
რას წარმოადგენს საბერძნეთის "საოჯახო კალათის" მოდელი, რომელსაც ქართული ქსელები იყენებენ?
საქართველოში ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებისთვის „სოციალური კალათით“ ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. როგორც „რითეილ ასოციაციამ" განმარტა, კომპანიები ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ, თუმცა ყველამ ინდივიდუალურად განსაზღვრა შეთავაზებები. სოციალური პროდუქტი ძირითადად არის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რძის პროდუქტიც, ქათმის ხორცი.
მარკეტების ეს ნაბიჯი ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნას მოჰყვა, რომელიც მოკლევადიანი მსუბუქი ინტერვენციის სახით ერთ-ერთ რეკომენდაციად საფრანგეთისა და საბერძნეთის მოდელს განიხილავს. კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ „რითეილ ასოციაციამ“ განაცხადა, რომ წევრი კომპანიები დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
"ინტერვენციის მექანიზმის შემუშავება მიზანშეწონილია დაეფუძნოს ევროპის საუკეთესო პრაქტიკებს, როგორიცაა საფრანგეთისა და საბერძნეთის ინტერვენციის მოდელი, სადაც ინფლაციური წნეხის მართვა ხორციელდება მსუბუქი, ბაზარზე და კონკურენციაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების გამოყენებით",- წერია 104-გვერდიან საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.
თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი, რომელიც საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობდა, აღფრთოვანებულია იმ ფასებით, რომელიც ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებელს 15 საბაზისო პროდუქტზე შესთავაზეს.
"შევისწავლეთ საფრანგეთის და საბერძნეთის გამოცდილება და რეკომენდაციის სახით მხარი დავუჭირეთ ამ მსუბუქ ინტერვენციას, რომელიც ეფუძნება კონკურენციას და ბაზრის სტრუქტურას. ჩვენი ბაზრის სტრუქტურის შესწავლამ დაგვანახვა, რომ ის ძალიან ჰგავს საბერძნეთის ბაზარს. მოხარული ვარ და მადლობა მინდა ვუთხრა ქსელებს, დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს, რომლებმაც ბერძნული მოდელის მიხედვით „საოჯახო კალათა“ შექმნეს და პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა",- განაცხადა ბერეკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დასკვნაში მოკლევადიანი ანტიინფლაციური ინტერვენციის ნაწილში 4 ქვეყნის გამოცდილებაა განხილული: საფრანგეთის, საბერძნეთის, უნგრეთის და რუმინეთის.
საბერძნეთის მაგალითი - „საოჯახო კალათის“ მოდელი
საბერძნეთის მთავრობამ 2022 წელს დანერგა „საოჯახო კალათის“ (Household Basket) პროგრამა, რომელიც სავალდებულო იყო ყველა იმ საცალო ქსელისთვის, რომლის წლიური ბრუნვა €90 მილიონს აღემატებოდა. მოდელი ეფუძნება არა ფასების პირდაპირ ზედა ზღვარს, არამედ რეფერენტულ საფასო მიდგომას, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის კონკურენტული და ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში ქსელები ყოველკვირეულად წარადგენდნენ პირველადი საჭიროების პროდუქტებზე განახლებულ შეთავაზებებს, ხოლო ყველა ფასი ქვეყნდებოდა ოფიციალურ ციფრულ პლატფორმაზე (e-Katanalotis), რაც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელის ფასების პირდაპირ შედარების შესაძლებლობას აძლევდა.
შესრულებას აკონტროლებდა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, დარღვევისთვის კი მოქმედებდა ფინანსური სანქციები. საცალო მოვაჭრეებს ეკრძალებოდათ ისეთი საერთო მოგების მარჟის (Gross Profit Margin) მიღება, რომელიც აღემატებოდა 2021 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ საშუალო ისტორიულ დონეს.
2026 წლის მარტში მთავრობამ რეგულაცია განაახლა და დასაშვებ ზედა ნიშნულად უკვე 2025 წლის საშუალო მაჩვენებლები განსაზღვრა. კალათაში შეტანილ პროდუქტებზე ფასი ფიქსირდებოდა მინიმუმ 7 დღით, რომლის განმავლობაშიც ზრდა დაუშვებელი იყო, თუმცა დამატებითი ფასდაკლება შესაძლებელი რჩებოდა.
საბერძნეთის FMCG სექტორი საქართველოს მსგავსად ხასიათდება მაღალი-დაბალი (Hi-Lo) საფასო ტენდენციით, ამიტომ მოდელი ფასდაკლებებს არ კრძალავს, არამედ მათ უფრო გამჭვირვალეს ხდის. ფასდაკლება უნდა დაითვალოს ბოლო 30 დღის ყველაზე დაბალი ფასიდან, რაც გამორიცხავს ხელოვნურად გაბერილ „აქციებს“. შედეგად, აქციები კვლავ აქტიურია, თუმცა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა. პირველ ეტაპზე კალათის ღირებულება €125-დან €107.5-მდე შემცირდა (დაახლოებით 14%), ამასთანავე, კალათაში შემავალი პროდუქტების 98%-ზე ფასები შემცირდა ან აღარ გაიზარდა. შედეგად ერთმა ოჯახმა წელიწადში საშუალოდ €1,000-მდე დაზოგვა შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე პროგრამა გათვლილი იყო მოკლევადიან პერიოდზე, „საოჯახო კალათა“ უკვე 4 წელზე მეტია ფუნქციონირებს და წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ და წარმატებულ სახელმწიფო ინტერვენციას ევროკავშირში.
საფრანგეთის მაგალითი - საცალო შეთანხმებები და ანტიინფლაციური ინიციატივები
საფრანგეთის მთავრობამ 2023 წლის მარტში დანერგა პროგრამა „ანტიინფლაციური კვარტალი“ (Trimestre anti-inflation), რომელიც ეფუძნებოდა ნებაყოფლობით შეთანხმებას სახელმწიფოსა და მსხვილ საცალო ქსელებს შორის. პროგრამის მთავარი იდეა იყო, რომ მკაცრი ფასების კონტროლის გარეშე, მომხმარებლისთვის შეთავაზებულიყო შედარებით ხელმისაწვდომი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. შეთანხმება ეფუძნებოდა შემდეგ ძირითად პრინციპებს:
• საცალო ქსელები თავად არჩევდნენ კონკრეტულ პროდუქტებს შესაბამის კატეგორიებში; • იქმნებოდა დაბალფასიანი კალათა, რომელიც მოიცავდა საბაზისო საქონელს; • ქსელებს უნდა წარედგინათ მომხმარებლისთვის „საუკეთესო ფასის“ შეთავაზება.
კალათაში შედიოდა ისეთი ძირითადი საკვები როგორიცაა: პური, რძე, მაკარონი, ზეთი, კვერცხი და სხვა ყოველდღიური სასურსათო თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტები. შერჩეულ პროდუქტებზე ფასები დაახლოებით 5–10%-ით შემცირდა, ხოლო სურსათის ინფლაციის ტემპი შენელდა. ინიციატივის ძირითადი მიზანი იყო: ფასების გამჭვირვალობის გაზრდა, მომხმარებლისთვის ფასების შედარების გამარტივება და საცალო ქსელებს შორის ფასობრივი კონკურენციის გაძლიერება.
„ანტიინფლაციური კვარტალი“ წარმოადგენს შედარებით რბილ და საბაზრო მიდგომას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოსა და ბიზნესის ნებაყოფლობით თანამშრომლობას. აღნიშნული მექანიზმი ძირითადად ეყრდნობოდა საჯაროობასა და რეპუტაციულ ზეწოლას, ვიდრე სანქციებს ან პირდაპირ ადმინისტრაციულ ჩარევას.
უნგრეთის მაგალითი - ფასის ზედა ზღვარი და მარაგების ვალდებულება
უნგრეთის მთავრობამ 2022 წელს დანერგა პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასის ზედა ზღვარი, რომლის მიზანი იყო ინფლაციის სწრაფი შეკავება და საბაზისო პროდუქტებზე ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნება. რეგულაციის ფარგლებში რიგ პროდუქტებზე საცალო ფასი დაფიქსირდა 2021 წლის ოქტომბრის დონეზე, ხოლო ზედა ზღვარი განისაზღვრებოდა კონკრეტული პროდუქტისა და შეფუთვის ერთეულის მიხედვით. მოდელი ვრცელდებოდა მსხვილ საცალო ქსელებზე, შესრულებას აკონტროლებდნენ სახელმწიფო ორგანოები და დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფინანსური სანქციები.
რეგულაცია შეეხო ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა რძე, ფქვილი, შაქარი, ზეთი, ღორისა და ქათმის ხორცი. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, ქსელებს დამატებით ეკისრებოდათ შესაბამისი მარაგების მუდმივად შენარჩუნების ვალდებულება.
შემდგომ პერიოდში მთავრობა პირდაპირი ფასების კონტროლიდან უფრო მოქნილ მოდელზე გადავიდა და 2025 წელს შემოიღო საცალო მარჟის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე საცალო ქსელის მარჟა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს შესყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის. განახლებული რეგულაცია გავრცელდა დაახლოებით 30 ძირითად საკვებ პროდუქტზე.
მოდელი იყო ყველაზე მკაცრი ჩარევა, სადაც სახელმწიფო უშუალოდ ადგენდა ფასების ზედა ზღვარს. პირველ ეტაპზე აღნიშნული ინტერვენციით მოხდა ფასების შემცირება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში გამოიწვია ბაზრის მნიშვნელოვანი დისტორცია, პროდუქტებზე მარაგების დეფიციტი და ფასების ზრდის გადატანა სხვა პროდუქტებზე.
რუმინეთის მაგალითი - მიწოდების ჯაჭვში მარჟის შეზღუდვის მოდელი
რუმინეთის მთავრობამ 2023 წელს შემოიღო საკვებ პროდუქტებზე სავაჭრო მარჟების დროებითი შეზღუდვის მექანიზმი, რომელიც არ ითვალისწინებდა საბოლოო საცალო ფასის პირდაპირ გაყინვას. რეგულირება ხორციელდებოდა მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე მარჟების ზღვრის დაწესებით. რეგულაცია ამოქმედდა საგანგებო დადგენილებით და ითვალისწინებდა შემდეგ პარამეტრებს: მწარმოებლის მარჟა მაქსიმუმ 20%, დისტრიბუციის ჯაჭვის ერთობლივი მარჟა მაქსიმუმ 5%, ხოლო საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორის მარჟა მაქსიმუმ 20%.
რეგულაცია გავრცელდა ისეთ ძირითად პროდუქტებზე, როგორიცაა: პური, რძე, ფქვილი, კვერცხი, ზეთი, ქათმისა და ღორის ხორცი, კარტოფილი, შაქარი, ბოსტნეული და ხილი. მოგვიანებით კი სიას დაემატა ბრინჯი, არაჟანი, ნიორი, მსხალი და დაფქული ხორცი.
აღსრულებას უზრუნველყოფდნენ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ორგანოები, რომლებიც პერიოდულად ამოწმებდნენ ფასებს, ინვოისებსა და მარჟებს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ფინანსური სანქციები.
მოკლევადიან პერიოდში რეგულირებულ სურსათზე საშუალო ფასები დაახლოებით 2.5%-ით შემცირდა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები დაახლოებით 11%-ით შემცირდა. თუმცა, მოდელი ხასიათდება მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებით, ბაზრის დისტროციით, დეფიციტის მაღალი რისკით და პროდუქციის ასორტიმენტის შემცირებით.
BM.GE
წყარო: bm.ge