მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ უყურებენ "თიბისი კაპიტალში" სკეპტიკურად საწვავზე აქციზის შემცირებას?|მოსაზრება
რატომ უყურებენ "თიბისი კაპიტალში" სკეპტიკურად საწვავზე აქციზის შემცირებას?|მოსაზრება

რატომ უყურებენ "თიბისი კაპიტალში" სკეპტიკურად საწვავზე აქციზის შემცირებას?|მოსაზრება

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 17:25|bm.ge

„თიბისი ჯგუფის” უფროსი ეკონომისტის ნიკოლოზ ზურაბიშვილის შეფასებით, საწვავზე აქციზის შემცირების ინიციატივა საკმაოდ კომპლექსურია და ამ ნაბიჯის ეფექტიანობაზე ცალსახად დადებითი დასკვნის გამოტანა გამართლებული არ არის.

ამ თემაზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა საგარეო ფაქტორებით, კერძოდ კი, ნავთობის გაძვირებით 5.9%-მდე დაჩქარებული ინფლაციის საპასუხო ღონისძიებებს.

საქმე ის არის, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მერყეობისა და საგარეო შოკებით გამოწვეული ინფლაციური წნეხის ფონზე, პერიოდულად აქტიურდება დისკუსია - ხომ არ სჯობს მთავრობამ საწვავზე აქციზის განაკვეთი დროებით შეამციროს ან გააუქმოს.

საქართველოში ბენზინზე მოქმედებს ფიქსირებული საგადასახადო განაკვეთი — 500 ლარი 1 ტონაზე. ლიტრებში გადაყვანისას (სიმკვრივის გათვალისწინებით) აქციზის წილი 1 ლიტრზე დაახლოებით, 37 თეთრს შეადგენს.

ნიკოლოზ ზურაბიშვილის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითის გაანალიზება აჩვენებს, რომ საწვავზე აქციზის შემცირებას ყოველთვის მოსალოდნელი შედეგი არ მოაქვს.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში აქციზზე დაწესებული მინიმალური ზღვარი, დაახლოებით, სამჯერ მაღალია, ვიდრე აქციზის განაკვეთი საქართველოში. შესაბამისად, ევროპულ ქვეყნებს განაკვეთის შემცირება უფრო მაღალი დონიდან იწყებდნენ და ბევრად მეტი ფისკალური სივრცე ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირშიც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს ნაბიჯი – რამდენიმე თვეში მათ აქციზი ისევ გაზარდეს. გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შეღავათი ბოლომდე არ გადაეცა საბოლოო მომხმარებელს: ფასი ნაწილობრივ კი შემცირდა, თუმცა გარკვეული ნაწილი კომპანიების მარჟებში წავიდა“, - განმარტა მან.

„თიბისი ჯგუფის” უფროსი ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ თეორიულად საქართველოს აქვს ფისკალური სივრცე მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ბიუჯეტის დეფიციტი დაბალ ნიშნულზეა (დაახლოებით 1.5%-2%-ის ფარგლებში, რაც 3%-იან ზღვართან შედარებით საკმაოდ დაბალია), თუმცა მთავარი კითხვა ის არის, რამდენად სამართლიანად გადანაწილდება ეს სარგებელი.

„თუ გვინდა, სოციალური ეფექტი გავითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, ვინ ისარგებლებს ამ შეღავათით - ბუნებრივია, ის ადამიანები, რომლებიც ამ პროდუქტს ყველაზე მეტად მოიხმარენ. ეს კი შესაძლოა არ იყოს ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება - სარგებელი შესაძლოა უფრო მეტად მაღალშემოსავლიან ოჯახებზე გავრცელდეს, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ ავტომობილებს… ამიტომ იმის თქმა, რომ აქციზის შემცირება სწორედ იმ სოციალურ ჯგუფს დაეხმარება, რომლის მხარდაჭერაც პოლიტიკის მიზანია, ბოლომდე მართებული არ იქნება“, - აღნიშნა მან.

დამატებითი არგუმენტი, რის გამოც „თიბისი კაპიტალში“ აქციზის შემცირებას სკეპტიკურად უყურებენ, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკის აცდენის რისკია.

„აქციზის შემცირების საკითხი ეროვნული ბანკის მიზნებთან გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის - მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ცდილობს მოთხოვნის შეზღუდვას ინფლაციის მოთოკვის მიზნით, საგადასახადო განაკვეთის შემცირება, პირიქით, მოთხოვნის წახალისებას დაეხმარებოდა. შესაბამისად, ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. ვერ ვიტყვით, რომ აქციზის შემცირება ცალსახად არასწორი ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ის აუცილებლად მიაღწევდა დასახულ ანტიინფლაციურ და სოციალურ მიზნებს“, - განაცხადა „თიბისი ჯგუფის” უფროსმა ეკონომისტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE