
რას ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი? - მინისტრის განმარტება
ამ ეტაპზე, განათლების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, მუშაობს ნორმატიული აქტის პროექტზე, რომელიც უნივერსიტეტებში სწავლის სახელმწიფო დაფინანსების წესსა და პირობებს განსაზღვრავს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მან განათლების რეფორმის ფარგლებში დაფინანსების ახალი მოდელის არსი და შემუშავების საფუძვლები განმარტა.
"სწავლის სახელმწიფო დაფინანსების წესსა და პირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების პირობებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებზე აღარ გავრცელდება მოქმედი საგრანტო დაფინანსების სისტემა, ვინაიდან სახელმწიფო გადადის უნივერსიტეტების ინსტიტუციურ და სტუდენტებზე ორიენტირებულ სრულ დაფინანსების მოდელზე. ამ ეტაპზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობით, მუშაობს შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს დაფინანსების ახალი მოდელის ეფექტიანი, გამჭვირვალე და მდგრადი განხორციელებისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების განსაზღვრას. შემუშავებული მიდგომები და რეგულაციები გაივლის წინასწარი განხილვის პროცესს და შემდგომ აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტში.
მსურს უფრო დეტალურად შევეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის ფორმირების კომპლექსურ და მრავალშრიან პროცესს, რომელიც ეფუძნება როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე ადგილობრივი უმაღლესი განათლების სისტემის საჭიროებებს. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით. სამუშაო პროცესი მოიცავდა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს – ეს იყო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კულტურის სამინისტრო, საჯარო და კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის რეგიონული და სახელოვნებო უნივერსიტეტები, დამსაქმებელთა ასოციაციები, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს – ესტონეთის, ფინეთის, ლატვიისა და ირლანდიის მაგალითზე. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ექსპერტები: ვლადიმერ ბრილერი – განათლების ეკონომისტი, აშშ; ტომ ბოლანდი – ექსპერტი განათლების მენეჯმენტის მიმართულებით, ირლანდია; ელენ ჰეზელკორნი – უმაღლესი განათლების პოლიტიკის ექსპერტი, ირლანდია; პეტია კოლევა – კულტურისა და სახელოვნებო განათლების ექსპერტი, ბულგარეთი; დევიდ ტრიკი – უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სპეციალისტი, კანადა; ხორხე იუტრონიკი – უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სპეციალისტი, ჩილე და ფრენკ ზიგელი – განათლების ეკონომისტი, გერმანია.
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ითვალისწინებს აკადემიური პროგრამების განსხვავებულ ღირებულებებს სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით. განსაზღვრავს დივერსიფიცირებული დაფინანსების სქემას, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტების დაფინანსებას სტუდენტთა რაოდენობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესთან და სტუდენტის მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დასაფარად. საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მიდგომაა აკადემიური პროგრამების საფასურის განსაზღვრა დარგისა და განათლების საფეხურების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესაბამისობა პროგრამების საჭიროებებთან მიიღწევა ერთ სტუდენტზე პროგრამის ხარჯის გაანგარიშებით.
საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების პროცესში, აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად დეტალურად იქნა შესწავლილი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტების, მაგალითად: ვაშინგტონის უნივერსიტეტის, მიჩიგანის უნივერსიტეტის, კოლორადოს უნივერსიტეტის პრაქტიკა. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავდა საქართველოს რეალობასა და საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელის შემუშავებას. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა როგორც ერთ სტუდენტზე გათვლილი ინსტიტუციური, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული დანახარჯები. ამასთან, შემუშავდა პროგრამების დაჯგუფების მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფდა საქართველოში მოქმედი სწავლის სფეროების კლასიფიკატორით განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება განისაზღვრა მისი სპეციფიკის, რესურსული საჭიროებისა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეფასების საფუძველზე. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, რესურსების ეფექტიან დაგეგმვასა და განაწილებას, ასევე პროგრამების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.
ამასთანავე, შემუშავებულია დაფინანსების ახალ მოდელზე ეტაპობრივი გადასვლის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს როგორც გარდამავალ პერიოდს, ისე გრძელვადიან ხედვას. აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სისტემის სტაბილურ და თანმიმდევრულ ტრანსფორმაციას, უნივერსიტეტების ინსტიტუციური მდგრადობისა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფით. კერძოდ, მოდელი ეფუძნება პროგრამების ღირებულების განსაზღვრის დიფერენცირებულ მიდგომას: გარდამავალ ეტაპზე, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პარალელურად აგრძელებენ მოქმედი, მილევადი რეჟიმის პროგრამების განხორციელებას და ეტაპობრივად ერთვებიან ახალი დაფინანსების სისტემაში. გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი ეტაპი დასრულდება და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც დაფუძნებული იქნება პროგრამების რეალურ ღირებულებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებელსა და ინსტიტუციური განვითარების პრინციპებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საბაზო დაფინანსების გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უზრუნველყოფილი იქნება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, კვლევის განვითარებისა და ინოვაციის ხარისხის გაუმჯობესება, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა. თითოეული მიმართულების მიხედვით ჩამოყალიბებულია KPI-ს კატალოგი, ეს არის შესრულების ძირითადი ინდიკატორების კატალოგი. სამინისტრო, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ინდივიდუალურად, კონკრეტული უნივერსიტეტების მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს. დაფინანსების ეს კომპონენტი საშუალებას მისცემს თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, შეიტანოს საკუთარი წვლილი ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.
სწორედ წარმოდგენილი დაფინანსების მოდელის დანერგვა შექმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა შეძლონ შრომის ბაზრისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, მაღალი ხარისხის სწავლებისა და კვლევითი გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა", - ამბობს მინისტრი.
მან ასევე უპასუხა კითხვას, 1 სტუდენტის ფინანსური ნორმატივის (განფასების) მეთოდოლოგიაზე, თუ რა თანხა არის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წელს და რამდენი იქნება მოთხოვნილი შემდეგი წლებისთვის: "2026 წლისთვის, დარჩენილი პერიოდებისთვის თანხის დაანგარიშება მოხდება მოქმედი დაფინანსების ფარგლებში, ხოლო 2027 და შემდგომი წლებისთვის ბიუჯეტი მოთხოვნილი იქნება ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით ცხადია, რომ სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, მათ შორის ფინანსთა სამინისტროც.
რაც შეეხება 2027-2030 წლების სამოქმედო გეგმის პროექტს (BDD), აქ ჩვენ შემდეგ წელზე წარდგენილი გვაქვს 700 მილიონ ლარზე დაფინანსების მოთხოვნა", - განაცხადა მინისტრმა.
BM.GE
წყარო: bm.ge