
რატომ გაზარდა საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე? - გოგიტა თოდრაძის განმარტება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა. საქსტატის განმარტებით, გადახედვა ეკონომიკის რამდენიმე სექტორში დამატებული ღირებულების დაზუსტებულ მონაცემებს უკავშირდება. მათ შორის, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მშენებლობის სექტორის, ასევე ვაჭრობის სექტორის პარამეტრების დაზუსტებამ.
როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განმარტა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მშპ თავდაპირველად წინასწარი შეფასებით ქვეყნდება, მოგვიანებით კი უფრო სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე ზუსტდება.
„ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენიმე ეტაპად იანგარიშება. წინასწარი შეფასება სწრაფად ქვეყნდება, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია რეალურ დროში სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მისაღებად. წლიური მონაცემები კი უკვე დაზუსტებული სახით არის წარმოდგენილი და უფრო ყოვლისმომცველი და ზუსტია. ეს არის დროულობისა და სიზუსტის ბალანსი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით სტატისტიკის სამსახურები იცავენ.
დაზუსტებული მონაცემებით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 3.7%-ით მეტი აღმოჩნდა, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვება 4.6%-ით გაიზარდა. სწორედ ამან განაპირობა რეალური ზრდის მაჩვენებლის დაზუსტებაც.
დარგებს შორის ყველაზე დიდი ცვლილება ვაჭრობის სექტორშია. აღმოჩნდა, რომ ვაჭრობის ზრდა 3.8%-ის ნაცვლად 7.5% იყო. შესაბამისად, მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში გაორმაგდა და 0.6 პროცენტული პუნქტიდან 1.2 პროცენტულ პუნქტამდე გაიზარდა. დაზუსტდა ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის გამოშვება. ყურძნის მოსავალი წინასწარ პროგნოზს დაახლოებით 20-22%-ით აღემატება.
მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს: დაზუსტება არ გახლავთ შეცდომის გასწორება, ეს სტატისტიკური წარმოების სტანდარტულ, დაგეგმილ ეტაპს წარმოადგენს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 108.4 მილიარდი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინასწარი შეფასებით ეს მაჩვენებელი 104.6 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად, ნომინალური მშპ თავდაპირველ შეფასებას 3.8 მილიარდი ლარით აღემატება, წლიურმა ზრდამ კი 16.6% შეადგინა.
რეალური ზრდის მაჩვენებლის გადახედვაზე გავლენა სხვა სექტორებშიც დაფიქსირებულმა ცვლილებებმა იქონია. მაგალითად, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში წინასწარი შეფასებით არსებული 5.7%-იანი კლება 0.8%-იან ზრდად გადაიხედა. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში ზრდა 12.9%-ის ნაცვლად 15.9% იყო, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კი 8.9%-ის ნაცვლად 10.8%.
ზრდის მაჩვენებელი დაზუსტდა ასევე განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობებში, სადაც ის 5.6%-დან 8.7%-მდე გაიზარდა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში კი 5%-დან 6.5%-მდე. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 28.7%-ის ნაცვლად 28.9% შეადგინა.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდაში დარგების წვლილს, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა შეიტანა, რომელიც 2025 წელს დაახლოებით 29%-ით გაიზარდა. ამ დარგის წვლილი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში 1.8 პროცენტული პუნქტი იყო. მეორე ადგილზე ვაჭრობაა 7.5%-იანი ზრდითა და 1.2 პროცენტული პუნქტის წვლილით. მათ მოსდევს საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება.
ნომინალური მშპ-ის მოცულობის გადახედვის თვალსაზრისით ყველაზე დიდი ცვლილება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. მისი დამატებული ღირებულება თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 8.4 მილიარდ ლარს მიაღწია. ვაჭრობის სექტორის მაჩვენებელი 725.2 მილიონი ლარით, დამმუშავებელი მრეწველობის კი 564.3 მილიონი ლარით გაიზარდა.
თოდრაძის განმარტებით, 2025 წლის მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობას ეკავა - 14.9%. მას მოსდევდა დამმუშავებელი მრეწველობა 9.3%-ით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.2%-ით და მშენებლობა 8.8%-ით. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის წილი 8% იყო.
ეკონომიკური საქმიანობის სახე წინასწარი (მლნ. ლარი) დაზუსტებული (მლნ. ლარი) სხვაობა (მლნ. ლარი) ცვლილება წინასწარსა და დაზუსტებულ მაჩვენებლებს შორის: მშენებლობა 7,324 8,439 1115 15.20% საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი 13,540 14,265 725.2 5.40% დამამუშავებელი მრეწველობა 8,354 8,918 564.3 6.80% ტრანსპორტი და დასაწყობება 5,555 5,900 345.6 6.20% ინფორმაცია და კომუნიკაცია 7,370 7,671 300.9 4.10% განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდება (HoReCa) 3,702 3,988 286.1 7.70% უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 8,556 8,835 278.6 3.30% სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა 6,120 6,341 220.7 3.60% საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 4,687 4,901 214.2 4.60% ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება 1,078 1,192 114.7 10.60% სხვა დანარჩენი დარგები (ჯამურად) 25,472 25,103 -368.9 -1.40%
ამასთან, საქსტატმა გადაიანგარიშა მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებელიც. დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს ის 27 546.9 ლარს, ანუ დაახლოებით 10 045.5 აშშ დოლარს გაუტოლდა. ცვლილება უკავშირდება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების განახლებას. შესაბამისად, ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლები აღნიშნული პერიოდიდან გადაიხედა.
BM.GE
წყარო: bm.ge