადგილს, დროს ან მოცულობას, ხარისხის სტანდარტებს, გადახდის პირობებს ან ფასებს, ან მომსახურებების მიწოდებას;
-მყიდველი ითხოვს მომწოდებლისგან გადახდებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული მისი აგრო-სასურსათო პროდუქტების გაყიდვასთან;
-მყიდველი ავალდებულებს მომწოდებელს გადაიხადოს პროდუქტის დაზიანება ან დაკარგვა (ან ორივე), რომელიც მოხდა მყიდველის ტერიტორიაზე ან მას შემდეგ, რაც საკუთრება გადავიდა მყიდველზე, თუ ეს არ არის გამოწვეული მომწოდებლის დაუდევრობით ან ბრალით;
-მყიდველი უარს ამბობს წერილობით დაადასტუროს მიწოდების ხელშეკრულების პირობები, რაზეც მომწოდებელმა მოითხოვა წერილობითი დადასტურება; ეს არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ეხება პროდუქტის მიწოდებას მწარმოებელთა ორგანიზაციის (მათ შორის კოოპერატივის) წევრის მიერ საკუთარ ორგანიზაციაზე;
-მყიდველი უკანონოდ მოიპოვებს, იყენებს ან ავრცელებს მომწოდებლის სავაჭრო საიდუმლოებას ევროკავშირის 2016/943 დირექტივის მნიშვნელობით;
-მყიდველი ემუქრება ან ახორციელებს კომერციულ შურისძიებას მომწოდებლის მიმართ, თუ ის იყენებს თავის სამართლებრივ უფლებებს (მაგ. საჩივრის შეტანა ან თანამშრომლობა გამოძიებასთან);
-მყიდველი ითხოვს მომწოდებლისგან ანაზღაურებას მომხმარებელთა საჩივრების შესწავლის ხარჯებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მომწოდებლის ბრალი ან დაუდევრობა არ არსებობს.
ამასთან, დირექტივის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა აკრძალონ შემდეგი პრაქტიკები, თუ ისინი წინასწარ არ არის მკაფიოდ შეთანხმებული:
-მყიდველი აბრუნებს გაუყიდავ პროდუქტს ან არ იხდის მას;
-მომწოდებელს ევალება გადაიხადოს პროდუქტის განთავსება, დალაგება ან ბაზარზე შეთავაზება;
-მომწოდებელი ფარავს ფასდაკლების ხარჯებს;
-მომწოდებელი იხდის რეკლამის ხარჯებს;
-მომწოდებელი იხდის მარკეტინგის ხარჯებს;
-მომწოდებელი იხდის მყიდველის პერსონალის ხარჯებს პროდუქტის გაყიდვის ადგილების მოწყობაზე.
დირექტივით ასევე განსაზღვრულია, რომ ქვეყნებმა უნდა შექმნან შესაბამისი ორგანოები, რომლებიც:
• მიიღებენ საჩივრებს • გამოიძიებენ დარღვევებს • დააწესებენ სანქციებს (ჯარიმები და სხვ.)
აღსანიშნავია, რომ დირექტივა ადგენს მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტს და უთითებს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ უფრო დეტალური და მკაცრი რეგულირების მიღება საკუთარ ქვეყნებში.
BM.GE
წყარო: bm.ge