
რატომ იზრდება მოთხოვნა თბილისის უძრავ ქონებაზე, რომელი უბნებია ყველაზე პოპულარული და რა სურთ მყიდველებს - MyCorner.ge-ს შეფასება
თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. როგორც საკონსულტაციო-საბროკერო კომპანია MyCorner.ge-ს დამფუძნებელმა თამო წოწორიამ BM.GE-ს ეთერში განაცხადა, მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მომხმარებლების დამოკიდებულებაა, რომლებიც თავისუფალი თანხის დაბანდებისას უპირატესობას უძრავ ქონებას ანიჭებენ.
ის აღნიშნავს, რომ ბაზარზე აქტიურ მყიდველებს შორის არიან როგორც ახალშექმნილი ოჯახები, ისე რეგიონებიდან დედაქალაქში საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანები.
„ადამიანებისთვის დღესდღეობით ყველაზე სანდო ფულის დაბანდების გზად ისევ და ისევ უძრავი ქონება ითვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამავდროულად, თბილისში ძირითადად ახალი ოჯახები და რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები არიან, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა სურთ. მოთხოვნა უმეტესწილად ამ ადამიანებისგან მოდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერულმა კომპანიებმა ბოლო წლებში გადახდის საკმაოდ მოქნილი გრაფიკები შემოგვთავაზეს. ზოგადად, წინასწარი შენატანის გარეშეც კი შეგვიძლია ბინის შეძენა, რაც ადრე თითქმის შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ადამიანები კვლავ მიიჩნევენ, რომ თუ რაიმე ღირებული უნდა შეიძინონ და ამის შესაძლებლობა აქვთ, პირველ რიგში, ეს უძრავი ქონებაა“, – განაცხადა თამო წოწორიამ.
მისი შეფასებით, თბილისში გაყიდვების რაოდენობით რამდენიმე კვარტლის განმავლობაში დიდ დიღომსა და საბურთალოს უბნები გამოირჩევა.
„დიდ დიღომსა და საბურთალოს გამოვყოფდი. საბურთალო იმიტომ, რომ აქ ძირითადად თავმოყრილია ბიზნესცენტრები და ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო სამუშაო გარემო. დიდ დიღომში კი მოთხოვნას, ვფიქრობ, ისევ ფასები განაპირობებს, რადგან ის შედარებით ხელმისაწვდომ უბნად ითვლება და განაშენიანება დღითი დღე იზრდება. საბოლოოდ, დიდ დიღომის შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ფასია, საბურთალოზე კი – ლოკაცია, რომელსაც უძრავი ქონების ბაზარზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა მან.
თამო წოწორიას თქმით, მზარდი მოთხოვნის მიმართულებით ყურადღებას ორთაჭალაც იქცევს. მისი განმარტებით, უბანში მაღალი ხარისხის მშენებლობები ხორციელდება, ხოლო ისტორიულ თბილისთან სიახლოვე მის მიმზიდველობას ზრდის.
„ორთაჭალას გამოვყოფდი, გამომდინარე იქიდან, რომ აქ საკმაოდ მაღალი ხარისხის მშენებლობებია და უბანი ძველ თბილისთან, ისტორიულ ნაწილთან ახლოს მდებარეობს. ფასებიც მზარდია. თუ წინა წლებს გადავხედავთ, დაახლოებით 200-300 დოლარით საშუალოდ გაიზარდა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მზარდი უბანია, სადაც უძრავი ქონება საკმაოდ გაყიდვადია“, – განაცხადა MyCorner.ge-ს დამფუძნებელმა.
ბაზარზე ცვლილებები შეინიშნება უცხოელი მყიდველებისა და ქართველი ემიგრანტების მხრიდანაც. წოწორიას შეფასებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი ინვესტორების ინტერესი იზრდება, მათ შორის განსაკუთრებით გამოყოფს ისრაელიდან დაინტერესებულ მყიდველებს. ამასთან, უძრავი ქონების შეძენით ინტერესდებიან როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნებიდან.
„ძირითადი ინვესტორები, პროცენტულად რომ შევაფასოთ, მაინც ისრაელიდან არიან და მათი როლი უძრავი ქონების ბაზრის ზრდის ტენდენციაში მნიშვნელოვანია. ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ამ ქვეყნიდან. ასევე გამოვყოფდი აზიისა და ევროპის ქვეყნებს. მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტების ინტერესიც, რომლებსაც საქართველოში უძრავი ქონების შეძენა სურთ, თუმცა თავად ქვეყანაში არ იმყოფებიან და სჭირდებათ სანდო პარტნიორი, რომელიც მათთვის შესაბამის ქონებას შეარჩევს და დეველოპერის სანდოობასაც გადაამოწმებს“, – აღნიშნა მან.
წოწორიას განცხადებით, იცვლება მყიდველების მოთხოვნებიც. თუ ადრე საცხოვრებელი კომპლექსის არჩევისას ძირითადი ყურადღება შენობასა და მის მდებარეობაზე იყო გამახვილებული, დღეს მომხმარებლები დამატებით ინფრასტრუქტურასა და ყოველდღიური ცხოვრების კომფორტთან დაკავშირებულ დეტალებსაც ითვალისწინებენ. მათთვის მნიშვნელოვანია გამწვანებული და იზოლირებული ეზო, ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები და ისეთი დამატებითი სერვისები, როგორიცაა, მაგალითად, ჭკვიანი კარის საკეტი.
„მომხმარებელი დღეს მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და იმ გარემოს არ აკვირდება, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის საჭირო. მნიშვნელოვანია, დეველოპერს დამატებითი ბენეფიტებიც ჰქონდეს. მაგალითად, ჭკვიანი კარის საკეტი, რაც მცხოვრებლების ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის. დეველოპერებს, რომლებიც ასეთ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, საკმაოდ დიდი მოთხოვნა აქვთ. მომხმარებელი ფიქრობს, რომ ამით დეველოპერი მის ყოველდღიურ კომფორტზე ზრუნავს. შესაბამისად, მხოლოდ რეკრეაციული სივრცის მოწყობა ან კორპუსის აშენება აღარ არის საკმარისი – მომხმარებელი დეტალებზე მეტად ორიენტირებული გახდა“, – განაცხადა თამო წოწორიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge