მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ახლდება ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურის გენგეგმა? - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
რატომ ახლდება ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურის გენგეგმა? - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი

რატომ ახლდება ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურის გენგეგმა? - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი

BM.GE1 მაისი, 2026, 18:26|bm.ge

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო" მათ მიერ გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. BMG-ის კითხვებზე პასუხში სააგენტოს უფროსი დავით ჯავახია აღნიშნავს, რომ მათ მიერ კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-თან გაფორმებული კონტრაქტის მთავარი მიზანია საპორტო ინფრასტრუქტურის განლაგების ხელახალი შეფასება და პორტის ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით მასში ცვლილებების შეტანა. ამასთან, ჯავახია წერილობით აღნიშნავს, რომ არ განიხილება პორტის არეალის შემცირება.

გთავაზობთ ეკონომიკის სამინისტროს პასუხებს BMG-ის კითხვებზე:

- ხელშეკრულებაში საუბარია „ალტერნატივების შემუშავებაზე “- ნიშნავს თუ არა ეს, რომ არსებული გენერალური გეგმა არსებითად გადაიხედება? რა გახდა აღნიშნული ცვლილებების საჭიროების მირითადი მიზეზი?

"ანაკლიის პორტში, სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება დაღრმავებისა და ტალღმჭრელის სამშენებლო სამუშაოები. საქართველო სრულ კოორდინაციაშია „შუა დერეფნის” სხვა ქვეყნებთან და პირალელურად, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია ამ დერეფანში ტვირთნაკადის ზრდის დამატებითი სტიმულირება.

ტვირთების დამუშავების შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გაზრდა საჭიროებს სივრცითი დაგეგმარებისა და საოპერაციო სიმძლავრეების კვლევების განახლებას. შესაბამისად, ტვირთების დამატებითი პოტენციალის შესწავლის მიზნით და საერთო რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელია საკვანძო საპორტო ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმის განახლება, რომელიც 2017 წელს არის მომზადებული.

გენერალური გეგმის განახლება არის სრულიად სტანდარტული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ტვირთნაკადის ზრდის კვალდაკვალ, პორტის გამტარუნარიანობისა და სხვა კომპონენტების ხელახალ გადაფასებას გრძელვადიანი სარგებლისთვის.

შუა დერეფანში საქართველოს აქტიური ჩართულობისა და ტვირთნაკადების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ხედვა სიმძლავრეების შემდგომ გაფართოებას ეფუძნება და მიმდინარე პროგნოზების ფარგლებში განიხილება პორტის საერთო არეალის არათუ შემცირება, არამედ მისი ოპტიმიზაცია და გაზრდა საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, ტერმინალების, მათ შორის საკონტეინერო ტერმინალის სიმძლავრეების შემცირება არ იგეგმება - აქცენტი კეთდება მათ ეტაპობრივ გაძლიერებასა და გაფართოებაზე, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად."

- რა როლი აქვს მიმდინარე პროცესში 2024 წელს “უპირატეს მონაწილედ დასახელებულ ჩინურ კონსორციუმს CCCC-ს? არის თუ არა იგი ჩართული გენერალური გეგმის გადახედვის პროცესში?

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სტრატეგიულ პროექტს, შესაბამისად, პორტის გენერალური გეგმის განახლებას უზრუნველყოფს თავად სახელმწიფო, როგორც ინფრასტრუქტურისა და მიწის მფლობელი. რაც შეეხება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, ის წარმოადგენს შესარჩევი პროცესის შედეგად გამოვლენილ კვალიფიციურ კანდიდატს, რომელთანაც სამინისტროს აქვს აქტიური კომუნიკაცია და მიმდინარეობს გარკვეული საკითხების დაზუსტება."

- რა ეტაპზეა ამჟამად საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები, მათ შორის ტალღმტეხელის მშენებლობა და ფსკერის დაღრმავება?

"ანაკლიის პორტის პროექტის კონტრაქტორ კომპანიასთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად მოხდა პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულების დაახლოებით 52 მილიონი დოლარით შემცირება. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Jean De Null-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტმა გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლა - დღეის მდგომარეობით, სამობილიზაციო სამუშაოები 100%-ით დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებულია. 2026 წლის აპრილიდან პროექტი უშუალოდ სამშენებლო (II) ფაზაში გადავიდა და გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს."

გაჭიანურებული მოლაპარაკებები ანაკლიის პორტის შესახებ:

2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე ერთი წელი და 11 თვე გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.

შესაბამისად, უკვე არაერთი თვეა ამ მიმართულებით სიახლე ფაქტობრივად არ ყოფილა და მთავრობა მხოლოდ აცხადებს, რომ საზოგადოებას პროექტის შესახებ "უახლოეს მომავალში" მეტ ინფორმაციას აცნობებენ, თუმცა თუ რას ნიშნავს "უახლოესი მომავალი" უცნობია. ასე მაგალითად, 2025 წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ "ძალიან მალე" ანაკლიასთან დაკავშირებით "მეტი სიცხადე" იქნებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან სამი თვის შემდეგაც მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.

2026 წელს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 50 მილიონ ლარს დახარჯავს. საუბარია 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის მიერ ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 204 მილიონი დოლარია, სწორედ აღნიშნული კონტრაქტის საფასური შემცირდა 52 მილიონი დოლარით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეხვდა თუ არა ჩინეთში ვიზიტისას მარიამ ქვრივიშვილი CCCC-ის წარმომადგენლებს? - სამინისტროს პასუხი

შეხვდა თუ არა ჩინეთში ვიზიტისას მარიამ ქვრივიშვილი CCCC-ის წარმომადგენლებს? - სამინისტროს პასუხი

BM.GE

I კვარტალში ხელფასები კომპანიების 41%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

I კვარტალში ხელფასები კომპანიების 41%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა

Mastercard-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE