
რატომ შეაჩერა Google-მა ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობა?
Google-ს ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეჩერება დაევალა. როგორც ირკვევა, ფინეთის სალიცენზიო და საზედამხედველო სააგენტომ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას მუხოსისა და კაიაანის ლოკაციებზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დასრულებამდე იმოქმედებს. უწყებაში განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები ბუნებრივ გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მშენებლობის პროცესის გაგრძელება დაუშვებელია.
რაც შეეხება შეჩერებულ პროცესებს, სააგენტოს გადაწყვეტილება ხეების მოჭრას, მიწის ზედა ფენის დამუშავებას და გზების მშენებლობას ეხება. საყურადღებოა, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ სამუშაოებზე, რომელთა ნეგატიური გავლენის აღმოფხვრაც მარტივად ხერხდება.
აღსანიშნავია, რომ Google-ის წარმომადგენლობამ მარეგულირებელი ორგანოს შენიშვნები სრულად გაიზიარა.
ცნობისთვის, სულ რაღაც ერთი თვის წინ Google-მა ქვეყნის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში $15-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ამ თანხით ამერიკულმა გიგანტმა ფინეთში ულტრა-მძლავრი მონაცემთა ცენტრები უნდა ააშენოს, რომლებიც ევროპის რეგიონს მოემსახურებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge