
"რატომ გაატარეს მოსწავლეებმა თუნდაც ერთი დღე საფრთხის ქვეშ?" - ვანო გომურაშვილი N21 სკოლის კრიზისზე
სასკოლო სისტემაში არსებული ქაოსი, გადაწყვეტილებების არაადეკვატურობა და პრევენციული ხედვის სრული არარსებობა - ასე აფასებს განათლების სპეციალისტი ვანო გომურაშვილი ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს. ამის შესახებ ექსპერტმა "ანალიტიკას" ეთერში, N21 საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.
თბილისის N21 საჯარო სკოლაში (ყოფილი მე-6 გერმანული სკოლა) სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს, სწავლის დაწყებიდან სამ დღეში შეწყდა. გადაწყვეტილების საფუძვლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულია.
მშობლების მხრიდან დაწყებული მწვავე პროტესტის შემდეგ, განათლების სამინისტრო იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა: უწყებამ სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დააანონსა. გეგმის მიხედვით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები 2026-2027 სასწავლო წლის ბოლომდე სწავლას ისევ 21-ე სკოლის შენობაში გააგრძელებენ, პარალელურად კი ნაგებობის მდგომარეობას მუდმივი მონიტორინგი გაეწევა.
ვანო გომურაშვილის შეფასებით, 21-ე სკოლის შემთხვევა ცალკე აღებული, იზოლირებული ინციდენტი არ არის - ეს არის მთელი სისტემის სარკისებური ანარეკლი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პირველი და უმთავრესი კითხვა, რომელზეც განათლების სამინისტრომ საზოგადოებას პირდაპირი პასუხი უნდა გასცეს, ბავშვების სიცოცხლისა და უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას ეხება.
"სამხარაულის დასკვნაზე რეაგირება მხოლოდ სწავლის დაწყების შემდეგ მოხდა. თუ მივყვებით ლოგიკას, რომ ამ დოკუმენტს რეალური საფუძველი გააჩნდა და სასწავლო პროცესის შეჩერება მართლაც აუცილებელი იყო, რადგან შენობა მოსწავლეებისთვის საფრთხეს შეიცავდა, მაშინ რატომ არ განხორციელდა ეს პროცესი სწავლის დაწყებამდე?
მთავარი და ამომავალი კითხვა სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ: რატომ არ მოხდა მოსწავლეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა თავიდანვე და რატომ გაატარეს მათ თუნდაც ერთი დღე საფრთხის შემცველ სკოლაში? პირველადი დასკვნა 10 სექტემბერს გამოქვეყნდა. შესაბამისად, განათლების სამინისტროს შეეძლო, 15 სექტემბრამდე დარჩენილი ხუთი დღე მენეჯმენტისთვის გამოეყენებინა, პროცესი დაეორგანიზებინა და ალტერნატიული სივრცე მოეძებნა.
რა თქმა უნდა, ალტერნატიული სკოლის მოძიებას სერიოზული გამოწვევები ახლავს, მაგრამ მთავარი სისტემური პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილება იყო დაუგეგმავი, ნაჩქარევი, არა შედეგზე ორიენტირებული და სრულიად არათანმიმდევრული", - ამბობს გომურაშვილი.
2024 წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 47 სკოლის 21 203 მოსწავლე ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ტრანსპორტირებაზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა; 2023 წელს ამავე მიზნით 12 მილიონი გამოიყო - ორ წელიწადში ჯამში 27 მილიონი ლარი.
ვანო გომურაშვილის შეფასებით, ეს რიცხვები გაწერილი პოლიტიკისა და სტრატეგიის არარსებობაზე მიუთითებს.
"სკოლა უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო ადგილი და მოსწავლის დაცულობის მთავარი გარანტი. თუმცა, ამ პროცესებზე დაკვირვებისას ვხედავთ, რომ პოლიტიკის დონეზე არ არსებობს რეალური ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს ყველაფერი.
პოლიტიკის შემუშავების ეტაპზე აუცილებელია მკაფიოდ გაწერილი გეგმა: როდის, რა ვადით და რამდენი მოსწავლის გადანაწილება იგეგმება. წლების განმავლობაში დასახელებული ვადები მუდმივად იწევდა და იწევდა, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ რეალური შედეგის მისაღწევად ქმედითი გზა არ არსებობდა", - აღნიშნავს ექსპერტი.
"ანალიტიკას" ეთერში საუბარი განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასაც შეეხო, რომლის თანახმადაც ქვეყნის მასშტაბით დროებითი "ასაწყობი" სკოლები უნდა მოეწყოს. მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) გეგმით 750 დროებითი მოდულის (ასაწყობი საკლასო ოთახების) შესაძენად 22.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
გომურაშვილი აღნიშნულ გეგმას არა გამოსავლად, არამედ სისტემის მორიგ "სიმპტომურ მკურნალობად" აფასებს.
"ეს არ არის გამოსავალი. "ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს, მხოლოდ პრობლემის გაჩენის შემდეგ იმოქმედოს. ეს ნაბიჯებიც მიანიშნებს იმაზე, რომ გამომწვევ მიზეზებამდე კი არ მივდივართ, არამედ შედეგებზე რეაგირებით შემოვიფარგლებით. ანუ, ჩვენ ვებრძვით სიმპტომებს და არა რეალურ მიზეზებს. მუდმივმა სიმპტომურმა მკურნალობამ კი განათლების სისტემა უკვე ქრონიკული დაავადების პროცესში გადაიყვანა.
ამ ფონზე, მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც სისტემა დგება, განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და უთანასწორობის გაღრმავებაა. ჩვენ განათლების სისტემა კი არ უნდა "დავაავადოთ", არამედ პირიქით - ვუმკურნალოთ მას და ძირეულად გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც დღეს როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ისე სახელმძღვანელოების შინაარსში არსებობს", - აღნიშნავს განათლების სპეციალისტი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი.
მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge