
რატომ შემცირდა ბიტკოინის ფასი $67,000-ს დოლარამდე?
ბოლო ორი დღეა, კრიპტობირჟებზე მნიშვნელოვანი კორექცია შეინიშნება. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება აპრილის შემდეგ პირველად $70,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა. მისი ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა და ამჟამად, დაახლოებით $66,900-ად ივაჭრება.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული ნეგატიური ტენდენცია სხვა აქტივებზეც გავრცელდა. კერძოდ, ეთერიუმის ფასი 4.7%-ით შემცირდა, ხოლო კრიპტოინდუსტრიაზე ორიენტირებული კომპანიების აქციების ღირებულება დაეცა. მაგალითად, Strategy-ს აქციები 9%-ით გაუფასურდა, ხოლო Galaxy-მ 5.9% დაკარგა. 4.7%-ით შემცირდა Coinbase-ის საბაზრო კაპიტალიზაციაც.
რაც შეეხება მიზეზს, ბაზარზე მასობრივი პანიკა კომპანია Strategy-ს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2022 წლის შემდეგ პირველად საკუთარი სარეზერვო ბიტკოინების მცირე ნაწილი გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი წინასწარ იყო დაანონსებული, ინვესტორები მაიკლ სეილორის პოზიციის შეცვლამ შეაშინა. კომპანიის დამფუძნებელი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ის კრიპტოვალუტას არასდროს გაყიდდა. ამ მოვლენამ კი ბაზარზე ტრეიდერების პოზიციების მასობრივი ლიკვიდაცია გამოიწვია. CoinGlass-ის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში პლატფორმებმა ავტომატურად $594 მილიონის ღირებულების პოზიციები დახურეს. სიცხადისთვის, როდესაც ფასის ზრდაზე ფსონის დამდები ტრეიდერები ზარალდებიან, ბირჟები დანაკარგის დასაფარად მათ აქტივებს ყიდიან.
რაც შეეხება ფართო კონტექსტს, ინდუსტრიაში არსებული გაურკვევლობა ამერიკისა და ირანის ომს უკავშირდება. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ბიტკოინის, როგორც „ციფრული ოქროს“ სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს მაშინ, როცა გასული წლის ოქტომბერში ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და $126,000-ს გადააჭარბა.