
რატომ გეგმავს პოლონეთის პრეზიდენტი კონსტიტუციის გადასინჯვას?
პოლონეთის ნაციონალისტმა პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ქვეყნის კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სპეციალური საბჭო შექმნა. როგორც ირკვევა, ახლად შექმნილ ორგანოში ის პირები შევიდნენ, რომლებიც პარტია „კანონსა და სამართლიანობასთან“ თანამშრომლობენ. არსებული ინფორმაციით, საბჭომ კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი 2030 წლამდე უნდა მოამზადოს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სიმბოლურად, პოლონეთის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მიიღო. ნავროცკის განცხადებით, პროცესში მონაწილეობის მისაღებად ყველა საპარლამენტო ჯგუფია მიწვეული.
როგორც ირკვევა, ძირითადი ცვლილებები იმ მუხლებს უნდა შეეხოს, რომლებშიც ყურადღება პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და სუვერენიტეტის დაცვას ეხება. პოლონეთის პირველი პირი პირობას დებს, რომ ქვეყანაში ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს და ევროკავშირის წინაშე პოლონეთის პოზიცების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ასევე, ნავროცკი აანონსებს, რომ "ახალი თაობის კონსტიტუცია" პრეზიდენტის უფლებამოსილებებს გაზრდის და საპარლამენტო ძალაუფლების დაბალანსებას უზრუნველყოფს.
ამ ინიციატივას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს ახალ დოკუმენტზე მუშაობის ნაცვლად, მოქმედი კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდა. აქვე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ნაციონალისტ პრეზიდენტსა და პროევროპულ მთავრობას შორის პოლიტიკური დაპირისპირება გასული წლიდან, ნავროცკის გამარჯვებიდან დღემდე გრძელდება.
ცნობისთვის, არსებული კანონმდებლობით, კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტის ქვედა პალატის ხმების ორი მესამედი და სენატის აბსოლუტური უმრავლესობა სჭირდება. ორივე ორგანოს ამჟამად ლიბერალური კოალიციური მთავრობა აკონტროლებს. შესაბამისად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნავროცკის სურვილი მიუღწეველი დარჩება მაშინაც კი, თუ საბჭო განახლებულ დოკუმენტს წარადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge