
"რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?!"| სანდრო ურუშაძე - DRG მოდელზე
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე მიიჩნევს, რომ DRG-ს სისტემაში ტარიფების გადახედვა არა კლინიკების მიმართვის ან განგაშის საფუძველზე, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტატისტიკური მონაცემების პერიოდული ანალიზის გზით უნდა ხდებოდეს.
მისი განმარტებით, DRG სტატისტიკური მეთოდოლოგიაა, რომელიც გულისხმობს კონკრეტული დიაგნოზების მიხედვით გაწეული ხარჯების გამოთვლას და როდესაც ქვეყანაში იცვლება ეკონომიკური პარამეტრები, — იქნება ეს ინფლაცია, სახელფასო რეგულაციები, მედიკამენტების, სახარჯი მასალების თუ ელექტროენერგიის გაძვირება, — ეს ბუნებრივად აისახება კლინიკების ხარჯებზე, რასაც სამინისტრო თავისთავადაც უნდა ხედავდეს:
„ცოტა გაკვირვებული ვარ იმით, ახლა როგორც მუშაობს სისტემა: რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?! თუ სამინისტრო ხედავს დინამიკას და შეუძლია, დასკვნა გააკეთოს, კლინიკებმა რომც არ მიმართონ, პერიოდულად სამინისტრო უნდა აკეთებდეს ამის ანალიზს, უნდა აკეთებდეს გადახედვას და აკეთებდეს ანალიტიკას – საჭიროა თუ არა ფასების გაზრდა, საჭიროა თუ არა ინდექსაცია ამ ღირებულების. წესით, ასე უნდა მუშაობდეს სისტემა“, - აცხადებს სანდრო ურუშაძე "საქმის კურსთან“ საუბარში.
რაც შეეხება უშუალოდ ჰოსპიტალურ სექტორსა და DRG სისტემას, ყოფილი მინისტრი სამ ძირითად „სუსტ რგოლს“ გამოყოფს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და დაბალანსება სჭირდება:
• სტატისტიკიდან ამოვარდნილი (მაღალხარჯიანი) შემთხვევები: როდესაც პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება (მაგალითად, ინტენსიურ თერაპიაში) და ხარჯი მნიშვნელოვნად აჭარბებს საშუალო ტარიფს; • კლინიკების დონეების სხვაობა: როდესაც სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის კლინიკები (მაგალითად, მაღალტექნოლოგიური და საუნივერსიტეტო) ერთი და იგივე ტარიფით ფინანსდებიან; • მძიმე და მულტიპროფილური პაციენტები: შემთხვევები, როდესაც პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დიაგნოზით ხვდება და მუდმივად მეტ რესურსსა და ყურადღებას მოითხოვს.
ურუშაძის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში DRG სისტემაში მსგავსი არასტანდარტული და მაღალხარჯიანი შემთხვევების დაბალანსების ორი ძირითადი გზა არსებობს:
ცალკე ანაზღაურება: განსაკუთრებით რთული და ხანგრძლივი შემთხვევები გამოიყოფა სტანდარტული პაკეტიდან და მათი დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება;
ხარჯების გასაშუალოება: გამართული და ზუსტი სტატისტიკის პირობებში ხდება ამ ფლუქტუაციების (მერყევობის) გასაშუალოება და საერთო ტარიფებში გათვალისწინება, რაც ასევე სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს კლინიკების, დიაგნოზებისა თუ კონკრეტული შემთხვევების მიმართ.
ცნობისთვის, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის დაფინანსების DRG მოდელი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფების სისტემის ამოქმედებიდან 4 წლის თავზე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ფიქსირებული ტარიფების გადახედვას ითხოვენ.
BM.GE
წყარო: bm.ge