
რატომ დაეცა Oracle-ის აქციები 62%-ით?
აშშ-ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების მორიგმა ესკალაციამ გლობალურ საფონდო ბირჟებზე მკვეთრი რყევები გამოიწვია, რის ფონზეც ორშაბათს Oracle-ის აქციების ფასი 6.5%-ით შემცირდა და ბოლო 14 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
როგორც ირკვევა, ივნისის დასაწყისიდან დღემდე ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება თითქმის განახევრდა, რამაც კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლარი ელისონის ქონება დაახლოებით $125 მილიარდით შეამცირა.
Bloomberg-ის შეფასებით, ელისონის აქტივების ღირებულება $187 მილიარდამდე შემცირდა, რის გამოც ის რეიტინგში მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
Oracle-ის აქციების ღირებულებას რაც შეეხება, კომპანიის საბაზრო შეფასება გასული წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 62%-ით არის შემცირებული და მისი საბაზრო ღირებულება ამჟამად $378 მილიარდს შეადგენს.
ინვესტორთა მზარდ შეშფოთებას კომპანიის მიერ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაწეული კოლოსალური ხარჯები იწვევს. მიმდინარე ფისკალურ წელს Oracle-ი $70 მილიარდის დახარჯვას გეგმავს, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა მიანიშნა, რომ ეს თანხა შესაძლოა კიდევ $25 მილიარდით გაიზარდოს. Melius Research-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს საინვესტიციო გეგმა შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, თუკი OpenAI ან Anthropic-ი გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდას აღარ მოითხოვენ და შეკვეთებს არ გაზრდიან.
პარალელურად, სააგენტო S&P Global-მა Oracle-ის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი გაფართოება გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი ზედმეტად ძვირია და კომპანიის ფინანსურ პოზიციებს ასუსტებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საცალო ინვესტორები OpenAI-თან გაფორმებულ $300-მილიარდიან ხელშეკრულებას, აქტივის ნაცვლად, უკვე ფინანსურ ვალდებულებად და რისკის წყაროდ განიხილავენ. აღნიშნული ხუთწლიანი შეთანხმება, რომელიც გასული წლის სექტემბერში გაფორმდა, ითვალისწინებს, რომ 2027 წლიდან Oracle-მა OpenAI უახლესი მოდელების მუშაობისთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრეებით უნდა უზრუნველყოს. თუმცა, ვინაიდან Oracle-ის სამომავლო შეკვეთების პორტფელი თითქმის მთლიანად რამდენიმე კომპანიაზეა დამოკიდებული, ბაზრის მონაწილეები სიფრთხილეს იჩენენ.
BM.GE
წყარო: bm.ge