
რატომ არ დაუჭირა მხარი პარტიამ "საქართველოსთვის" ფასების კომისიის შემაჯამებელ დოკუმენტს? - კერესელიძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნას მხარი არ დაუჭირა. ფრაქციის თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ფასების პრობლემის მოგვარება შეუძლებელია კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოფხვრის გარეშე.
შალვა კერესელიძემ კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ფასების კლების მთავარი წინაპირობა ჯანსაღი კონკურენციაა, რასაც, მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული კომპანიების მფარველობა უშლის ხელს.
დეპუტატის თქმით, ლობირებისა და მფარველობის გარეშე კომპანიები ვერ გაბედავდნენ იმ „არასწორ ქმედებებს“, რასაც ახლა სჩადიან.
„საქართველოში თუ გვინდა, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება ვერც ერთ შემთხვევაში თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია. სხვა შემთხვევაში ეს კომპანიები ამდენს ვერც გაბედავდნენ, ვერც მიაღწევდნენ და არც ჩაიდენდნენ ასეთ არასწორ ქმედებებს, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. ამას რეალურად მხარს უჭერთ და ზოგიერთი მფარველობთ, თორემ ამდენ ხანს ასე ვერ განვითარდებოდნენ ესენი. ბოლოს დავამთავრებ იმით, რომ ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რადგან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ეს ასე მოხდება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
უმცირესობის წევრმა სინანული გამოთქვა პროცესის გამო, რომელიც "ფასების კომისიაზე" მიმდინარეობდა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარტიის მხარდაჭერა არ აქვს დასკვნას.
"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ის სამუშაო პროცესი, რომელიც კომისიაზე მიდიოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში, უშუალოდ ამ დოკუმენტის მომზადებაში, ჩვენ ჩართული არ ვყოფილვართ. ალბათ ცალკე სამუშაო ჯგუფი იყო ამასთან დაკავშირებით შეკრებილი და კომისიის წევრები იმ ჯგუფთან ერთად მუშაობდნენ, თუ სხვა არის მიზეზი, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთს ვიტყვი, ძალიან სამწუხაროა. თუ იყო აქ კომისია, განსხვავებული აზრი, ოპოზიცია თუ პოზიცია, ალბათ დოკუმენტის შედგენის დროს და მუშაობის პერიოდშიც უნდა ყოფილიყო აზრების გაცვლა-გამოცვლა, გაზიარება და შეხედულებების დაფიქსირება.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ თვითონ დოკუმენტს. საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია 104 გვერდი, და გუშინ, როდესაც თქვენ გადმოგვიგზავნეთ დოკუმენტი, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დეტალურად გაგვეხილა. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ამის დეტალურ შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება", - განაცხადა კერესელიძემ.
საპარლამენტო კომისიამ ფასების ზრდის მიზეზად არა კომპანიების გადაჭარბებული მოგება, არამედ ბაზრის სტრუქტურული მოწყობა და არაეფექტური საოპერაციო ხარჯები დაასახელა.
კომისიის დასკვნის მიხედვით:
• პრობლემაა მიწოდების გრძელი და არაეფექტური ჯაჭვი. • საჭიროა ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების შექმნა, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს. • აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს „რბილი ჩარევის“ მეთოდი.
კომისია მიიჩნევს, რომ ფასების მკაცრი ადმინისტრირება უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს, ამიტომ რეკომენდაციას აგრესიული ჩარევის წინააღმდეგ გასცემს.
BM.GE
წყარო: bm.ge