
რატომ გუდაური? - NOA-ს თანადამფუძნებელი რეგიონის უპირატესობებსა და Pontus Rotana-ს ახალ პროექტზე
საქართველოში პირველად, Rotana-ს ბრენდის პირველ სამთო-სათხილამურო სასტუმროს პროექტზე იტალიური არქიტექტურული ბიურო, NOA იმუშავებს. Pontus Development-თან პარტნიორობასა და პროექტის დეტალებზე, დიზაინის კონცეფციასა და საქართველოში მუშაობის გამოცდილებაზე NOA-ს თანადამფუძნებელმა, ლუკას რანგერმა BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ისაუბრა.
"ეს ჩვენი "პირველი შვილია", როგორც ხანდახან ჩვენს პროექტებს ვეძახით ხოლმე. გარკვეულწილად ძალიან ემოციური დასაწყისი იყო, რადგან ჩვენ არა უბრალოდ იდეებს ვავითარებთ, არამედ რეალურად ვასრულებთ და სიცოცხლეს ვმატებთ მათ. ამას მთელ გუნდს შორის კარგი "ქიმია" სჭირდება – დამკვეთებს, Pontus-ს, Rotana-ს გუნდსა და ჩვენს გუნდს შორის. ერთად ვიპოვეთ გზა, მოხდა ეს "კლიკი" იმ გაგებით, რომ ვიგრძენით, ეს გუნდური მუშაობაა და ეს გუნდურობა ძალიან გაბედულ და გამორჩეულ შედეგებს იძლევა", - განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა საპროექტოდ გუდაური, NOA-ს თანადამფუძნებელმა განმარტა, რომ კურორტის გარემო და სეზონურობა იტალიურ დოლომიტებს ჰგავს. თუმცა, მისივე თქმით, პროექტი კულტურულად ახალი გამოწვევაა, რაც შემოქმედებითი ბიუროსთვის დამატებით ინტერესს წარმოადგენს.
"რატომ გუდაური? – გარკვეულწილად ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, როცა ალპებსა და დოლომიტებში ვიზრდებოდი, რაც ძალიან სპეციფიკური სათხილამურო კურორტია. თითქოს თავი სახლში ვიგრძენი. რა თქმა უნდა, არის პარალელები. ეს არ არის მხოლოდ ლანდშაფტი, ეს სეზონების ცვალებადობაა...
ამავდროულად, კულტურულად, რა თქმა უნდა, ბევრი განსხვავებაა. როგორც შემოქმედებითი სტუდია, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბევრად უფრო დაინტერესებულები ვართ კომფორტის ზონიდან გამოსვლით და ახალი რეგიონების აღმოჩენით", - აღნიშნა რანგერმა.
არქიტექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სიახლეების მიმართ განსაკუთრებული ღიაობით გამოირჩევა.
"დიზაინის პროცესში ამჟამად დიდი თავისუფლება გვაქვს. საქართველოს ხოლმე ძალიან "მშიერ" ქვეყანას ვადარებ იმ გაგებით, რომ თქვენ ძალიან ღია ხართ სიახლეების მიმართ, მაშინ როცა ევროპის სხვა ქვეყნები ასე არ არიან. არის მოთხოვნილება იმისა, რომ შეიქმნას რაღაც გამორჩეული და დასამახსოვრებელი, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ გადაჭარბებული არ მოგვივიდეს და ზედმეტად ამოვარდნილი არ ვიყოთ გარემოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კავშირს დავკარგავთ. გუდაური ერთგვარად გადაშლილი წიგნია და ჩვენ მასში ისტორიების წერას ვაგრძელებთ", - განაცხადა ლუკას რანგერმა.
შენობის არქიტექტურულ კონცეფციაზე საუბრისას, რანგერმა აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი იდეა გარემოსთან დიალოგია. პროექტის მიზანია, შენობა ორგანულად დაუკავშირდეს გარემოს და ვიზიტორს განსხვავებული გამოცდილება შესთავაზოს.
"ეს არის შენობის აღქმა, როგორც რაღაც ისეთის, რაც ყველა სივრცეს ერთმანეთთან აკავშირებს... ეს არის რაღაც, რაც უნდა აღმოაჩინო. რას ვაკეთებთ, როცა ბუნებაში გავდივართ? გარკვეულწილად, ეს არის მთელი პროექტის ე.წ. ლაიტმოტივი – შენობა, რომელიც უნდა აღმოაჩინო, სადაც ყოველი ნაბიჯი და ყოველი კუთხე იცვლება. ასე რომ, ეს არის ნამდვილი არქიტექტურული "პარკური", - განაცხადა ლუკას რანგერმა.
BM.GE
წყარო: bm.ge