
რატომ ეძლევათ კაზინოებს ტურნირების მოწყობისას დაჩქარებული წესით საგადასახადო შეღავათი? - შოთა ბერეკაშვილის პასუხი
საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზებისთვის კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიორგი შარაშიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მისი თქმით, საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა და დოკუმენტი დეპუტატებისთვის მხოლოდ წინა ღამით გახდა ხელმისაწვდომი, რაც კანონპროექტის სათანადოდ გაცნობის შესაძლებლობას ზღუდავს. შარაშიძემ განაცხადა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და განმარტება მოითხოვა, რატომ განიხილება კანონპროექტი დაჩქარებული წესით.
„როცა აზარტულ თამაშებთან გვაქვს საქმე, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი სიფრთხილეა საჭირო, მათ შორის დროც, იმისთვის, რომ ასეთი ცვლილებები იყოს კარგად გააზრებული. სიმართლე გითხრათ, მე პირადად ვერ მოვასწარი, იმიტომ, რომ მხოლოდ გუშინ ღამიდან გახდა ხელმისაწვდომი ჩემთვის ეს დოკუმენტი და ესეც გარკვეულ კითხვებს აჩენს ჩემთვის პირადად, ვისი ინტერესია... აქედან გამომდინარე, ვერ დავუჭერ ამას მხარს. რატომ იხილავთ ამას დაჩქარებული წესით?“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, დაჩქარებული განხილვის მიზეზი ისაა, რომ კანონპროექტი კაზინოში სტანდარტულ აზარტულ თამაშებს კი არა, საერთაშორისო ტურნირებს ეხება. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა და ტურისტული სექტორის, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში, გააქტიურებაა.
"ჩვენ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტურნირებთან ეს არის ასე რომ ვთქვათ როგორც სპორტული შეჯიბრებაა. მსგავსი ტურნირი ევროპის არაერთ ქვეყანაში ტარდება და ამის ძირითადი ასე რომ ვთქვათ თარგეტირება არის რომ ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაა. შემდეგ მონაწილეები ერთად იკრიბებიან. ათასობით მონაწილე შეიძლება იყოს განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში, როდესაც ასე რომ ვთქვათ ეკონომიკური აქტივობა ტურიზმის ნაწილში დაბალია, სწორედ ამ შემთხვევაში ხდება აღნიშნული ტურნირების ორგანიზება და ეს ხელს უწყობს დამატებით ეკონომიკურ აქტივობას. ეს არ არის პირდაპირი გაგებით, ასე რომ ვთქვათ, აზარტული თამაში", - აცხადებს ბერეკაშვილი.
ცვლილება შედის ექვს სხვადასხვა კანონში, მათ შორის საგადასახადო კოდექსში, ასევე ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონსა და ლატარიების და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ კანონში.
კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კაზინო კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენებს და ღონისძიების საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მოქმედი განაკვეთით, კლუბის თითოეულ მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კვარტალში 4 000-დან 14 000 ლარამდეა. თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს არ აღემატება ან მაგიდა მხოლოდ ასეთი ღონისძიებისთვის არ გამოიყენება, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შენარჩუნდება.
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტულ ტურნირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. სხვა ფიზიკური პირების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კი 20%-ით დაიბეგრება.
საკანონმდებლო პაკეტი სანქციებსაც ითვალისწინებს. საერთაშორისო ტურნირის მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარი იქნება, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე ტურნირის ორგანიზება ან ჩატარება 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვა შესაძლოა გაუქმდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge